Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები კონსტიტუციასა და პარლამენტის რეგლამენტში


საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კონსტიტუციაში დამატებას, რომელიც სადეპუტატო მანდატის აღდგენას ითვალისწინებს იმ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის, რომელთაც 2008 წლის ივნისში სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვეს. საკონსტიტუციო ცვლილების პარალელურად, გარდამავალი დებულების სახით, ცვლილება შედის პარლამენტის რეგლამენტშიც.

კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ვერ იქნება აღწერილი დეტალური პროცედურა.ამისათვის პარლამენტის სხდომამ დაგვავალა დებულების სახით შემოვიღოთ ერთჯერადი ნორმა პროცედურის შესახებ,- გვითხრა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილმა, რომელსაც პროცედურის განმარტება ვთხოვეთ:

„ის პიროვნება, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას დაბრუნდეს პარლამენტში, განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს; პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შესული განცხადება გადმოეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს; კომიტეტის დასკვნის შემდეგ, პირველსავე, ანუ უახლოეს, პლენარულ სხდომაზე მოხდება დადგენილებით უფლებამოსილების ცნობა ამ ადამიანისათვის.“

პროცედურა, რომელიც პრაქტიკულად უკვე შეჯერებულია საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ კომიტეტებში, პარლამენტსგარეთა ოპოზიციის იმ 10 პოლიტიკოსისათვისაა განკუთვნილი, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მოტივით ნებაყოფლობით თქვეს უარი დეპუტატობაზე.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე პირველი იყო მათ შორის, ვინც 2008 წლის 7 ივნისს, ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს, საჯაროდ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, მაკრატლით დაჭრა დეპუტატის მანდატი. მას სხვებმაც მიჰბაძეს. ამ ადამიანების საერთო რაოდენობა 12-ია. დავით გამყრელიძისა და დავით საგანელიძის ადგილმონაცვლეები ვაკისა და დიდუბის ოლქებიდან უკვე არჩეულნი არიან. შესაბამისად, საკონსტიტუციო დამატების თანახმად, 2010 წლის 1 იანვრამდე მანდატების აღდგენაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ პროპორციული წესით არჩეულ შემდეგ ოპოზიციონერებს: ლევან გაჩეჩილაძეს, კობა დავითაშვილს, ეკა ბესელიას, გუბაზ სანიკიძეს, გიორგი ხაინდრავას, კონსტანტინე გამსახურდიას, ირაკლი იაშვილს, მამუკა კაციტაძეს, ფიქრია ჩიხრაძესა და ზვიად ძიძიგურს. მიიღებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტის გამოწვევას? - ამ შეკითხვით ზვიად ძიძიგურს მივმართეთ.

„ჩვენ არ ვაპირებთ გადაწყვეტილების შეცვლას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთგვარი გარიგება, რომელშიც არ შევალთ ხელისუფლებასთან არავითარ შემთხვევაში. კონსერვატორებს გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიგვიღია. აქედან გამომდინარე, არ ვაპირებთ მის რევიზიას. განვაგრძობთ მოთხოვნას ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ბალანსის აღსადგენად და მოსახლეობის განწყობის სწორად გამოსახატად საკმარისი არ არის პარლამენტში 10 ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდეს“, - ამბობს კონსერვატორთა ლიდერი ზვიად ძიძიგური.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ოპოზიციის კუთვნილი საპარლამენტო მანდატების აღდგენის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ პარტია „თავისუფლებაში“. თუმცა, როგორც პარტიის წევრმა სანდრო ბრეგაძემ გვითხრა, კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში დაბრუნება რამდენიმე გარემოებაზე იქნება დამოკიდებული. მათგან გადამწყვეტი ფაქტორი ხალხის მოსაზრებაა:

„ვაპირებთ ეროვნულ ძალთა გაერთიანების ყრილობის ჩატარებას, სადაც ხალხს დავეკითხებით. რა გადაწყვეტილებასაც ყრილობა მიიღებს, იმისდა მიხედვით ვიმოქმედებთ. ეს დამოკიდებული იქნება კიდევ ბევრ ფაქტორზე. თუ რაიმე ხელშესახები შედეგი იქნება, მაშინ ღირს პარლამენტში შესვლაზე ფიქრი, თუ არ იქნება, მაშინ არ ღირს.“

ის, რომ პრეზიდენტის ინიციატივა, აღუდგეთ მანდატები 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციონერებს, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა სამართლებრივი, სადავო არც მმართველ პარტიაშია.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიზანია, პარლამენტი პოლიტიკური დებატების ადგილად იქცეს.
XS
SM
MD
LG