Accessibility links

აფხაზურმა სამღვდელოებამ გამოაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყო


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი და აფხაზი სასულიერო პირი ბესარიონ აპლია

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი და აფხაზი სასულიერო პირი ბესარიონ აპლია

აფხაზურმა სამღვდელოებამ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ”აფხაზეთი არ შეიძლება იყოს საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიამ, რომელიც შედის საქართველოს საკათალიკოსოს შემადგენლობაში, შეწყვიტა თავისი არსებობა”, - განაცხადა ახლახან, აფხაზთა სამღვდელოების სახელით, ბესარიონ აპლიამ. მისივე თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ეპარქიას ამიერიდან აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია ეწოდოს. აპლიას განცხადებას გამოეხმაურნენ თბილისშიც და მოსკოვშიც. რუსეთის საპატრიარქოში თქვეს, რომ პატივს სცემენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს და არ მიესალმებიან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფას საქართველოს ეკლესიის შემადგენლობიდან.

რუსეთის საპატრიარქო სოხუმში მიღებულ გადაწყვეტილებას არ მიესალმა. გადაწყვეტილება კი აფხაზეთში მოღვაწე მართლმადიდებელმა მღვდლებმა 15 სექტემბერს მიიღეს. არადა, ჩვენ მიერ ხსენებულმა ბესარიონ აპლიამ, რომელსაც აფხაზური და რუსული წყაროები მღვდელმთავრად მოიხსენიებენ, მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას თქვა:

”ამ ეტაპზე ლაპარაკია ავტონომიური უფლებების აღდგენაზე. არაფერს ვამბობთ ავტოკეფალიაზე, რადგან იმისთვის, რომ ეკლესიამ ავტოკეფალიას მიაღწიოს, ის უნდა გაიზარდოს. მომავალში ვაპირებთ რუსეთის ეკლესიას მასთან მიერთების თხოვნით მივმართოთ. ჩვენ აღვადგინეთ ისტორიული სიმართლე. დარწმუნებული ვართ რუსეთის ეკლესია დაგვეხმარება და ჩვენს სიმართლეს საქართველოს ეკლესიაც აღიარებს.”

მაგრამ როგორია ეს „ისტორიული სიმართლე“? ბესარიან აპლიამ ახსენა რუსეთის ეკლესიასთან მიერთების გეგმა. ეს გეგმა კი ძველია და მის ხორცშესხმას რუსეთის ეკლესია და მასთან ერთად მისი ხელისუფლება მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან ცდილობდა. მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში აღდგა აფხაზეთის საეპისკოპოსო და მას 1885 წლამდე ქართველი მღვდელმთავრები განაგებდნენ. 1885 წლიდან კი სოხუმის ეპარქიის სახელით აღმდგარ აფხაზეთის ეპარქიას სათავეში ანტიქართული ორიენტაციის რუსი ეპისკოპოსები ჩაუყენეს. რუსეთის მაშინდელი ხელისუფლების გეგმაც აფხაზეთში ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების გაღვივება იყო და უკვე მეოცე საუკუნეში, როცა დადგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, რუსეთის წმინდა სინოდისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ეპარქიის დედაეკლესიისგან ჩამოშორება განიზრახეს.1914 წელს სერიოზული მცდელობა იყო აფხაზეთის ეპარქიის რუსეთის სინოდის დაქვემდებარებაში შეყვანისა და ის აფხაზმა პატრიოტებმა აღკვეთეს. თბილისში ჩამოსულ მეფისნაცვალს წარედგინა პეტიცია, აფხაზეთის ეპარქიის რუსეთის სინოდისთვის დაქვემდებარების გეგმაზე ხელის აღების მოთხოვნით. პეტიციის ტექსტის ავტორი ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე გიორგი შერვაშიძე იყო.

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მოწვეულ პირველ საეკლესიო კრებაზე აღადგინეს ხელახლა აფხაზეთის ეპარქია და მის მწყემსმთავარს ცხუმელ-ბედიელი უწოდეს. რუსეთის ეკლესიის სინოდი ცდილობდა უგულებელეყო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია და სოხუმის ოლქში რუსი ეპისკოპოსი დაეტოვებინა. 1919 წელს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია ცხუმელ-ბედიელად იქნა გადაყვანილი. მეტს აღარ მოვყვებით. 10 წელზე მეტ ხანს აფხაზეთის ეპარქიის მწყემსმთავარი იყო საქართველოს ამჟამინდელი პატრიარქი ილია მოერე. 16 სექტემბერს მან ასე უპასუხა აფხაზი მღვდლის, ვინმე ბესარიონ აპლიას, განცხადებას იმის შეხებ, რომ აფხაზეთის ეპარქია არ შეიძლება შედიოდეს და არც შედის ქართული ეკლესიის დაქვემდებარებაში:

”აფხაზეთის სასულიერო პირების განცხადება არასერიოზულია და ჩვენ სერიოზულად არ უნდა მივიღოთ იგი. არავის არა აქვს უფლება გამოაცხადოს დამოუკიდებლობა, დედაეკლესიის გარდა. ”

არასერიოზულად წოდებულ განცხადებას აფხაზეთის სასულიერო პირებისას მოსკოვიდან უპასუხეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას, რომელშიც შედის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. განცხადება მოსკოვის პატრიარქის საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, არქიეპისკოპოსმა ილარიონმა გააკეთა. მანვე ზუსტად ორიოდე დღის წინ ისაუბრა იმაზე, თუ რა ძალა შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ქართველებისა და რუსების შერიგების საქმეში და ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთის საპატრიარქო მზადაა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკლესიის ტერიტორიის გადაწყვეტას. ერთია ეს დამოკიდებულება და მეორე ის, რაც რუსეთის პატრიარქის, კირილის, სეპარატისტული რეჟიმების მეთაურებისადმი მიმართვებში იკვეთება. რუსეთის პატრიარქმა თებერვალში რუსეთის საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში მადლობა გადაუხადა სერგეი ბაღაფშს მისი აღსაყდრების მილოცვის გამო და ის პრეზიდენტად მოიხსენია.
XS
SM
MD
LG