Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ლორთქიფანიძე: პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გაათავისუფლა


ერთი პოლიციელის მკვლელობაში და ორი პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი რატი რეხვიაშვილი ციხიდან შეწყალების კომისიის რეკომენდაციით არ გათავისუფლებულა, - ამ შინაარსის განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აკეთებს. დეპუტატის მტკიცებით, რეხვიაშვილი გასული წლის დეკემბერში ციხიდან პირადად პრეზიდენტის ნებით გამოვიდა და ის ერთ-ერთია იმ 300-ს ყოფილ პატიმარს შორის, რომლებიც პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გაათავისუფლა. ამ ფაქტის გამო, დიმიტრი ლორთქიფანიძე პასუხისმგებლობას პირადად პრეზიდენტს აკისრებს და მოითხოვს, რომ დასახელდეს იმ 300 პატიმრის სიის შემდგენელთა ვინაობა. თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი, განაცხადა, რომ საჭიროა სერიოზულად ”გადაიხედოს” შეწყალების პოლიტიკა, რადგანაც შეწყალებულების ”დიდი, სერიოზული ნაწილი” ისევ ”ბრუნდება დანაშაულის გზაზე”. ამ შინაარსის განცხადება პრეზიდენტმა გააკეთა 16 სექტემბერს, როდესაც საავადმყოფოში დაჭრილი პოლიციელები მოინახულა. რატი რეხვიაშვილმა 16 სექტემბერს, უზნაძის ქუჩაზე დანით დაჭრა სამი პოლიციელი, რომელთაგანაც ერთი - გივი აფციაური - მალევე გარდაიცვალა. დანარჩენი ორი - გიორგი თაბორიძე და მიხეილ ბარამიძე - მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ. არსებული ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გივი აფციაური, მიხეილ ბარამიძე და გიორგი თაბორიძე უზნაძის 60 ნომერთან ყაჩაღობის ფაქტის დაფიქსირებისას მივიდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რატი რეხვიაშვილს სამუდამო პატიმრობა შეეფარდება.
XS
SM
MD
LG