Accessibility links

ცხინვალში უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის წინ წიგნები დაწვეს


ცხინვალში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნები დაწვეს

ცხინვალში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნები დაწვეს

ცხინვალში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნები დაწვეს. ფაქტის თვითმხილველი ცხინვალში გამომავალი გაზეთის, „21–ე საუკუნის“, რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი იყო. მისი თქმით, წიგნებს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სპორტულ მოედანზე წვავდნენ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნები ჯარისკაცებს გამოჰქონდათ და პირდაპირ ცეცხლში ყრიდნენ. ცხოვრებოვის გარდა, ამ ფაქტს ერთი რუსი ჟურნალისტიც შეესწრო, რომელმაც ცეცხლიდან რამდენიმე ქართული წიგნის გამოღება მოასწრო. კოცონთან მიმოფანტული წიგნების ნაწილი თვითონ თემურ ცხოვრებოვმა და მასთან მყოფმა ტაქსის მძღოლმა აკრიფეს.გოეთეს ლექსების კრებული, შუა საუკუნეების რელიგიური პოეზია და ფრანგული ლიტერატურის ისტორია დაწვას გადაურჩა. ჟურნალისტის განცხადებით, კომუნისტური ლიტერატურის გარდა, ბევრი კარგი წიგნი იწვოდა, წიგნების 30 პროცენტს კი ქართული ლიტერატურა შეადგენდა. ცხოვრებოვმა წიგნების დაწვის ორგანიზებაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეიმურაზ კოკოევი დაადანაშაულა.

ცხინვალში წიგნების დაწვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია პირველად ოსმა და რუსმა ბლოგერებმა გაავრცელეს, ამის შემდეგ პუბლიკაციები უკვე რუსულ გამოცემებშიც გაჩნდა. შეშფოთებული უნივერსიტეტის რექტორი, თეიმურაზ კოკოევი, სასწრაფოდ ცხინვალის ტელევიზიით გამოვიდა, ინფორმაციის გამავრცელებლებს უსინდისო ადამიანები უწოდა და წიგნების დაწვის ფაქტი უარყო. კოკოითის თქმით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა რუსეთის ფედერაციიდან ახალი წიგნების მიღებას ელოდება, ამიტომ გამოუსადეგარი წიგნების უტილიზაცია მოხდა.

რადიო თავისუფლება ცხინვალში გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს თემურ ცხოვრებოვს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ კოკოევს ოსი ხალხი,რომელსაც კითხვა უყვარს, საერთოდ არ აინტერესებს, და ნაცვლად იმისა, რომ წიგნები გადაარჩინოს, ბარბაროსულ საქმიანობას ეწევა და შემდეგ თავის მართლებას ცდილობს. როგორც ცხოვრებოვმა მითხრა, მან დღეს კოკოევს ცხინვალის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შეხვედრა სთხოვა, მაგრამ, მისი თქმით, რექტორი დაიმალა.

ცხინვალის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნების დაწვის ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარბაროსულ აქტად აფასებს.

სამინისტროს თავის განცხადებაში მოჰყავს ის ფაქტები, როდესაც ნაციზმისა თუ საბჭოური იდეოლოგიის ლიტერატურით ჰუმანისტებისა და ფილოსოფოსების ნაშრომებს ანაცვლებდნენ. მომხდარით დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურაც დაინტერესდა და წიგნების დაწვის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
XS
SM
MD
LG