Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა. 17 სექტემბერი 2009

  • ნიკო ნერგაძე

16 სექტემბერს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, მომხდარ ფაქტსა და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გამოსვლას ”ალია” ეხმაურება. კორესპონდენტი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძესა და კომისიის ყოფილ წევრს, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილს, გაესაუბრა. თევდორაძე განმარტავს, რომ 16 სექტემბერს ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებული რეხვიაშვილისთვის თავის დროზე შეწყალების კომისიას არ მიუცია რეკომენდაცია. ”ის ჩვენი სიით, რეკომენდაციით არ შესულა პრეზიდენტთან. მე გადავხედე ჩვენს სიებს და ასეთი გვარი არ არის, მისი საქმე ჩვენთან არ ყოფილა”, - ამბობს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. გიორგი ცაგარეიშვილი კი პრეზიდენტ სააკაშვილის 16 სექტემბრის განცხადებას ცინიზმს უწოდებს და ამბობს: ”აბსოლუტურად იგივეა - გირგვლიანი მოკვდება პოლიციელის ხელით თუ ნაძირალას ხელით დაიღუპება პოლიციელი. ეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ასე, ასეთ ზღვარს ყოველთვის ავლებს სააკაშვილი. იგი უპირისპირებს პოლიციას საზოგადოებას.”

პრესაში განხილვის ერთ-ერთ თემად რჩება - შევლენ თუ არა თავის დროზე მანდატზე უარის მთქმელი ოპოზიციონერები პარლამენტში. ”რეზონანსი” წერს: ”კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნას სთავაზობენ.“ გაზეთი იმ ოპოზიციონერთა ვინაობის დადგენას ცდილობს, ვინც პარლამენტში შესვლის შეთავაზებით ისარგებლებს. სტატიაში წაიკითხავთ: ”არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეთავაზებით ისარგებლებენ კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად ძიძიგური და გუბაზ სანიკიძე”. ”რეზონანსშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ყოფილ სახალხო დამცველ სოზარ სუბართან, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის საქმიანობაზე საუბრობს და დასძენს, რომ გიორგი ტუღუშს უტოვებს ”აწყობილ სტრუქტურას, მოტივირებულ და კეთილსინდისიერ თანამშრომლებს”, აგრეთვე ”უამრავ საქმეს, რომელზეც მან ისევე უნდა იბრძოლოს, როგორც აქამდე ჩვენ ვიბრძოლეთ. ვუტოვებ იმ საქმეებს, რომელიც აქამდე არაა გამოძიებული.”

სახალხო დამცველის პოსტზე ყოფნისას ხელისუფლებისთვის სუბარის მიერ მიცემულ ბოლო რეკომენდაციაზე წერს ”ახალი თაობა”: ”სუბარი აფრასიძეების მკვლელების დასჯას ითხოვს”. ”ეს ოპერაცია ხელისუფლებას ვარდების რევოლუციის გარიჟრაჟზე რომ არ ჩაეტარებინა, მას შესაძლოა საპროტესტო აქციებიც მოჰყოლოდა. ნარევოლუციევს ჩვენი საზოგადოება ნაციონალებით გადარეული იყო და მათი ყველაფერი მოსწონდათ. ზოგიერთი გაოპოზიციონერებული კი მაშინ ხელისუფლების სისხლიან ოპერაციებს ტაშს უკრავდა. ახლა კი ამ ოპერაციების გამო ქოქოლას აყრის”, - შენიშნავს ”ახალი თაობის” ავტორი.

”ყველა სიახლის” პირველ გვერდზე წაიკითხავთ: ”კახა ბენდუქიძე ტელეწამყვანი ხდება! რა მიზეზით დატოვა ინგა გრიგოლიამ პირველი არხი?”. ”ყველა სიახლის” ინფორმაციით, პირველ არხზე გადაცემა ”ღამის საუბრების” ერთ-ერთი წამყვანი კახა ბენდუქიძე იქნება. გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან,რომლის თქმითაც, გადაცემა ”პოლიტიკური კვირის” დახურვის მიზეზი მისთვის გენერალური დირექტორის მიერ სამთვიანი პირდაპირი კონტრაქტის შეთავაზება იყო. გრიგოლიასთან ინტერვიუს ბეჭდავს ”ჯორჯიან ტაიმსიც”, სადაც ის ამბობს: ”ჟურნალისტის ბრძოლა არ ნიშნავს მხოლოდ მიტინგზე გამოსვლას და ძახილს, არიქა, დამიხურეს გადაცემა. ჟურნალისტს სხვა ბრძოლა აქვს. მე ჩემი ბრძოლა მაქვს წინ და ჩემი გზა მაქვს.”
”24 საათში” ქვეყნდება მორიგი თვალსაზრისი გორში სტალინის ძეგლის დატოვება-გადატანის საკითხზე. ”სტალინის ძეგლის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა არ არის ქვეყნის სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენა. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სტალინიზმის, როგორც იდეოლოგიური სისტემის, ღირებულებათა ერთობლიობის დამარცხება”, - წერს ავტორი.
”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი კი კვლავ ყოფილი სასტუმრო ”ივერიის” აბრაზე წერს. ის ასაბუთებს, რომ წარწერა, კანონის თანახმად, ორენოვანი უნდა იყოს და ”რედისონ სას”-ის გვერდით ”ივერია”-ც უნდა ეწეროს. ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ”ქართული სულის შესატყვისი” გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს.
XS
SM
MD
LG