Accessibility links

logo-print

აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმა შეცვლილი სახით განხორციელდება


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმა "შეცვლილი და უფრო მასშტაბური სახით" განხორციელდება, ირანის სარაკეტო იერიშისაგან აშშ-ისა და მისი მოკავშირეების უკეთ დასაცავად. როგორც ობამამ ვაშნიგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, ახალი პოლიტიკის მიზანია შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების უფრო “გონივრულად, ძლიერად, სწრაფად” დაცვა. “ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ჩვენს ახლო მეგობრებთან და მოკავშირეებთან, ჩეხეთის რესპუბლიკასთან და პოლონეთთან, რომლებიც დათანხმდნენ მათს ტერიტორიებზე წინა პროგრამის ელემენტების განთავსებას. მე ვესაუბრე როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის, ისე პოლონეთის პრემიერ-მინისტრებს ამ გადაწყვეტილების შესახებ და მათ კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ჩვენ ღრმა და ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს”5 თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ობამამ ამერიკის ნატოელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის სახეცვლილი სისტემა უკეთ დაიცავს მათს უსაფრთხოებას. პრეზიდენტის შემდეგ, ამავე თემაზე ისაუბრა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა. მისი თქმითაც, შეერთებული შტატები უარს კი არ ამბობს ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმაზე, არამედ მას აუმჯობესებს სისტემის მოქნილობის ხარისხის გაზრდით, ცვალებად საფრთხეებთან მისი მორგებით. რობერტ გეიტსმა განაცხადა რომ ახალი გეგმის პირველ ეტაპზე, აშშ ჩრდილოეთსა და სამხრეთ ევროპაში განათავსებს სენსორებსა და გადამტაცებს, რათა უზრუნველყოს ევროპელი მოკავშირეებისა და აშშ-ის ძალების უსაფრთხოება.
XS
SM
MD
LG