Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში საქართველოს საკითხზე კონსულტაციები გაიმართა


გაეროს შტაბბინა ჟენევაში
გაეროს შტაბბინა ჟენევაში
კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის მოლაპარაკებების მე-7 რაუნდი კონკრეტული შედეგით დასრულდა. ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლები შექმნიან ახალ დოკუმენტს, რომელშიც კონფლიქტის ზონაში მშვიდობის დამყარებისათვის საჭირო ყველა მთავარი დეტალი გაიწერება. მათ შორის დევნილების დაბრუნება და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საერთაშორისო მედიატორები იმედოვნებენ, რომ ჟენევის მორიგ შეხვედრამდე დოკუმენტის ძირითადი პრინციპებზე რუსეთის დაყოლიებას შეძლებენ. მორიგი რაუნდი ჟენევაში 11 ნოემბერს გაიმართება.

17 სექტემბერს მოლაპარაკებებმა მთელი დღის განმავლობაში მწვავე დისკუსიებით ჩაიარა. განხილვისა და მსჯელობის საგნად ისეთი საკითხები იქცა, როგორიცაა: რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება, ადამიანის უფლებების დაცვა, დევნილთა უსაფრთხო დაბრუნება და სხვ. კონფლიქტის მხარეები დისკუსიებში საკუთარი პრიორიტეტების დაცვასა და გატანას ცდილობდნენ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საპოლიციო და სამშვიდობო ძალების განლაგება; გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოქალაქეების საკუთარ სახლებში დაბრუნების მექანიზმების შემუშავება; ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფა და ქართველი ტყვეების გათავისუფლება - ესაა არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებიც ჟენევაში ქართულმა დელეგაციამ დააყენა. ჟენევაში იმყოფება ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველებიდან ერთ-ერთის, დავით კაპანაძის, ძმაც, გიორგი კაპანაძე, რომელიც სოფელ თიღვის გამგებელია. მისი თქმით, ცხინვალის იზოლატორში 10 ქართველია დატყვევებული, ადამიანის უფლებები კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემატურად ირღვევა. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან საზღვრისპირა ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები.

სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ცხინვალის იზოლატორში მყოფი ქართველების უპირობო გათავისუფლების საკითხთან ერთად, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საგანგებო მსჯელობის საგანი გახდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები - ქართველების დაკავება, დაყაჩაღება, დაშინება და სხვ.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის მეთაურმა მოლაპარაკებების პროცესში განსკუთრებით შეაჩერა ყურადღება ეგრეთ წოდებული კულტურული გენოციდის, კერძოდ, გალის სკოლებში ქართული ენისა და ამ ენის მასწავლებლების პროფესიული უფლებების შელახვისა და შევიწროების ფაქტებზე.

ადამიანის უფლებების დაცვისა და ინციდენტების პრევენციის საკითხებით არ შემოფარგლულა არც რუსულ-აფხაზურ-ოსური მხარე. ამ მხარის კოლექტიური მოთხოვნა ჟენევის კონსულტაციების მეშვიდე რაუნდზე აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების საკითხის აქტუალიზება იყო. რაც შეეხება მათ მოთხოვნებს ცალ-ცალკე, აფხაზური მხარისთვის ეს ეგრეთ წოდებული მეკობრეობისა და ქართული მხარის მიერ აფხაზეთისაკენ მიმავალი გემების დაკავების დაგმობაა, ცხინვალისთვის კი რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

ჟენევის მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდში, რუსეთის დელეგაციის კვოტით, მონაწილეობდა ქართველებისათვის კარგად ცნობილი მარატ კულახმეტოვიც, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 2008 წლის აგვისტოს ომამდე მოქმედი შერეული სამშვიდობო ძალების რუსული ნაწილის სარდალი, რომელიც აქამდე პრაქტიკულად არსად გამოჩენილა. სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან მისი მიწვევის მიზეზი ჟენევის მეშვიდე რაუნდის გახსნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა შემდეგნაირად ახსნა:

„გენერალი კულახმეტოვი რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელი იყო ომის დროს და, ვფიქრობ, მისი მონაწილეობა სასარგებლო იქნება, რადგან ბევრი ინფორმაცია აქვს.“

გრიგორი კარასინი ჟენევის მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს. ქართული დელეგაციის მეთაური საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიაა, სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაციას მაქსიმ ღვინჯია, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარე საქმეთა მინისტრის მოადგილე, ცხინვალის დელეგაციას კი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ედუარდ კოკოითის ეგრეთ წოდებული რწმუნებული ბორის ჩოჩიევი უდგას სათავეში. მოლაპარაკებებში ქართულ და რუსულ მხარეებთან ერთად გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კონსულტაციებში პირველად ჩაერთო სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე თინა ქეიდენაუ.
XS
SM
MD
LG