Accessibility links

logo-print
საქართველოს პენიტენციალური სისტემის ისტორიაში პატიმრები პირველად გაუშვეს შვებულებაში. სამმა მსჯავრდებულმა, რომლებიც სასჯელს არამძიმე დანაშაულისთვის იხდიან, სამ-სამი დღე საკუთარ ოჯახში გაატარა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამგვარი რევოლუციური სიახლის დანერგვა პატიმრობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგია.

პატიმრობაში - ამგვარ მძიმე განსაცდელსა და არასტანდარტულ სიტუაციაში - მყოფი ადამიანის ბედი ყოველთვის აღელვებდა საზოგადოებას. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ პატიმარი დღემდე მრავალი კინოფილმის, რომანისა და სიმღერის მთავარ პერსონაჟად გვევლინება. უნდა ითქვას, რომ პატიმრობასა და პატიმრების ყოფაზე ქართულ ენაზეც არაერთი სიმღერაა დაწერილი. მათი დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდში შეიქმნა, თუმცა აქტიურობენ თანამედროვე ავტორებიც.

ყველა დროის ყველა პატიმრის ოცნება, ციხეს არ ჰონდეს რკინის კარი, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს ვერ ასრულდება, თუმცა, იმ სიახლის მიხედვით, რომელიც 2009 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა, პატიმრებს ციხის დატოვება კარის გატეხის გარეშეც შეეძლებათ.

ციხის მძიმე კარი ამჯერად სამი პატიმრისთვის გაიღო. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, 2009 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა პატიმრობის კოდექსში საქართველოს პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პატიმრებს უფლება აქვთ სასჯელაღსრულების დაწესებულებები წელიწადში ორჯერ ხუთ-ხუთი დღით დატოვონ და შვებულება ოჯახის წევრებთან ერთად გაატარონ:

ერთ-ერთი პატიმარი და დიმიტრი შაშკინი ხელს აწერენ პატიმრის შვებულების დოკუმენტს
„ეს არის იმ დემოკრატიული რეფორმების ნაწილი, რომელსაც ვატარებთ როგორც ქვეყანაში, ასევე სამინისტროში. გვაქვს საზოგადოების დიდი იმედი, რომ ის ჩაერთვება ამ პროექტში. შვებულებაში გაშვებული პატიმრებიდან ერთი იხდის სასჯელს ცრუ ჩვენებისთვის, მეორე - სამხედრო დანაშაულისთვის და მესამე - ყალბი საბუთების დამზადებისთვის.“

დიმიტრი შაშკინის მიერ დასახელებული ყალბი საბუთების დამზადების გამო მსჯავრდებული, სერგო მოსიაშვილი, მესამე საპყრობილიდან სამდღიან შვებულებაში 15 სექტემბერს გაუშვეს. ბორკილების მოხსნის შემდეგ პატიმარმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ერთი სული აქვს როდის შეხვდება ოჯახის წევრებს:

„რუსთავში, ჩემს ოჯახში, შვილებთან და შვილიშვილებთან მივდივარ. ვინანიებ ჩემს დანაშაულს და მადლობას ვუხდი მე-3 საპყრობილის ადმინისტრაციასა და სამინისტროს.“

სიახლის გამო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, პატიმრებთან ერთად, მადლობას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ეუბნებიან, რომლებიც პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, თუმცა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ, დიმიტრი შაშკინის მცდელობის მიუხედავად, პატიმრებს მაინც უმძიმეს პირობებში უწევთ ყოფნა:

„სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბატონი შაშკინი ცდილობს პრობლემების მოგვარებას, ისიც მესმის, რომ ეს პრობლემები მომენტალურად ვერ გადაიჭრება, იმიტომ რომ მართლაც ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო. შესაბამისად, ჩვენ ისევ მოგვდის წერილები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, რომლებშიც ისევ ჩივიან გაუსაძლის პირობებზე და ნომერ პირველ პრობლემად კვლავ რჩება სამედიცინო მომსახურების არქონა.“

თამარ ხიდაშელის თქმით, კვალიფიციური სამედიცინო დახმარება პატიმრებისთვის უახლოესი წლების განმავლობაშიც მიუწვდომელი იქნება. ყოველ შემთხვევაში, პატიმრობის ახალ კოდექსში, რომელიც შემუშავების პროცესშია, თვისებრივი ცვლილებები გათვალისწინებული არაა. პენიტენციალურ სისტემაში მოქმედი ჯანდაცვის სისტემა კი, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აცხადებს, კრიტიკას ვერ უძლებს:

„შედიან ჯანმრთელი ახალგაზრდა ბიჭები და იქ კვდებიან იმის გამო, რომ ვერ მკურნალობენ. არავის აინტერესებს მათი მდგომარეობა და ჯანმრთელობა. ეს ყველაფერი პირდაპირ იკითხება ავადმყოფობის ისტორიებიდან.“

პატიმრების გარდაცვალების სავალალო სტატისტიკის გარდა, ირკვევა, რომ ზოგიერთ საპყრობილეში ყოფითი პირობებიც მძიმეა. აი, რა უთხრა რადიო თავისუფლებას ოთხწლიანი პატიმრობიდან სულ ახლახან განთავისუფლებულმა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა:

„500 ადამიანს არა აქვს საწოლი. ის პრობლემა, რაც იყო მეხუთე საპყრობილეში, რომელიც დაანგრიეს, ისევ გაჩნდა ახალ საპყრობილეებში. პენიტენციალური სისტემა ისე კარგად ვიცი, რომ ეს ბატონ შაშკინს ვერც წარმოუდგენია და ამიტომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია მართლა ამ სფეროში. ზუსტად ვიცი, სად რა ხდება და ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს. პატიმრები არიან ძალიან მძიმე დღეში და მე მათ ვუშველი.“

შვებულებაში გასული ერთ-ერთი პატიმარი
თუმცა, ვიდრე უშველიან, პატიმრებს შვებულებებით სულის მოთქმის საშუალება ექნებათ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, სულ მალე არამძიმე დანაშაულის გამო მსჯავრდებული პატიმრების მსგავსად, შვებულებით - ხუთ-ხუთი დღე წელიწადში სამჯერ - არასრულწლოვანები და პატიმარი ქალებიც ისარგებლებენ, 2010 წლიდან კი შვებულებაში გასვლის საშუალება ყველა კატეგორიის მსჯავრდებულს ექნება.

„სამი მექანიზმია ჩადებული: გირაო, თავდება და სპეციალური სამაჯურები. სამაჯურების მექანიზმი ამოქმედდება 2010 წლიდან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ კომპანიებთან, რომლებიც მოგვაწვდიან სპეციალურ სამაჯურებს, რომელთა საშუალებით თანამგზავრიდან გავაკონტროლებთ პატიმრის გადაადგილებას... ჯერჯერობით მოქმედებს მხოლოდ თავდებით და გირაოთი გათავისუფლების მექანიზმები. შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილებას იღებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პატიმრებმაც განცხადებით მას უნდა მიმართონ“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, პატიმრები, როგორც უკვე ითქვა, საპყრობილეს ხუთი დღით დატოვებენ. ფსიქოლოგთა შეფასებით, წახალისების ამგვარი ფორმა დადებითად აისახება პატიმრების როგორც ქცევაზე, ასევე საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი დაბრუნების პროცესზე, თუმცა ფსიქოლოგები იქვე შენიშნავენ, რომ, თუ მსჯავრდებულები ვერ ისარგებლებენ კანონით მინიჭებული უფლებებით და არ იქნებიან უზრუნველყოფილი ხარისხიანი საცხოვრებელი სადგომით, საკვებითა და სამედიცინო მომსახურებით, მაშინ მსჯავრდებულთა შორის ყოველთვის მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც შვებულების ნაცვლად, შუშაბანდებზე, მათ გატეხასა და გაქცევაზე იოცნებენ.
XS
SM
MD
LG