Accessibility links

logo-print

რასმუსენმა რუსეთს გრძელვადიანი პარტნიორობა შესთავაზა


ანდერს ფოგ რასმუსენი

ანდერს ფოგ რასმუსენი

ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, სიტყვით გამოსვლისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. რუსეთსა და ნატოს ახალი თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი პოლიტიკური ფონი აქვთ. ერთი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ცვლის ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმას, რასაც კრემლი სასტიკად ეწინააღმდეგობოდა.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი მზად არის მოსკოვთან “პრაქტიკული თანამშრომლობა” დაიწყოს გლობალური თავდაცვის საკითხებში, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძვლად იქცევა.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატომ და რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ერთმანეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა საკითხში, რომლებშიც ჩვენ ერთმანეთს ვეთანხმებით, სადაც ჩვენი უსაფრთხოებისათვის ერთსა და იმავე რისკებსა და მუქარებს ვაწყდებით.”

თუმცა თავის სიტყვაში ანდერს ფოგ რასმუსენს არ დაუკონკრეტებია, თუ რა საკითხებში ვერ თანხმდებიან ალიანსი და რუსეთი. ნატოს გენერალურ მდივანს არ უხსენებია მოსკოვის გააფთრებული წინააღმდეგობა ნატოს გაფართოების მიმართ,არ უხსენებია არც შარშანდელი აგვისტოს ომი, რომელსაც ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის შეჩერება და ურთიერთობის სრული გაყინვა მოჰყვა. ნატოს გენერალური მდივანი დღეს ზოგადად ლაპარაკობდა:

“მე მეოცნებე არა ვარ. არსებობს რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომლებშიც რუსეთი და ნატო ერთმანეთს არ ეთანხმებიან და ეს უთანხმოებები ერთი ღამის განმავლობაში არ აღმოიფხვრება. თუმცა მე მჯერა ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობისა, რათა მომავალში უფრო ეფექტურ ურთიერთქმედებას მივაღწიოთ.”

ამას მოაყოლა გენერალურმა მდივანმა ფრაზა, რომელიც ცხადყოფს ალიანსის ღირებულებებისა და გადაწყვეტილების ურყეობას. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, კვლავაც ძალაშია ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანას არ დაუკმაყოფილებია აუცილებელი კრიტერიუმები. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემული დაპირება იყო ”სწორედ ის მიზეზი”, რის გამოც ალიანსს ესაჭიროებოდა ღია დიალოგი რუსეთთან:

"ცხადია, ერთგული ვრჩებით 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებისა, მაგრამ სწორედ ამ მიზეზითაა აუცილებელი, რომ რუსეთთან ამ საკითხზე მიუკერძოებელი და ღია დიალოგი დავიწყოთ. მართლაც მაქვს ამბიცია, რუსეთი დავარწმუნო, რომ ღია კარის პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული."

რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას ვაშინგტონში და ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხს, რასმუსენმა აღნიშნა, რომ მხარეებმა ერთად უნდა შექმნან ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის ურთიერთმისაღები გეგმა. ალიანსის გენერალური მდივანი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ნატო შეისწავლის პრეზიდენტ მედვედევის იდეას, გამჟღავნებულს ამ წლის დასაწყისში, ახალი ევროატლანტიკური უსაფრთხოების ხელშეკრულების შესახებ. ერთბაშად ამდენ პოზიტიურ სიგნალს ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მოსკოვი გულგრილი არ დაუტოვებია.

რუსეთის წარმომადგენელმა ნატოს შტაბბინაში, დმიტრი როგოზინმა, “ძალიან პოზიტიური და ძალიან კონსტრუქციული“ უწოდა რასმუსენის მიმართვას. როგოზინმა ისიც დაამატა, რომ რუსეთს არაფერში სჭირდება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების კალინინგრადში გადატანა, თუკი ამერიკა აღარ განათავსებს “რადარებს და რაკეტებს აღმოსავლეთ ევროპაში”.
XS
SM
MD
LG