Accessibility links

logo-print
30 აგვისტო, კვირა
ვიძინებ ღამის 3 საათზე და ვიღვიძებ 6-ზე. მგონი, ცოტათი ისევ მთვრალი ვარ და ასე მგონია, თვალებში სილა მიყრია. მაღვიძარა მე მაქვს და პირველი მე ვდგები. ვაღვიძებ ლაზაროს, ჩემს პროდიუსერს (ლაზარო წარმოშობით კუბელია, ამერიკაში გაზრდილი, ახლა ავსტრალიაში ცხოვრობს).
მერე ვაღვიძებ დედას (რომელიც ბორჯომიდან გადაღებებისთვის ჩამოვიდა) და ლიზის - ჩემი დეიდაშვილის შვილს.
ზუსტად 7 საათზე, 11-ვე ბავშვი და მათი მშობლები, გადამღებ ჯგუფთან ერთად, პუშკინის სკვერში ვიკრიბებით. ორ სამარშრუტო ტაქსში და რამდენიმე მანქანაში ვნაწილდებით.
დასვენებული რომ ვყოფილიყავი, პანიკაში ვიქნებოდი - ამდენი ხალხი და ამდენი ბავშვი!.. მანამდე მხოლოდ ერთი ბავშვი მყოლია ფილმში, და ისიც კი ძნელი იყო. ამ შემთხვევაში კი 11 ბავშვი მყავს: 3-დან 11 წლამდე. თან მთელი ეს სცენა სამარშრუტო ტაქსში უნდა გადავიღოთ.
მივდივართ....
ირმა (ჩემი ახლობელი და მეზობელი ბორჯომიდან) რაღაცას მიყვება და ამ ლაპარაკში ქსნის გადასახვევი გამოგვეპარა. როცა მივხვდი, უკვე გვიან იყო. მივყვებით ახალ მაგისტრალს და გადასახვევი არსად ჩანს. რა თქმა უნდა, ჩემმა ბრაზმა ირმაზე გადაიარა. საწყალ გოგოს არაფერი უთქვამს. იცის, რა გიჟიც ვარ...
როგორც იქნა, მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს. ქსნის გადასახვევთან, თბილისში მომავალ ძველ ტრასაზე გვაქვს გადაღება. ეს გზა სოფელ აღაიანზე გადის და მოძრაობა საერთოდ არ არის.
რაც ჩამოსული ვარ, ასეთი კარგი ამინდი არ ყოფილა. ცოტა ვმშვიდდები. მგონი, ამინდი ხელს მიწყობს.
როცა ყველა გადმოდის მანქანიდან, ვფიქრობ: "რაში გავყავი თავი?! ეს ბავშვები მთელი დღე აქ ყოფნას როგორ გაუძლებენ?"
სცენარში მყავს პატარა გოგონა ლილა, რომელიც მამას ეუბნება: "დავაი ზაბირიომ ბარაშკა".
როცა გადასაღები მოედნის შესარჩევად ვიყავი აქ, სადღაც შორს დავინახე ერთი ცხვარი და მინდოდა, ბავშვს ეს ეთქვა და ხელი ცხვრისკენ გაეშვირა. მაგრამ ახლა აქ მთელი ფარაა, და თან - ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ვიღებთ. კიდევ ერთი კარგი სიურპრიზი.
ბავშვები დარბიან, მე ვიწყებ მსახიობებთან მუშაობას, გადამღები ჯგუფი კი - კამერის აწყობას.
მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად რთულია გადაღება. გადაღების პროცესი ძალიან მიყვარს. მიყვარს, როცა რაღაც იქმნება და, განსაკუთრებით, თუ სცენარი ჩემია.
ამ სცენარის იდეა ერთი წლის წინ გამიჩნდა, ომის დროს, როცა ბორჯომიდან თბილისში მოვდიოდი გორის გავლით. სწორედ ის დღე იყო, როცა დაბომბვა დაიწყო. გორს რომ მივუახლოვდით, მძღოლმა ძრავა გამორთო, მობრუნდა და გვეუბნება: "ყველანი ისხედით თქვენს ადგილებზე და თავები დახარეთ. მე რაც შეიძლება სწრაფად ვივლი." სიკვდილთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ. მახსოვს, პირველი, რაც თავში მომივიდა, ეს იყო: "ნეტავი უკეთ დავმშვიდობებოდი დედაჩემს". ვნანობდი, თუ ვინმეს ვაწყენინე. ჩემი ავსტრალიური ტელეფონით კავშირი არ იყო და ვერავის ვერ ვურეკავდი. არც ფოტოაპარატი მქონდა, რომ სურათები გადამეღო. ზუსტად ამ დროს გამიჩნდა იდეა, თუ გადავრჩი ამაზე ფილმს გადავიღებ-მეთქი. და აი, ერთი წლის მერე ვდგავარ სამარშრუტო ტაქსის სახურავზე და ვყვირი: "Action!"
ეს ჩემი პირველი ფილმია საქართველოში და ქართულ ენაზე. ჩემს ქართულს ცოტა აქცენტი გაუჩნდა. ცხრა წელია, წასული ვარ ავსტრალიაში და ქართულად ლაპარაკი კვირაში მხოლოდ 5-10 წუთი მიწევს, როცა დედაჩემს ვურეკავ. ხანდახან ვხუმრობ, რომ ჩემი ინგლისური ისეთი არაა, მე რომ მინდა (კარგია, მაგრამ საუკეთესო არა), და ქართულიც მავიწყდება. ვინ ვარ მე???
მაგრამ ამ ჩამოსვლაზე ჩემი ქართული უკეთესია, რადგანაც სცენარზე ქართულად ვმუშაობდი, თუმცა ინგლისურად დავწერე.
სიცხე აჭერს. მგონი, უფროსები უფრო დაღლილები არიან, ვიდრე ბავშვები. ცოტა უჭირთ მსახიობებს და დუბლს დუბლზე ვიღებთ. ძალიან ბევრი დრო იხარჯება და ვნერვიულობ.
ჯერ ბავშვები და მშობლები საჭირონი არ არიან. სადილამდე საინტერესოს ბევრს ვერაფერს ვასწრებთ. I am not happy და ყველა ხედავს ამას. თან, ქართული გადამღები ჯგუფის მუშაობის ტემპი სხვანაირია, ვიდრე ავსტრალიურის.
სადილი, ალბათ, დღის ყველაზე მოსაგონარი მომენტია. აქვე, ახლოს, სოფელია, რომელშიც თათრული მოსახლეობა ცხოვრობს. რესტორანში, რომელსაც წინასწარ შევუთანხმდით, მაგიდა 40 კაცზე იყო გაშლილი. შეიძლება, ცოტათი მეტნიც ვიყავით. საჭმელი მოდის და მოდის. მე ჩემი პროდიუსერის წინ ვზივარ და ერთმანეთს ინგლისურად ვეკითხებით: "ამ ზღაპრული სუფრისთვის ფული გვეყოფა? რაღაც ხომ არ შეგვეშალა?" საჭმელი ყელში არ გადაგვდიოდა... მერე აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი გაცილებით იაფი იყო, ვიდრე უცხოური სტანდარტებით წარმოვიდგენდით.
მუსიკა ირთვება და ადგილობრივი ტურფა ქალი ჯერ აზერბაიჯანულად, მერე რუსულად და მერე ქართულად მღერის. ხალხი ცეკვავს, ბავშვები გიჟებს ჰგვანან სიხარულისგან. მოკლედ, ყველა საუკეთესო გუნებაზეა. ჩემს გარდა. "დრო! დრო! დრო!" - მიწივის რაღაც ყურებში.
დღის მეორე ნახევარში აუტანელი სიცხეა, მაგრამ უფრო ეს დრო ნაყოფიერია. თუმცა, მე უფრო მეტი მინდა და ჩემს გაბრაზებას ყველა ამჩნევს. რამდენიმე ადამიანს კიდეც შევუღრინე. დაძაბულობა აშკარაა და ზუსტად მაშინ ვიღებთ ყველაზე უკეთეს დუბლებს. მთლიანობაში კარგი დღე იყო. ბავშვებმა გამაოცეს. პაპანაქება სიცხეში 12-საათიანი დღის შემდეგ არავის უთქვამს, დაღლილი ვარო. ელენე იმედაშვილმა საერთოდ შემშალა. 6 წლისაა, მაგრამ ნამდვილი მსახიობის მონაცემები და გამძლეობა აქვს!
უკან მარშრუტკით მოვდივართ. ვამჩნევ, ხალხი კმაყოფილია. მაგრამ პრობლემები იწყება: ფუჭდება გენერატორი, რომელიც მეორე დღისთვის აუცილებელია და თან ვიცი, რომ გადამღები ჯგუფის ორი წევრი არაფერს აკეთებს და უნდა გავათავისუფლო. ვთხოვ ჩემს პროდიუსერს, რომ დაურეკოს ამ ხალხს და დაითხოვოს.
ვიცი, არ მოეწონებათ, მაგრამ მჯერა, რომ გადაღების დროს ყოველთვის იმდენი რამეა გასაკეთებელი, რომ დაჯდომის დრო არავის უნდა ჰქონდეს.

31 აგვისტო, ორშაბათი
დილის 7 საათზე ისევ პუშკინის სკვერში ვიკრიბებით. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს ცოტა გაუჭირდათ ადგომა. ზოგი დილის 5 საათზე იღვიძებდა, რომ გლდანიდან და "აფრიკიდან" არ დაეგვიანათ.
ისევ ფანტასტიკური დღე. სიცხე.
დღევანდელი დღის გადაღებები მთლიანად სამარშრუტო ტაქსში მიდის. გადამღები ჯგუფი ამზადებს მარშრუტკას, მაგრამ არა გვაქვს გენერატორი, რომელიც მარშრუტკის უკან უნდა დამონტაჟდეს და კამერას და განათებას მოძრაობის დროს დენი მიაწოდოს.
10:30 - გენერატორი ვიშოვეთ სოფელში. ერთ საათში გადაღებას ვიწყებთ.
ამ დროისთვის მე უკვე გიჟს ვგავარ.
დღევანდელი გადაღებები, ალბათ, ყველაზე რთული იყო.
ფილმი არის რუს ქალზე, ანიაზე, რომელიც ბავშვით ჩამოდის თავისი ქმრის სამშობლოში, გორის რაიონში. როცა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი იწყება, უკან წასვლას გადაწყვეტს, მაგრამ ერთადერთ მარშრუტკას მარტო ბავშვები და ქალები მიჰყავს თბილისში. ანია გადაწყვეტს, მუნჯობა მოიგონოს, არავის არ დაელაპარაკოს რუსულად - იმის შიშით, რომ ქართველები ჩაქოლავენ. როცა თავს ამჟღავნებს, ხვდება, რომ მისი შიში უსაფუძვლო იყო.
სამარშრუტო ტაქსში 11 ბავშვი და 16 მშობელია, ოპერატორი, ასისტენტი, ხმის ჩამწერი და მე - იატაკზე გართხმული. მარშრუტკა მიდის...
ქალების მუხლების და ფეხების ტყეა ჩემს სახესთან. მაგრამ ზუსტად იმიტომ მიყვარს გადაღება, რომ გიწევს ისეთი რამეების გაკეთება, რასაც ნორმალურ სიტუაციაში თავს აარიდებდი.
დღეს ვიღებთ ყველაზე მეტ და კარგ მასალას. ბავშვები ყველაფერს ვაჟკაცურად უძლებენ. მე მარტო ვრჩები მარშრუტკაში, რომ ვიმუშავო, როცა ყველა სადილზე მიდის. აღმოჩნდა, რომ წინა დღით განებივრებულებს, დღეს სამყოფი საჭმელი არ გვაქვს. ყველა იღრინება. ლაზარომ მომიტანა პურის ნატეხი, ყველის ნატეხი და უწვრილესი ქათმის ბარკალი და მეუბნება, მეტი არაფერი არ იყოო და არის ძალიან შეურაცხყოფილი და გაბრაზებული. თან ქართული არ ესმის.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, კარგად ვკვებოთ ხალხი. მე კარგ მუშაობას ვითხოვ და ამიტომაც კარგად ვკვებავ ხალხს.
დღის მეორე ნახევარში პრობლემები მაქვს ერთ-ერთ მსახიობთან. უკან დაბრუნებისას, მარშრუტკაში, მსაყვედურობს, რომ მე მისი როლი ჩავაქრე.
დაწყების დღიდან ძალიან ბევრ არაპროფესიონალურ რაღაცას წავაწყდი პროფესიონალებისაგან (ყოველ შემთხვევაში, თავი ასე წარმომიდგინეს).
ხალხი მევაჭრება ფულზე კასტინგის დროს და მერე - გადაღებისას.
ვიღაცას ფილმში თავისი შვილის უფრო მეტად გამოჩენა უნდა და ასე შემდეგ... მე ქართველი ვარ და შეიძლება თვალი დავხუჭო, მაგრამ ჩემი პროდიუსერი შოკშია.
საღამოს, როცა გადაღებულ მასალას ვნახულობ, ვმშვიდდები... მგონი, გამოვა.

1 სექტემბერი, სამშაბათი
მარტო სამი საათი მეძინა. წინა დღის გადაღებულ მასალას ვუყურებდი და გონებაში ვამონტაჟებდი.
ბავშვები დაიღალნენ და მეშინოდა, რომ გადაღებისას პრობლემა შემექმნებოდა.
ამინდი ისევ "წვალობს". დედაჩემთან, ლიზისთან და ლაზაროსთან ერთად მანქანაში ვზივარ. როცა ჯვრის მონასტერს ჩავუარე, ამ დღეების განმავლობაში პირველად გადავიწერე პირჯვარი და ღმერთს დახმარება ვთხოვე, რომ გადაღება დროზე დავამთავროთ.
დღის პირველ ნახევარში ყველაზე მთავარ სცენას ვიღებთ. მაგრამ მაინც არა ვარ კმაყოფილი, რადგანაც ვიცი: სამონტაჟოში გადაღებული მასალა არასდროს არის საკმარისი.
სადილის შემდეგ ყველა მობილიზებულია, განსაკუთრებით - ბოლო წუთებში. ბოლო კადრის გადაღებას ყველა ოვაციით ხვდება.
წკაპ! და 40 კაცი - ყველა ვინც გადაღებაში მონაწილეობს, სამახსოვრო ფოტოს ვიღებთ.
და - ის ნაცნობი გრძნობა, რომელიც დიდი რაღაცის დამთავრების შემდეგ გეუფლება.
დამშვიდობება ხალხთან, ვინც ამ სამი დღის განმავლობაში შენი ოჯახის წევრებივით გახდნენ. საოცარია, როგორ შეგვიწყვეს ხელი ბავშვებმა. ავსტრალიაში ბავშვის ამდენი ხნით მუშაობა გადასაღებ მოედანზე წარმოუდგენელი იქნებოდა. ამ ბავშვებმა მონდომებითა და თავდადებით გამაოცეს!
მოგვიანებით ორ მთავარ მსახიობთან ერთად გადაღებული მასალა ვნახე და შვებით ამოვისუნთქე. ფილმი, რომელიც ჩაფიქრებული მაქვს, მგონი, უნდა გამოვიდეს.
ახლა ჭიქის ჭიქაზე მიჭახუნებაც შეიძლება...

2 სექტემბერი, ოთხშაბათი
მგონი, დალევა ცოტა მეტი მომივიდა.
ტელევიზია მთხოვს, ფილმის შესახებ მასალა მივაწოდო. მეუბნებიან, რომ უნდათ გადაიღონ კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა, როგორ დააჯილდოვებს ბავშვებს, რომლებიც ჩემს ფილმში მონაწილეობენ.
ბატონი ნიკა კანის კინოფესტივალზე გავიცანი და, რომ გაიგო, ფილმის გადაღებას ვაპირებდი, დახმარებას დამპირდა, რადგანაც ფილმის შინაარსი მოეწონა. გადაღებების დაწყებამდე ბატონ ნიკას შევხვდი და ვთხოვე, ბავშვებისთვის რაიმე საჩუქარი გაეკეთებინა. იდეა მასაც ძალიან მოეწონა.
12 საათი - ტელევიზია იწერს ნაწყვეტს გადაღებული მასალიდან.
13 საათი - ბოლო სამი დღის მანძილზე დაგროვილ იმეილებს ვკითხულობ და მეგობრებს აქაურ ფოტოებს ვუგზავნი.
4 საათზე ყველა ბავშვი მშობლებთან ერთად კულტურის სამინისტროშია. დედაჩემიც, რომელიც ფილმში მონაწილეობს. მიკვირს, რომ ტელევიზიებიც დაინტერესდნენ ჩემი პროექტით, მაგრამ ბავშვები მეცხრე ცაზე იყვნენ! საინტერესო იყო გამოპრანჭული მშობლების ნახვა - გადაღებების დროს, სამი დღის განმავლობაში, ყველას ერთი და იგივე ეცვა.
გული ამიჩუყდა, როცა მშობლებმა მითხრეს, თურმე როგორ შევუყვარდი ბავშვებს და როგორ მზად იყვნენ, რომ დილის 6 საათზე გაეღვიძათ. ზოგი თურმე მთელი დღე "Action"-ს ყვიროდა. ბავშვების თვალით დანახული როგორი ნამდვილი და გულწრფელია ყველაფერი! რამდენიმეს უნდა თურმე, რომ გიორგი ბარბაქაძე გახდეს, გოგოებსაც კი!
ნიკა რურუა ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. ბავშვები ფილმის შესახებ თავიანთ აზრს გამოთქვამენ. პატარა ელენე იმედაშვილი, რომელიც მთავარ როლშია, ჰყვება, რაზეა ფილმი და ბოლოს ამბობს: “რუსები და ქართველები მეგობრდებიან”.
9-საათიან "ნიუსებში" ჩემს თავს ვუყურე და მერე ზარები არ წყდებოდა...

3 სექტემბერი, ხუთშაბათი
დღეს სკოტი ჩამოდის, ჩვენი მესამე პროდიუსერი. ჩვენ, სამნი, განუყრელი მეგობრები ვართ. და აქამდე, საქმიანად თუ არასაქმიანად, 60 ქვეყანა მოვიარეთ. ალბათ ისეთ ქვეყნებშიც ვარ ნამყოფი, სადაც ქართველი საერთოდ არ ყოფილა. სკოტის ჩამოსვლას ხინკლით აღვნიშნავთ. შემდეგ მივდივართ ხაშურში, სადაც ასევე ხინკალს გვახვედრებენ. მერე კი ბორჯომში მივდივართ დედაჩემთან, რომელიც ასევე ხინკალს გვახვედრებს. ძალიან მიხარია, რომ ნათესაობას ჩემი ორივე მეგობარი ძალიან მოსწონს.
მთელი დღე კარგად მიდის ერთი რამის გარდა: სკოტი სიმაღლით ორი მეტრია და დედაჩემმა არ იცის, სად დააწვინოს.

4 სექტემბერი, პარასკევი
მე, ლაზარო და სკოტი ვედროებში გაცხელებული წყლით ვბანაობთ. ბორჯომი ცნობილია იმით, რომ წყალი არასოდეს მოდის. მერე ვარძიაში მივდივართ. ლაზარო და სკოტი გაგიჟდნენ, როცა გაიგეს რომ ხერთვისი მე-10 საუკუნეშია აშენებული. მანამდე კი დანგრეულმა გზამ გააგიჟა ორივე.
უცნაური შეგრძნება იყო, 25 წლის შემდეგ ვარძიაში ყოფნა. მიტოვებული მეჩვენა და უკაცრიელი. არადა, მახსოვს, ბოლოს რომ ვიყავი ვარძიის სანახავად, რიგები იდგა. გული ჩამწყდა.
ყველაზე გულსატკენი იყო ლიკანის ნახვა, რომელიც სრულიად გაპარტახებულია. ლაზარო და სკოტი მეკითხებიან, რატომ არის ბორჯომი ასეთი მოუვლელი. მე მეცინება, რადგან სხვა რაიონებთან შედარებით ბორჯომი უფრო მოვლილია.
ვამაყობ ჩემი მშობლიური კუთხით. მეგობრებს ვუყვები, როგორი იყო აქაურობა, მაგრამ თან გული მტკივა, რომ ახლა სულ სხვა რამეს ხედავენ.

5 სექტემბერი შაბათი
დილით ბორჯომიდან ქარელში მივდივართ დეიდაჩემთან სტუმრად, სადაც სკოტი და ლაზარო ქართული სტუმარმასპინძლობის და ღვინის მსხვერპლები ხდებიან. იქიდან გორის გავლით ვბრუნდებით. სკოტი და ლაზარო სტალინის ძეგლთან სურათს იღებენ და ამბობენ, რომ ეს სტალინის პირველი ქანდაკებაა, რომელიც ოდესმე უნახავთ.
ახლა რადიო თავისუფლებაში ვარ...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG