Accessibility links

logo-print

აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემა აღარ განთავსდება აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ გაფართოვდება


გემზე განლაგებული ანტისარაკეტო სარადარო სისტემა

გემზე განლაგებული ანტისარაკეტო სარადარო სისტემა

ხუთშაბათის ცნობამ, რომ აშშ შეცვლის თავის გეგმას, განათავსოს ანტისარაკეტო ფარი პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, ნატოს წევრ ქვეყნებში, კრემლმა ცალსახად დადებით სიგნალად აღიქვა. პრაღასა და ვარშავაში რეაქციები შერეულია. რას ნიშნავს ეს, ობამასეული, ცვლილება რეგიონისთვის?

ურჩი და აგრესიული ქვეყნებიდან მოსალოდნელი საფრთხისგან აშშ-ის თავდაცვის მცდელობას თავისი ისტორია აქვს: როლანდ რეიგანი ვარსკვლავების ომზე ლაპარაკობდა, კოსმოსში სურდა ფარის ჩამოკიდება; ჯორჯ ბუში ხმელეთზე ლამობდა ფარის დადგმას; ახლა ბარაკ ობამა წყალზე, ზღვებზე აპირებს ასეთივე სისტემების განთავსებას. პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ერთიანი ანტისარაკეტო სისტემის ნაცვლად, ახლა ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ზღვაზე, ხომალდებზე დამონტაჟდება ათეულობით უფრო მცირე, SM-3 ტიპის გადამტაცი რაკეტა. მოსკოვი, რომელიც ბუშის გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, ახლა კმაყოფილებას გამოხატავს. პრეზიდენტმა მედვედევმა თქვა, აშშ თავის დანაპირებს პასუხისმგებლობით მოეკიდა და ასრულებსო. პრემიერ-მინისტრი პუტინი კი თეთრი სახლი ნაბიჯს “სწორს და თამამს” უწოდებს. მაგრამ, თვითონ თეთრი სახლი განმარტავს, ეს ნაბიჯი გადაიდგა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, რომ ირანმა მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე ველოდით, საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განვითარებაში და ნაკლებად აქტიურია შორი რადიუსის სისტემის შექმნაშიო.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციაში ამავე სავარძელში იჯდა, განაცხადა, ახალი ანტისარაკეტო სისტემა სახმელეთო სისტემის განვითარებული ვერსიაა, რომელსაც მე ვემხრობოდი წინა მთავრობაში ყოფნისასო:
,, ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენს მოკავშირეებზე დაყრდნობით, მათთან თანამშრომლობას და განვავითარებთ სისტემას, რომელიც უფრო ეფექტიანად დაგვიცავს ძალიან რეალური და მზარდი საფრთხისაგან. ის, ვინც ამბობს, რომ ჩვენ ჩამოვწერეთ ევროპის ანტისარაკეტო დაცვა, ან არასწორად ინფორმირებულია, ან არასწორად ესმის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.”

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი ვერსიის პირველი ეტაპი 2011 წელს განთავსდება, შვიდი წლით უფრო ადრე, ვიდრე ბუშის ადმინისტრაცია გეგმავდა. ობამას გადაწყვეტილების მომხრეები აცხადებენ, რომ ახალი წინადადება უკეთეს აღჭურვილობას გულისხმობს და ის, გარდა იმისა, რომ ირანიდან მომავალ ახლანდელ საფრთხეს წინ აღუდგება, იოლად შეიძლება მოერგოს სხვა სისტემას, რომელიც საჭირო გახდება, თუკი თეირანმა მომავალში შეძლო შორი რადიუსის რაკეტების განვითარება. სახელმწიფო დეპარტამენტის იარაღის კონტროლის სფეროში ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ახლა ბრუკინგის ინსტიტუტშია მკვლევრად, სტივენ პაიფერი, ამბობს, ობამას ადმინისტრაციამ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, ირანის მუქარასთან გამკლავების მხრივ, და მილიარდობით დოლარის დაზოგვის თვალსაზრისითაცო.

მაგრამ ანტისარაკეტო თავდაცვა პოლიტიკურად დატვირთული თემაა და ის სტრატეგიული განსჯის მნიშვნელობას იძენს.

აშშ-ის კონსერვატიულმა ძალებმა ობამას გადაწყვეტილება სწრაფად შეაფასეს, როგორც რუსეთისადმი დამორჩილება. სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც ობამას მეტოქე იყო საპრეზიდენტო არჩევნებში, თქვა, ეს ცვლილება აშშ-ის აღმოსავლეთევროპელ მოკავშირეებს, რომლებიც შეშფოთებულები არიან რუსეთის განახლებული ავანტიურისტული პოლიტიკით, ნიადაგს აცლისო. ჩეხეთსა და პოლონეთში ბევრი პოლიტიკოსისთვის, რომლებიც რუსეთის გაძლიერების გამო ნერვიულობენ, მათ ტერიტორიაზე სისტემის არსებობა უსაფრთხოების საფარი და რეგიონში ვაშინგტონის ყოფნის სიმბოლო იყო. პრაღის გაზეთი “ლიდოვე ნოვინი” ასე ასათაურებს მთავარ სტატიას: “ობამამ კრემლს დაუთმო, ჩეხეთის რესპუბლიკაში რადარი აღარ იქნება”. ბევრმა აღნიშნა, ახალი გეგმა გამოქვეყნდა პოლონეთში 1939 წელს საბჭოთა არმიის შეჭრის 70-ე წლისთავზეო.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი, ასე შეეცადა თავისი იმედგაცრუების დამალვას:
“დღევანდელ ამბავს არ შევაფასებდი პოლონეთის დამარცხებად. იმასაც ვიტყვი, რომ დედამიწის ამ არეალში ცხოვრება ყოველთვის იქნება უშიშროებისთვის ზრუნვა. ის დღე არასოდეს დადგება, როცა შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ასი პროცენტით ვართ დაცული. მაგრამ, საბედნიეროდ, ვერავინ იტყვის, რომ დღეს უარეს ვითარებაში ვართ, ვიდრე გუშინ.”

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, იან ფიშერმა, თქვა, რომ აშშ-ისა და ჩეხეთის ურთიერთობა შესანიშნავ დონეზეა დღესაც.

ადრე ლაპარაკი იყო, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ობამას სურდა ირანის საკითხებში მხარდაჭერა მიეღო.

საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი ჯეიმს გოლდგაიერი, რომელიც აშშ-ის პოლიტიკას სწავლობს “ცივი ომიდან” 11 სექტემბრის თავდასხმებამდე, ასე ხედავს ანტისარაკეტო გეგმის შეცვლას:

“ახალი გეგმა მომგებიანი უნდა იყოს ევროპული მხარდაჭერის მხრივაც და იმაშიც, რაზეც რუსეთს თავისი უარყოფითი პოზიცია ჰქონდა. მაგრამ ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო ტექნოლოგიის საფუძველზე და არა იმის გამო, რომ რუსეთთან გარიგება სურდა.”

სხვა ანალიტიკოსების აზრით, ფაქტი, რომ რუსეთი მიესალმა გადაწყვეტილებას, არ ნიშნავს, რომ ობამამ მოსკოვს დაუთმო. ბრუკინგის ინსტიტუტის თანამშრომელი სტივენ პაიფერი ამბობს, რომ კრემლის მხრივ ახალი ანტისარაკეტო სისტემის აღიარება, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი მოვლენაა.

რაც შეეხება ევროპელ მოკავშირეებს, ისინი ადრე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ აშშ პოლონეთსა და ჩეხეთთან ნატოში გარჩევის გარეშე თანმხდებოდა ამ საკითხებზე. ახლა საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი დადებითად გამოეხმაურნენ ობამას ახალ გეგმას.

ბოლოს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ, ახალი გეგმით, ანტისარაკეტო სისტემები განთავსდება თავიდან, 2011 წლისთვის, ზღვაზე, შემდეგ კი, 2015 წლისთვის, შეიძლება მოხდეს მათი განთავსება ზღვასა და ხმელეთზე, იმავე პოლონეთსა და ჩეხეთშიც კი. კიდევ უფრო განვითარებული სისტემა კი მოსალოდნელია ამოქმედდეს 2018-20 წლებში. ბუშის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული გეგმით, ჩეხეთსა და პოლონეთში ამ სისტემის განთავსების ნაცვლად, განაცხადა, აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უფრო მცირე სისტემები შეიძლება განლაგდეს თურქეთსა და კავკასიაში.
XS
SM
MD
LG