Accessibility links

logo-print

”შემოდგომის თბილისი” თბილისს მეჩვიდმეტედ ეწვევა


ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და თეატრი

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და თეატრი

20 სექტემბერს თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერის თეატრში გაიხსნება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" . ფესტივალი, რომელიც თავიდან ჯანსუღ კახიძის ინიციატივით მოეწყო, წელს მეჩვიდმეტედ ტარდება.

მე-17 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს ”შემოდგომის თბილისი” გახსნის იტალიელი გიტარისტი ანიელო დეზიდერიო, 18 საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მუსიკოსი, რომელსაც ”გიტარის ორფეოსი” შეარქვეს... ის ორკესტრთან ერთადაც დაუკრავს. გიტარისტთან აქამდე ჩვენ არ დაგვიკრავსო, - ამბობს ჩვენთან საუბარში თბილისის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე, თუმცა აქვე ამატებს, დიდი განსხვავება არაა, ვინაა სოლისტი - მევიოლინე თუ გიტარისტიო.

საერთოდ, წლევანდელი ფესტივალის პროგრამას თუ გადავხედავთ, პირველ რიგში, ინსტრუმენტების მრავალფეროვნება მოგვხვდება თვალში; ოპერაში ჩატარდება კონცერტები, ასე ვთქვათ, ”ეგზოტიკური სოლო-ინსტრუმენტებით - ერთ კონცერტში სოლისტი კლარნეტისტი ლევან ცხადაძე იქნება, სხვაში მევიოლინე ლიზა ბათიაშვილთან ერთად ფრანგი ჰობოისტი ფრანსუა ლელო დაუკრავს - ევროპული ახალგაზრდული პრემიის, ”იუვენტუსის”, ლაურეატი, მუსიკოსი, რომელმაც კლაუდიო აბადოს ორკესტრში დაუკრა, ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარით გამოირჩევა, თუმცა თანამედროვე მუსიკას მაინც უპირატესობას ანიჭებს.

მართალია, ვახტანგ კახიძე არ გვეთანხმება, რომ არსებობს განსაკუთრებული და შედარებით მეორეხარისხოვანი ინსტრუმენტები - ამბობს, რომ ყველა ინსტრუმენტი თანაბარი მნიშვნელობისაა და ინსტრუმენეტების მრავალფეროვნება არ არის მთავარი წლევანდელ ფესტივალზე... თბილისის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ წლევანდელი ფესტივალი (არსებითად,როგორც წინა ფესტივალები) განსხვავებულია.

”ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალი სახელები და გვარები შევთავაზოთ. ამავე დროს, გვინდა პერიოდულად ჩამოვიყვანოთ ის ქართველი მუსიკოსები, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ და ის ახალგაზრდა მუსიკოსები გავაცნოთ, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და ვცდილობთ ქართულ მუსიკას დავუჭიროთ მხარი”, - გვითხრა ვახტანგ კახიძემ.

გარდა ამისა, თბილისის მუსიკალური ფესტივალი აგრძელებს ტრადიციას, რომელიც ჯანსუღ კახიძემ დაამკვიდრა - ისევე როგორც წინა ფესტივალებზე, ახლაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართულ მუსიკას. ვახტანგ კახიძე გვთხოვს არ გამოვტოვოთ 30 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტი, რომელიც იოსებ კეჭაყმაძის დაბადების 70-ე წლისთავს ეძღვნება; კეჭაყმაძე ეროვნული საგუნდო მუსიკის კლასიკოსის, ნიკო სულხანიშვილის, ტრადიციის გამგრძელებელი და ახალი ქართული საგუნდო სტილის შემქმნელია. ამიტომ ბუნებრივია, რომ კონცერტზე, რომელშიც ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა გუნდი და საფესტივალო გუნდი ერთად იმღერებენ ორკესტრის თანხლებით, შესრულდება როგორც ნიკო სულხანიშვილის, ასევე იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოებები.

როგორც ვახტანგ კახიძემ გვითხრა, ეს იქნება ბოლო ”შემოდგომის თბილისი”, რომელიც ოპერაში ტარდება...მომავალ წელს რემონტი დასრულდება და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ისევ თავის დარბაზში, აღმაშენებელზე, ჩაატარებს ფესტივალს.
XS
SM
MD
LG