Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


გასული კვირის განმავლობაში ქართულ პრესაში ერთ-ერთი მთავარი თემა ოპოზიციის როლის, სტრატეგიისა და ტაქტიკის განხილვა გახლდათ. კვირის დასაწყისში „რეზონანსი“ წერდა, ”სუბარი და გაჩეჩილაძე, შესაძლოა, ალასანიას ”ალიანსს” შეუერთდნენო“.”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავდა: ”პირველი, რაც ოპოზიციამ უნდა გააკეთოს, ისაა, რომ გააანალიზოს საკუთარი შეცდომები. სამწუხაროდ, ასეთი ანალიზის ნიშნები ოპოზიციის მოქმედებაში არ იკითხებაო“.

”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი მელაშვილი კი, უკვე „კვირის ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა: ”ვფიქრობ, ოპოზიციას ჰქონდა გარკვეული დრო და ვადა იმისთვის, რომ გაეანალიზებინა პროცესები. ჩვენ თითქმის მთელი საქართველო მოვიარეთ და ჩვენთვის ერთი რამ არის ნათელი: ოპოზიციის შეცდომა იყო არა ის მიზანი, რომელიც დასახული გვქონდა, რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და სააკაშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან, არამედ მთავარი შეცდომა იყო ის, რომ სწორად არ გვქონდა განსაზღვრული ამ მიზნის მიღწევის გზები, არ გვქონდა ჩამოყალიბებული გეგმა, არ გვქონდა გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი და ა.შ.”.

კვირის ბოლოს კი „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი „ახალ ალიანსთან“ საუბრისას აღნიშნავდა: „შეცდომა არ დაგვიშვია, ნაკლი კი ყოველთვის თან ახლავს პოლიტიკურ პროცესს. ნაკლების დასაძლევად პროცესში ხალხის ჩართვაა საჭირო. ხალხს უნდა ვკითხოთ, ვის რა ადგილი და როლი ეკუთვნის პოლიტიკაშიო“.

კვირის განმავლობაში „რეზონანსი“ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დეზერტირობის ბრალდებით დაკავებული სამხედროების გათავისუფლებაზე წერდა. „ჯარისკაცები არჩევანის წინაშე დადგნენ - ან ციხე, ან საპროცესო გარიგება და თავისუფლებაზე ყოფნა“, - უთხრა გაზეთს სამხედრო ექსპერტმა გიორგი მელითაურმა, რომელიც დეზერტირობის ბრალდებით დაკავებულთა საქმეს დამოუკიდებლად სწავლობს.

ასევე, მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქართული გაზეთი ცდილობდა გაერკვია, მართლაც ესროლეს თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილს ფეხსაცმელი განმუხურში. ამ თემას პრესამ გასულ კვირას ათზე მეტი სტატია მიუძღვნა. განსაკუთრებით ბევრს გაზეთები მას შემდეგ წერდნენ, რაც „ერთიანი საქართველოსათვის“ გენერალურმა მდივანმა, ეკა ბესელიამ, განაცხადა, სააკაშვილს ფეხსაცმელი ვინმე ჯიმშერ ჭაფანძემ ესროლა და მას პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობისთვის სამ დღეში გაასამართლებენო. „ალია“ და „რეზონანსი“ ამაოდ ცდილობდნენ ამ სახელისა და გვარის მქონე პიროვნების წინააღმდეგ საქმის მოძიებას. ოფიციალური პირები კვლავაც აცხადებენ, ასეთი არაფერი მომხდარა და, შესაბამისად, არც არავინ სამართლდებაო.

გაზეთები გამოეხმაურნენ უზნაძის ქუჩაზე პოლიციელის მკვლელობას და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გამოსვლას. „ ალია” დაუკავშირდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს, რომელმაც განმარტა, 16 სექტემბერს ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებული რეხვიაშვილისთვის თავის დროზე შეწყალების კომისიას არ მიუცია რეკომენდაციაო. „რეზონანსი“ კი კითხულობდა, ახსოვს თუ არა სააკაშვილს, რომ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავად შეიწყალაო. გაზეთი ყოფილ ომბუდსმენ სოზარ სუბარს გაესაუბრა, რომელმაც თავად პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების პოლიტიკა გააკრიტიკა: „ნოემბერში ნარკოტიკების გამსაღებლები შეიწყალა, რომელთაც 20 წელი ჰქონდათ მისჯილი და 2 წელიც არ ჰქონდათ მოხდილი. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მართლა ვინც შესაწყალებელი იყო, მათ არ იწყალებს“, - უთხრა სუბარმა „რეზონანსს“.

კვირის ბოლოს პრესა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მომხდარ ცვლილებაზე წერდა. „ჯერ არავინ იცის, ნოდარ ახალკაცი ნებით წავიდა თუ გაუშვეს იმ ძალებმა, რომლებმაც მოიყვანეს“, - იუწყებოდა „ახალი თაობა“. „ვერსია“კითხულობდა, დაიჭერენ თუ არა ნოდარ ახალკაცსო და ამატებდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობას ჯერ კონტროლის პალატა, შემდეგ პროკურატურა შეისწავლისო. „საქართველოს რესპუბლიკამ“ კი ახალკაცის პრეზიდენტობა სტატიის სათაურშივე შეაფასა: „გაუპატიურებული საზოგადოებრივი აზრი, გაბახებული ფედერაცია და დამბლადაცემული ნაყოფი“ .

კვირის ბოლოსვე გაზეთები შეფასებას აძლევდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ჩეხეთსა და პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსების გეგმის შეჩერებასთან დაკავშირებით. შაბათის „ალიაში“ ექსპერტმა რამაზ კლიმიაშვილმა პასუხი გასცა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც გააკეთეს განცხადება, ახალი სისტემით საქართველო უფრო დაცული იქნებაო: „დავით დარჩიაშვილს რომ ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითონაც არ იცის, რას ლაპარაკობს. დახედონ რუკას და მაჩვენონ, რომელი სისტემით გამოდის საქართველო უფრო დაცული“, - უთხრა კლიმიაშვილმა „რეზონანსს“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG