Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე სექტორმა ვადამდე პირობით გათავისუფლების ხუთი კანდიდატი შეარჩია


არასამთავრობო სექტორმა შეარჩია ხუთი კანდიდატი, რომელთაგან ერთი ვადამდე პირობით გათავისუფლების მუდმივმოქმედ კომისიაში სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. ამგვარი შესაძლებლობა მესამე სექტორს პატიმრობის შესახებ კანონში 2009 წლის 11 ივლისს შეტანილმა ცვლილებამ მისცა. რატომ არის მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ცხრაკაციან კომისიაში თუნდაც მხოლოდ ერთი წარმომადგენლის ყოლა და რა პრინციპით შეირჩნენ კანდიდატები?

არასამთავრობო სექტორის 20-მა ორგანიზაციამ კომისიისთვის ხუთი კანდიდატი 13 პოტენციური კანდიდატიდან ფარული კენჭისყრის გზით შეარჩია. კენჭისყრა 18 სექტემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში შედგა. ხუთკაციან სიაში მოხვდნენ: თამარ ხიდაშელი, ლია მუხაშავრია, მანანა კობახიძე, გია თევზაძე და თამაზ ბაკურიძე. სიაში ვერ მოხვდა ”ახალი თაობა - ახალი ინციატივის” ხელმძღვანელი და მან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, თუმცა კოკი იონათამიშვილს განაწყენების კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია.

კანდიდატთა ხუთკაციან სიას კი, არასამთავრობო სექტორი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს 21 სექტემბერს მიაწვდის. სწორედ ამ სამინისტროს წიაღში ასამოქმედებელ კომისიაში - პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიაში - შესაყვანად არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან ერთ-ერთს საბოლოოდ მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, შეარჩევს. შაშკინს არჩევანის გაკეთება იმ 3 კანდიდატს შორის მოუწევს, რომლებსაც, თავის მხრივ, მისი მრჩეველთა საბჭო 5 კანდიდატიდან შეარჩევს.

ასეთ მიდგომას არ ეთანხმება არასამთავრობო სექტორის მიერ ხუთკაციან სიაში შეყვანილი ლია მუხაშავრია - არასამთავრობო ორგანიზაციის, ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის”, ხელმძღვანელი, რომელიც კენჭისყრას არ ესწრებოდა. ”რატომ? მე არ ვიცოდი ამ პროცედურის შესახებ... კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ შევთანხმებულიყავით ერთ კანდიდატზე და უალტერნატივოდ წარგვედგინა ის შაშკინისთვის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მუხაშავრიამ, რომელიც თვლის, რომ ერთი კანდიდატის წარდგენით არასამთავრობო სექტორი სამინისტროს და, საერთოდ, ხელისუფლებას ასევე ჩაუტარებდა ტესტს, რაც გამოაჩენდა ”რამდენად სურთ მათ გამჭვირვალობა და რამდენად სურთ ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის რეალურად მონაწილეობა.”

არსებობს განსხვავებული აზრიც, რომლის მიხედვითაც, თუკი წარდგენილი ხუთივე კანდიდატი სამართლიანი და ღირსეული იქნება, სასჯელაღსრულების სამინისტროს ავტომატურად წაერთმევა ხელისუფლებისადმი ლოიალური კანდიდატის შერჩევის საშუალება.

ასეა თუ ისე, არასამთავრობო სექტორი მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების ცხრაკაციან კომისიაში მესამე სექტორს თუნდაც ერთი, მაგრამ თავისი წარმომადგენელი ეყოლება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ, მართალია, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთი ხმა ვერაფერს იზამს, მაგრამ, სამაგიეროდ, სამოქალაქო სექტორს კომისიაში ”ეყოლება ელჩი”, რომელიც იქიდან ზუსტ ინფორმაციას გამოიტანს და, შესაბამისად, ადვილი იქნება საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენება და, ასე ვთქვათ, ”ხმაურის ატეხა”ამა თუ იმ შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ლია მუხაშავრია კი, უკვე ნათქვამის გარდა, კიდევ ერთ პერსპექტივას ხედავს: ”თუკი ჩვენ გვეყოლება კვალიფიციური, პროფესიონალი წარმომადგენელი ამ კომისიაში, ის, მე დარწმუნებული ვარ, გავლენას მოახდენს დანარჩენ რვა წევრზე... იქ უნდა მუშაობდეს პროფესიონალი, რომელსაც ექნება უნარი, გამოცდილება და საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტები კომისიის დანარჩენი წევრების დასარწმუნებლად.”

პატიმრობის შესახებ კანონში 2009 წლის 11 ივლისს შეტანილი ცვლილების მიხედვით, ცხრაკაციან კომისიაში, სასჯელაღსრულების სამინისტროს ექვსი და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენლის გარდა, შევა ორი დეპუტატი - ერთი უმცირესობის, ხოლო მეორე უმრავლესობის რიგებიდან. აქვე ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან კომისიაში გია არსენიშვილი, ხოლო უმცირესობიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე იმუშავებენ. ლორთქიფანიძე კომისიაში პარლამენტისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის პერსპექტივას საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია "ჩვენი წინააღმდეგობა, ჩვენი არგუმენტაცია, ჩვენი მოტივაცია... მე ვგულისხმობ საპარლამენტო კონტროლს. და ამისი კონტროლი, თავისთავად, განხორციელდება არასამთავრობო სექტორიდან უკვე. ანუ ჩვენი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის აზრი თუ დაემთხვა ერთმანეთს, ეს იქნება ძალიან საინტერესო განხილვის თემა შემდგომში, როცა კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პატიმრის მიმართ."

როგორ შედგება ეს თანამშრომლობა, სულ მალე გახდება ცნობილი. ვადამდე პირობით გათავისუფლების კომისიის პირველი სხდომა ახალი შემადგენლობით სექტემბრის ბოლოს გაიმართება. იგეგმება 100-ზე მეტი პატიმრის საქმის განხილვა. კომისიის სხდომა ყოველი თვის ბოლოს ჩატარდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG