Accessibility links

ამერიკული რაკეტები და კავკასია


აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გამოცდა

აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გამოცდა

ლამის პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ვაშინგტონიდან წამოსული ინიციატივების ადრესატად საკუთარი თავი არ მიიჩნია და საზეიმო პიარ-კამპანია არ წამოიწყო. “საქართველოს ამ საკითხთან მიმართებაში არავითარი პოზიცია არ აქვს. ეს მესიჯი ჩვენი ქვეყნისთვის არავითარ საფრთხეს არ შეიცავსო”, -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ვაშინგტონის ახალ ინიციატივაზე აღარ შექმნას ანტისარაკეტო თავდაცვის ე.წ. “მესამე პოზიციური რაიონი” აღმოსავლეთ ევროპაში.

თუმცა ინერცია მაინც ძლიერია. სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმებზე გამოქვეყნებულ შეფასებებში გამოსჭვივის აზრი, რომ აღმოსავლეთ ევროპის ნაცვლად ამერიკის ანტისარაკეტო სისტემის ელემენტები შესაძლოა საქართველოშიც განლაგდეს. ფიზიკურად ყველგან ყველაფერი შეიძლება განლაგდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ირანული ბალისტიკური რაკეტების გადამტაცი სისტემების საქართველოში ჩატანა სტრატეგიულად სრულიად გამოუსადეგარია, - ამბობს სტრატეგიული საკითხების მკვლევარი, პროფესორი კახა კაციტაძე:

“იმიტომ, რომ ირანიდან შესაკავებელი რადარი და ანტირაკეტა სწორედ მაგ ტრაექტორიაზე გადის. მანდ უნდა განლაგდეს. კავკასიიდან შეიძლება რაკეტის გაშვება დააფიქსირო, მაგრამ ჩამოგდებისთვის დრო არ გყოფნის. ჯერ ერთი, იმხელა სიმაღლე არ ექნება იმ რაკეტას აკრეფილი –გინდა ევროპის მიმართულებით მიდიოდეს, და, მით უფრო, გინდა ამერიკის. და, ამას გარდა, ეს რომ ჩამოაგდო, ბალისტიკური რაკეტა, ბუნებრივია, ანტირაკეტა შემხვედრი კურსით უნდა მიდიოდეს, უკან ხომ არ მიაყოლებ.”

სხვათა შორის, კახა კაციტაძესთან ეს ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ ამა წლის მარტში ჩაწერა. მაშინ, თეთრი სახლის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, პირველად გაჟონა ინფორმაციამ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აპირებდა უარი ეთქვა მესამე პოზიციური რაიონის მშენებლობის პროექტზე აღმოსავლეთ ევროპაში. ანტისარაკეტო თავდაცვის ამერიკული გეგმის შეცვლის მთავარ მიზეზად ექვსი თვის წინ სახელდებოდა პროექტის ღირებულება, რომელიც არ იყო საფრთხის ეკვივალენტური. ბუშის ადმინისტრაციის გათვლით, სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვითი სისტემისათვის ვაშინგტონს 25 მილიარდი დოლარი უნდა დაეხარჯა. თანაც, იყო სასტიკი წინააღმდეგობა და მუქარაც მოსკოვის მხრიდან. შესაბამისად, გამოიძებნა ერთგვარი “ოქროს შუალედი”. პოზიციური რაიონის ნაცვლად, ვაშინგტონმა აქცენტი საზღვაო ბაზირების მობილურ ანტისარაკეტო სისტემებზე გააკეთა.

“საქმე იმაშია, რომ გარკვეული ანტირაკეტული სისტემები, რომლებიც ეფექტიანობით, აი, ამ “მესამე პოზიციური რაიონის” რაკეტებს უახლოვდებიან, პრაქტიკულად უკვე არის”,- ამბობს სტრატეგიის საკითხების ექსპერტი კახა კაციტაძე, რომელსაც მხედველობაში აქვს საზღვაო ბაზირების “ხომალდი-ჰაერის” ტიპის რაკეტა “სტანდარტები”. “სტანდარტების” ტიპის სიშორე, მისი თქმით, „მიაღწევს, ალბათ, 1500 კილომეტრს და ეს იხვეწება.”

ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის კორექტირებული გეგმის თანახმად, ვაშინგტონი აპირებს ზღვაზე ხომალდებზე დაამონტაჟოს ათეულობით “სტანდარტის” ტიპის უფრო მობილური SM-3 გადამტაცი რაკეტები, რომელიც საზენიტო სარაკეტო კომპლექს “იჯის”-ის შემადგენელი ნაწილია.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა, რომელიც სამხედრო უწყებას ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაშიც ედგა სათავეში, 18 სექტემბერს განაცხადა, ახალი ანტისარაკეტო სისტემა სახმელეთო სისტემის განვითარებული ვერსიაა, რომელსაც მე ვემხრობოდი წინა მთავრობაში ყოფნისასო:

"ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენს მოკავშირეებზე დაყრდნობით, მათთან თანამშრომლობას და განვავითარებთ სისტემას, რომელიც უფრო ეფექტიანად დაგვიცავს ძალიან რეალური და მზარდი საფრთხისაგან. ის, ვინც ამბობს, რომ ჩვენ ჩამოვწერეთ ევროპის ანტისარაკეტო დაცვა, ან არასწორადაა ინფორმირებული, ან არასწორად ესმის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ."

18 სექტემბერსვე, პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვაო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, შესაძლოა, განთავსდეს სამხრეთ ევროპაში ან კავკასიასთან ახლოს. ამ გაჟონვას ერთგვარი ზონდის ფუნქცია აქვს. ვაშინგტონს, რომელიც მხარს უჭერს სამხრეთ ევროპაში - კერძოდ, ბალკანეთზე - საჰაერო თავდაცვის მობილური სისტემების დაყენებას, სურს გაიგოს რა აზრისაა მოსკოვი, რომელიც, ალტერნატივის სახით, ვაშინგტონს აზერბაიჯანში განთავსებულ გაბალის რადიოსალოკაციო სადგურს(რსს) სთავაზობდა. თუმცა, რუსული გამოცემა “ეჟენედელნი ჟურნალის” სამხედრო მიმომხილველის ალექსანდრ გოლცის თქმით, გაბალის რადიოსალოკაციო სადგური, მისი სისტემური ხარვეზების გამო, ამერიკელებისათვის მიუღებელი უნდა იყოს.

“გაბალის რადიოსალოკაციო სადგურს არ აქვს მიზნის მითითების შესაძლებლობა. მას ძალიან ზუსტად და ძალიან დროულად შეუძლია რაკეტის სტარტის დაფიქსირება, მაგრამ არ შეუძლია მიმართოს ანტირაკეტა, რაკეტა გადამტაცი. ამიტომ ასეთი სადგურები შეიძლება ჩართული იყოს ამერიკის ანტისარაკეტო სისტემაში, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო.”

მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ პოლიტიკური მოსაზრებების გამო ამერიკული საჰაერო თავდაცვითი სისტემის კომპონენტები კავკასიაში, ვთქვათ, შავ ზღვაზე გამოჩნდეს? ალექსანდრ გოლცის თქმით, ამის ალბათობა თეორიულად არ უნდა გამოირიცხოს, თუმცა არსებობს წინააღმდეგობა, რასაც ვაშინგტონისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს:
“ამ შემთხვევაში, წმინდად თეორიულად, არ უნდა გამოირიცხოს ამ ძალების განთავსება კავკასიის რეგიონში. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა. პოლიტიკა, შეერთებული შტატების უპირობო პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ უარი თქვას სამხედრო ბაზების განლაგებაზე კონფლიქტის ზონებში. მთელი ჩვენი კავკასია კი წარმოადგენს ერთ დიდ კონფლიქტის ზონას. ყველა კავკასიური სახელმწიფო ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება.”

იქმნება მოჯადოებული წრე.

კავკასიაში კონფლიქტების უკან დგას მოსკოვის ინტერესები - ზოგან ფარული, მაგალითად, მთიან ყარაბახში, და ზოგან კიდევ - აშკარა. მოსკოვმა ღიად დაუჭირა მხარი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. თბილისის მტკიცებით, გასულ წელს რუსეთმა “ისკანდერის” ტიპის რაკეტებიც კი გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ ომში, რითაც აშკარა სიგნალი გაუგზავნა დასავლეთს, რომ ამ რაკეტებს ასეთივე წარმატებით ევროპისკენაც გაუშვებდა. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, რუსეთმა უარი განაცხადა “ისკანდერის” სარაკეტო კომპლექსები განალაგოს კალინინგრადის რაიონში. ასე გამოეხმაურა ბოლომდე კმაყოფილი მოსკოვი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ხელი აიღოს ანტისარაკეტო სისტემის განლაგებაზე აღმოსავლეთ ევროპაში.

დიდ პოლიტიკაში მართლაც იცვლება რაღაც.

თუმცა საკითხავი ისაა, თუ რის ნაცვლად და ვის სასარგებლოდ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG