Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში ქართული საზოგადოების ყურადღება ჟენევისა და ვაშინგტონისკენ იყო მიპყრობილი. შვეიცარიაში საქართველოს ხელისუფლებისა და სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები მეშვიდედ შეხვდნენ ერთმანეთს, ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ კი, არ განათავსოს აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემა, გასული კვირის ყველა პოლიტიკური მოვლენა დაჩრდილა. გამოითქვა ვარაუდი, რომ,

პოლონეთისა და ჩეხეთის ნაცვლად, ამერიკის ადმინისტრაცია ანტისარაკეტო სისტემას კავკასიის რეგიონში განათავსებს.

გასული კვირა საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლის განახლებით დაიწყო. 300 გარემონტებული სკოლა და 40 000 პირველკლასელი - ასე შეხვდა საქართველო ახალ სასწავლო წელს. 14 სექტემბერს, ტრადიციულად, სკოლაში პირველად მისულ მოსწავლეებს, პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში, სახელმძღვანელოები და ჩანთები დაურიგდათ. გარდა ამისა, განათლების მინისტრის ნიკა გვარამიას თქმით, მთავრობამ იზრუნა სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მათთან გათანაბრებული, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ოჯახების, პირველკლასელებზეც:

„100-ლარიანი დახმარება ჩარიცხული იქნება 25 ოქტომბრამდე. დოკუმენტების წარდგენის ვადა იწყება დღეიდან და გაგრძელდება 25 სექტემბრამდე.“

დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, შეფერხებით დაიწყო სასწავლო წელი გალის რაიონში, სადაც საბერიოში, დიხაზურგში, განთიადისა და ლეკუხონში მცხოვრებ მოსწავლეებს ოკუპანტებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისა და სკოლებში მისვლის საშუალება არ მისცეს. გასულ კვირაშივე საქართველოს ხელისუფლებამ სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებთან, რუსეთის, გაეროსა და ევროკავშირის მონაწილეობით, ჟენევაში მორიგი, მეშვიდე, შეხვედრა გამართა. გიგა ბოკერიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თქმით, განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცეცხლის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტის პროექტი, რომელშიც რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის ხედვაა ჩამოყალიბებული.

„ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ვთვლით სავალდებულოდ. აქ ლაპარაკია, რომ ინსტრუმენტი უნდა არსებობდეს ამის შესრულებისა. ამის შესრულების ინსტრუმენტები კი არის ამ პირობებში მეტი საერთაშორისო წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის ძალების დაშორიშორება, დეოკუპაცია, დემილიტარიზაცია“, - განაცხადა ჟენევის კონსულტაციების დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიამ.

17 სექტემბერს დასრულებულ ჟენევის შეხვედრაში პირველად მონაწილეობდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტინა კეიდენაუ, რომელიც გასულ კვირაში საქართველოსაც სტუმრობდა. ამერიკელი დიპლომატი ორი დღის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. გასულ კვირაშივე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, სიტყვით გამოსვლისას ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა, თუმცე იქვე შენიშნა, რომ კვლავაც ძალაშია ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით:

„ცხადია, ერთგული ვრჩებით 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებისა, მაგრამ სწორედ ამ მიზეზითაა აუცილებელი, რომ რუსეთთან ამ საკითხზე მიუკერძოებელი და ღია დიალოგი დავიწყოთ. მართლაც მაქვს ამბიცია, რუსეთი დავარწმუნო, რომ ღია კარის პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული."
გასულ კვირაშივე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უარს აცხადებს ანტისარაკეტო ფარის პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში განთავსებაზე, თუმცა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა, იქვე განმარტა, რომ შეიქმნება ახალი ანტისარაკეტო სისტემა, სახმელეთო სისტემის განვითარებული ვერსია:

,, ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენს მოკავშირეებზე დაყრდნობით, მათთან თანამშრომლობას და განვავითარებთ სისტემას, რომელიც უფრო ეფექტიანად დაგვიცავს ძალიან რეალური და მზარდი საფრთხისაგან. ის, ვინც ამბობს, რომ ჩვენ ჩამოვწერეთ ევროპის ანტისარაკეტო დაცვა, ან არასწორად ინფორმირებულია, ან არასწორად ესმის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.”

ამერიკის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას - არ განათავსოს აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, საქართველოშიც გამოეხმაურნენ. ვერსიების თანახმად, ახალი ანტისარაკეტო სისტემა შეერთებულმა შტატებმა შეიძლება კავკასიის რეგიონში განალაგოს. პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელის თქმით, ამ ეტაპზე ძნელია იმის განჭვრეტა, თუ რა ხდება სინამდვილეში ამერიკასა და რუსეთს შორის.

„ცოტათი ნაადრევია ამის თქმა. ის ჩანს როგორც უკანდახევა, მაგრამ, სინამდვილეში, უნდა ვიცოდეთ, ეს არის უკანდახევა თუ შეთანხმება: თქვენ ამას გააკეთებთ, ჩვენ კი - ამას”, უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრე რონდელმა.

გასული კვირა დატვირთული აღმოჩნდა შიდაპოლიტიკური მოვლენებითაც. პრეზიდენტი სააკაშვილი შეწყალების მოქმედი მექანიზმის გადახედვის ინიციატივთ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ერთი წლის წინ შეწყალებით გათავისუფლებულმა ახალგაზრდამ ერთი პოლიციელი მოკლა, ორი კი მძიმედ დაჭრა. გასულ კვირაშივე ძალაში შევიდა პატიმრობის შესახებ კანონში შეტანილი ის ცვლილება, რომელიც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ვადამდე პირობით გათავისუფლების კომისიის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის:

„კომისიას ეყოლება 9 წევრი. ამათგან ექვსი სამინისტროს, ერთი მესამე სექტორის და ორიც პარლამენტის წარმომადგენელი იქნება.“

გასულ კვირაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის სხვა წევრებს, ეკონომიკის მეტი ლიბერალიზაციის მიზნით, კანონებში შესატანი ცვლილებების პაკეტის მომზადება დაავალა.

გასული კვირის საყურადღებო მოვლენებიდან გამორჩეული იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა. ნოდარ ახალკაცმა გადაწყვეტილება მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების უფერული გამოსვლის გამო მიიღო.

„ნაკრებმა ვერ აჩვენა სახარბიელო შედეგი, ვერ მოვახერხეთ თამაშის მოგება. ამან გამოიწვია, ბუნებრივია, გულშემატკივართა უკმაყოფილება და მეც თავს უფლებას ვერ ვაძლევ შევინარჩუნო ის თანამდებობა, რომელიც მიკავია. მივიღე გადაწყვეტილება ჩემი სურვილით დავტოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა“, განაცხადა ახალკაცმა.

ნოდარ ახალკაცის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მე-16, რიგგარეშე, საარჩევნო ყრილობა 2009 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდება. წესდების მიხედვით, პრეზიდენტობაზე კანდიდატურების წარდგენა შეუძლია ფედერაციის ნებისმიერ წევრს 2009 წლის 26 სექტემბრამდე. ამასთან, ყრილობის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქართული ფეხბურთის განვითარების მოკლე პროგრამა უნდა წარადგინოს.
გასულ კვირაში ქართული საზოგადოების ყურადღება ჟენევისა და ვაშინგტონისკენ იყო მიპყრობილი. შვეიცარიაში კავკასიის უსაფრთხოების საკითხზე მორიგი კონსულტაციები გაიმართა
XS
SM
MD
LG