Accessibility links

გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შეცვლა არ იგეგმება. ეს ფაქტი ზოგიერთ კითხვას ხსნის, მაგრამ სხვა კითხვებს აჩენს. ამ თემაზე ია ანთაძე გესაუბრებათ.

საქართველოს ხელისუფლებაში ცვლილებები გამორიცხული არ არის მაშინაც კი, როცა ყველა ფაქტორი საპირისპიროს მიანიშნებს. მაგრამ ახლა დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ პრემიერმინისტრმა ნიკა გილაურმა, თავის გუნდთან ერთად, კაბინეტი გარკვეული პერიოდით შეინარჩუნა. ეს ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ხელში თავმოყრილი ძალაუფლება აღარ გადაუნაწილდება სავარაუდო პრემიერმინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, და საქართველოს მთავრობაში ყველაზე ძლიერ ფიგურად ვანო მერაბიშვილი დარჩება.

ბუნებრივად ჩნდება ეჭვები შინაგან საქმეთა მინისტრის გაზრდილი ამბიციების შესახებ და იბადება კითხვაც: რატომ ენდობა ძალაუფლების მიმართ მეტად მგრძნობიარე მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს იმდენად, რომ მას მართვის მეტისმეტად ბევრ ბერკეტს გადასცემს? ხომ არ არის ქვეყნის პირველი მმართველი ვანო მერაბიშვილი და ხომ არ გადაიქცა მიხეილ სააკაშილი მის მძევლად?

კიდევ ერთხელ ჩამოვთვლით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პირადაპირ და ლეგიტიმურად აკონტროლებს პოლიციას და უშიშროების სამსახურს, ხოლო ირიბად, მისთვის სანდო პირების მეშვეობით, აკონტროლებს ჯარს, განათლების სისტემას, ქვეყნის ეკონომიკას და საერთო–ეროვნულ ტელევიზიებს. ამას ემატება მისი ინტელექტუალური მხარდაჭერა: „ფანკლუბი“ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში, პერმანენტული მოხსენიება „ძლიერ მინისტრად“ საზოგადოებისთვის პატივსაცემი პირების მხრიდან, პუბლიკაციებში მისი გვარის დადებით კონტექსტში გამოჩენა.

წლების წინ, როდესაც „იმედის“ ეთერში პირველი რეპორტაჟები გავიდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ, ირაკლი ოქრუაშვილის გავლენა პირდაპირ ვრცელდებოდა „რუსთავი 2“–ზე და ირიბად – „იმედზე“. ოქრუაშვილი უზარმაზარ ბიუჯეტს განკარგავდა, მას ჰქონდა პრეზიდენტის დიდი მხარდაჭრა, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ნდობა. ვანო მერაბიშვილი კი, ოქრუაშვილთან შედარებით, საკმაოდ სუსტ ფიგურად გამოიყურებოდა. თუმცა, ძლიერ მოწყლვადი პოზიციიდან, მერაბიშვილმა შეძლო ოქრუაშვილთან უმძიმესი პაექრობის მოგება და სულ უფრო მეტი ძალაუფლების თავმოყრა საკუთარ ხელში; ფაქტობრივად, შეძლო პრეზიდენტის უპირობო ნდობის მოპოვება.

არის თუ არა დღეს ესოდენ გაძლიერებული შინაგან საქმეთა მინისტრი საშიში პრეზიდენტისთვის? ამ კითხვის პასუხად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თავად მიხეილ სააკაშვილს ვანო მერაბიშვილის ფაქტორი არ აშინებს. მან ყველაზე უკეთ იცის, რაშია მერაბიშვილის ძალა: თანამდებობაში და პრეზიდენტის მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხში, თუ შინაგან საქმეთა მინისტრის პიროვნულ თვისებებში. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ იგი მტკიცედ აკონტროლებს პროცესს და რომ მერაბიშვილის დღევანდელი ძალა და მხარდაჭერა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან, ძირითადად (ან, სულაც, მთლიანად) თანამდებობრივ ფაქტორს ეფუძნება და არა პიროვნულს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, დიდი სახელმწიფოები არ არიან გულგრილნი იმ საკითხის მიმართ, თუ ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ჩანს, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის პრეზიდენტობას მხარს საკმარისად გავლენიანი ძალები უჭერენ საქართველოს გარეთ. ეს ფაქტორი კი მთლიანად ხსნის შიშს ვანო მერაბიშვილის გაძლიერების საფრთხის მიმართ.

სავარაუდოდ, თავად მიხეილ სააკაშვილია დაინტერესებული, რომ მართვის ბერკეტებს ერთი – მისთვის სანდო – ადამიანის ხელში მოუყაროს თავი და ის ერთი იყოს პასუხისმგებელი პროცესების საჭირო მიმართულებით განვითარებაზე. მერაბიშვილმა ექვსწლიანი გამოცდილებით დაადასტურა, რომ კარგი მმართველია და იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი რუტინულ მუშაობას არ ცნობს, ვანო მერაბიშვილის მიერ აწყობილი ვერტიკალი – ეგრეთ წოდებული „ხერხემალი“ –სწორედ რომ მეტად მოსახერხებელია ქვეყნის სამართავად.

ასე რომ, ვიდრე ბალანსი არსებობს პრეზიდენტის მხრიდან ნდობასა და შინაგან საქმეთა მინისტრის ხელში თავმოყრილ ძალაუფლებას შორის, რადიკალური ცვლილებები არც საჭიროა და არც მოსალოდნელი. მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოყვანილი „ნდობის“ ფორმულის შინაარსი კი, სინამდვილეში, ეფუძნება არა ნდობას, არამედ, რაციონალურ არგუმენტებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილს პრეზიდენტის თვალში უფრო სუსტ პიროვნებად წარმოაჩენს, ვიდრე ძლიერ და საშიშ პოლიტიკურ ფიგურად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG