Accessibility links

ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავენ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა 23 სექტემბრამდე განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადაყვანილი, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების უსაფრთხოებას უკავშირდება. 20 სექტემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მე–19 წლისთავი ცხინვალში სამხედრო აღლუმით აღნიშნეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში ამ დღეს სამთავრობო დელეგაციები, ტრადიციულად, რუსეთიდან, დე ფაქტო აფხაზეთიდან, არაღიარებული დნესტრისპირეთიდან და მთიანი ყარაბახიდან ჩავიდნენ. წელს პირველად ცხინვალს რუსეთში ნიკარაგუის ელჩი ლუის ალბერტო მოლინა კუადრა ესტუმრა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ შეკრებილ საზოგადოებას, სტუმრებს და შეიარაღებულ ძალებს აღლუმის დაწყების წინ თეატრალურ მოედანზე მოწყობილი ტრიბუნიდან მიმართა. მისი მიმართვა და აღლუმი ცხინვალის ტელევიზიამ სრულად გადასცა ეთერში. კოკოითიმ, პირველ რიგში, მადლობა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას გადაუხადა.

გამოსვლის დასასრულს კოკოითიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება მოსთხოვა.

კოკოითის მიმართვას საქართველოს ხელისუფლებიდან ჯერ არავინ გამოხმაურებია. ცხინვალში 20 სექტებრის დღესასწაული თეატრალურ მოედანზე კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.სადღესასწაულო ღონისძიებები ცხინვალში 23 სექტემბრამდე გასტანს. ამ დრომდე როგორც სასაზღვრო ძალები, ისე ადგილობრივი მილიცია განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ.
XS
SM
MD
LG