Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მყოფი აშშ-ის მთავარი სამხედრო პირი დასავლეთს აფრთხილებს


აშშ-ის ჯარისკაცები ავღანეთში
აშშ-ის ჯარისკაცები ავღანეთში
ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდალი, გენერალი სტენლი მაკკრისტალი დასავლეთის სახელმწიფოებს აფრთხილებს, რომ დამატებითი ძალების გარეშე ავღანეთში მეამბოხეებთან ომი მარცხით დასრულდება. აშშ-ის მედია იუწყება, რომ სიტუაციის ამ მწარე შეფასებას შეიცავს აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსისთვის წარდგენილი ანგარიში.

გენერალ მაკკრისტალის შეფასებით, ავღანეთში ვითარება “სერიოზულია”. მისი ვარაუდით, საერთაშორისო კოალიციურ არმიას მოქმედებისთვის მხოლოდ 12 თვე აქვს დარჩენილი. სხვა შემთხვევაში დიდია რისკი, რომ თალიბანის დამარცხების შანსი დაიკარგოს. ასლი ამ ანგარიშისა გაზეთ “ვაშინგტონ პოსტს” გადაეცა. ავღანეთში დასავლეთის ჯარების მეთაური აცხადებს, რომ კოალიციამ ინიციატივა ხელში უნდა ჩაიგდოს, რათა თალიბანის ამჟამინდელი აქტიურობა შეჩერდეს. მაკკრისტალი ფიქრობს, რომ ავღანეთში დამატებითი ძალები უნდა გაიგზავნოს. მისივე აზრით, საჭიროა უფრო მეტი ჯარისკაცი, ვიდრე პრეზიდენტმა ობამამ გადაწყვიტა დამატებით გაეშვა ავღანეთში. დამატებითი 21 ათასი სამხედროს იქ ჩასვლის შემდეგ, ამ ქვეყანაში ამჟამად სულ 68 ათასი ამერიკელი სამხედროა. მომავალ კვირებში მაკკრისტალი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს მთავრობას. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნის თაობაზე. 20 სექტემბერს მან თქვა, რომ ეს საკითხი განხილვის სტადიაშია:



“ჩემთვის მთავარი საკითხია, რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი სამშობლო - ამერიკა. ავღანეთი და პაკისტანი ამ პროცესის კრიტიკული ელემენტებია, მაგრამ ერთადერთი მიზანი, რისთვისაც ვგზავნი თითოეულ ახალგაზრდა კაცსა თუ ქალს სადმე, მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში, ისაა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ.”
ობამამ განაცხადა, რომ სანამ ჯარის გაგზავნას გადაწყვეტდეს, საჭიროა პასუხი გაეცეს უფრო ფუნდამენტურ შეკითხვას: სწორია ეს სტრატეგია? თუკი პასუხია “არა”, მაშინ ჯარის რაოდენობის გაზრდა არაფერს მოიტანს.

“ვაპირებთ შევაფასოთ ვითარება, ხელახლა გავაანალიზოთ, რა ხდება, დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი სტრატეგია და რესურსები, ერთად, შეესაბამება დასახულ მიზანს - ალ ყაიდას დავაკარგვინოთ უნარი, თავს დაესხას აშშ-ს.”

თავის ანგარიშში მაკკრისტალი ღიად წერს, რომ სტრატეგიის შეცვლაა საჭირო. გენერალი ფიქრობს, რომ საჭიროა შემუშავება გეგმისა, რომელიც ავღანელი ხალხისთვისაც მისაღები იქნება, რამდენადაც გაზრდის მის ნდობას კოალიციის ჯარისადმი, ნდობას, რომლის ნაკლებობაცაა დღეს.

დღემდე, მისი თქმით, უცხოეთის ჯარები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შორს იყვნენ ავღანელი ხალხისაგან. მათ მეტი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მინიმუმადე დავიდეს მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში და თავიდანვე იქნეს აცილებული თანამდევი ზარალი.

იტალიაში დღეს გლოვაა გამოცხადებული. გლოვობენ ავღანეთში გასულ კვირაში დახოცილ ექვს სამხედროს. უცხოეთის ჯარისკაცებს შორის მსხვერპლის ზრდასთან ერთად, ქვეყნები, რომლებსაც ავღანეთში თავიანთი სამხედროები ჰყავთ მივლინებული, სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას, რამდენად მიზანშეწონილია მათი მონაწილეობა ომში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG