Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ანტისარაკეტო სფეროში ცვლილების გეგმას იცავს


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
გასულ კვირაში განცხადებული სიახლის შემდეგ, რომ აშშ აღმოსავლეთ ევროპაში - ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში - ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმას ცვლის, კვირას, პირველად, პრეზიდენტმა ობამამ იმედი გამოთქვა, რომ ახალი სისტემის მიმართ “რუსები ნაკლებად პარანოიდულად” განეწყობიან. სატელევიზიო ინტერვიუში ობამამ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება და უარყო ვარაუდი, თითქოს ის ამ გადაწყვეტილებით რუსების დაშოშმინებას ცდილობდეს.

“სი-ბი-ეს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბარაკ ობამამ თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება გეგმის შეცვლასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს მიჩნეული ცალმხრივ დათმობად რუსეთისთვის. მოსკოვი ბუშის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ გეგმას, განეთავსებინა ანტისარაკეტო ფარი ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში, სასტიკაც ეწინააღმდეგებოდა.

ბარაკ ობამამ ინტერვიუს დასაწყისში განმარტა, თუ როგორ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება:
“როცა პრეზიდენტის პოსტი დავიკავე, იმავე პირებს, ვინც ხელი მოაწერა პრეზიდენტ ბუშის ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმას, ჩემს თავდაცვის მინისტრს ბობ გეიტსს, ასევე შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, ვთხოვე, განემარტათ ჩემთვის, დაზვერვის მათ ხელთ არსებული მონაცემების, ჩვენი ტექნოლოგიისა და იმის გათვალისწინებით, თუ რა ვიცით ირანის მხრიდან საფრთხის შესახებ (სწორედ ეს და არა რუსეთი იყო ჩვენი შეშფოთების მთავარი მიზეზი), ეთქვათ ჩემთვის, იყო თუ არა ჩვენ მიერ შემუშავებული სისტემა საუკეთესო გზა. ისინი მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: იცით, რა? იმის მიხედვით, რაც დღეს ვიცით, ვფიქრობთ, ამის გასაკეთებლად უკეთესი გზა არსებობსო.”

ობამამ ახლა იმედი გამოთქვა, რომ რუსები ახალი გეგმის მიმართ ნაკლებად პარანოიდულად განეწყობიან:
„ამოცანა რუსებთან მოლაპარაკება არ ყოფილა. რუსები არ განსაზღვრავენ, რა გზას ავირჩევთ თავდაცვის სფეროში. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ იმის მიხედვით, თუ როგორ დავიცვათ ამერიკელი ხალხი, ასევე ჩვენი ჯარები და ჩვენი მოკავშირეები. ხოლო თუ ამას შედეგად ისიც მოჰყვება, რომ რუსები ნაკლებად პარანოიდულად განეწყობიან და ისურვებენ ჩვენთან უფრო ეფექტიანად თანამშრომლობას, რათა პასუხი გავცეთ ირანის ბალისტიკური რაკეტებისა თუ თეირანის ბირთვული განვითარებიდან მომავალ საფრთხეს, ამაზე უკეთესი რა უნდა ისურვო?”

კრემლი ქებით შეხვდა ობამას გადაწყვეტილებას, რასაც მოჰყვა სპეკულაცია, თითქოს ობამა შეეცადა რუსებისთვის ეამებინა, რათა საპასუხოდ მოსკოვისგან ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში თანამშრომლობაზე თანხმობა მიეღო. მოსკოვი წინააღმდეგი იყო თეირანისთვის სანქციების გაძლიერებისა, რასაც ესწრაფვიან დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ანტისარაკეტო ფარი და ირანის ბირთვული სფერო მთავარი თემები იქნება ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის შეხვედრაზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ამ კვირაში, ნიუ-იორკში. ობამამ სატელევიზიო ინტერვიუში გარკვევით თქვა, რომ ის არ აპირებს ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა მთლიანად გააუქმოს:
“სარაკეტო თავდაცვას არ ვაუქმებთ. სინამდვილეში, რასაც ვაკეთებთ, ესაა უფრო თანამედროვე, უფრო ნაკლები ხარჯის მომტანი სისტემის შექმნა, რომელიც უპასუხებს, ჩვენი თვალსაზრისით, ირანიდან მომავალ საფრთხეს.”
ანტისარაკეტო თავდაცვის ახალი გეგმა, სხვათა შორის, გულისხმობს სენსორებისა და გადამტაცი რაკეტების განთავსებას ზღვაზე, ხმელეთსა და ჰაერში. ამ სისტემის ნაწილი, რომელიც ირანის მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტებისგან თავდაცვას უნდა მოემსახუროს, 2011 წელს დამონტაჟდება.

გეგმის ობამასეულ ცვლილებას ქებით შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელმაც გაზეთ “ფაინენშელ ტაიმსში” ამ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიაში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას “ძლიერი და ჭკვიანური მიდგომა” უწოდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG