Accessibility links

”მთელი კვირა” წერს, რომ უახლოეს პერიოდში განათლების მინისტრი ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილს ჩაანაცვლებს, განათლების მომავალ მინისტრად კი ანა ჟვანიას ”მოიაზრებენ, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების ინსტიტუტის ფრთა ლობირებს”. ”მთელი კვირა” და კიდევ რამდენიმე გაზეთი წერს დღეს ბორის ბერეზოვსკის საქართველოში ვიზიტის შესახებ. ”მთელი კვირა”, გოგა ხაინდრავაზე დაყრდნობით, წერს, რომ ბერეზოვსკი ბადრი პატარკაციშვილის საფლავზეც მივიდა და მას უმრავლესობის წევრი გივი თარგამაძე ახლდა. ”თვითონ გივი არ შესულა, მაგრამ გარეთ ელოდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმ წყაროებს, ვისზე დაყრდნობითაც მე ვლაპარაკობ, ეს არის რეალობა”, - განუცხადებია ხაინდრავას ”მთელი კვირისთვის”. შსს სამინისტროს წარმომადგენელმა გაზეთისთვის მიცემულ კომენტარში უარყო ბერეზოვსკის საქართველოში ვიზიტი.

”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ”სააკაშვილმა ბერეზოვსკის პატარკაციშვილის ქონება შესთავაზა”, გოგა ხაინდრავა ამბობს: ”ბერეზოვსკი საქართველოში ლუკაშენკოს გარანტიით ჩამოვიდა”, და დასძენს: ”პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ბერეზოვსკიმ შეიძლება ამათთან [ხელისუფლებასთან] რაიმე ურთიერთობა დაამყაროს, მაგრამ მისგან კარგს არაფერს უნდა ელოდონ.”
ბერეზოვსკის ვიზიტს ”კვირის ქრონიკას” უდასტურებს ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მისი თქმით, ბერეზოვსკის ჩამოსვლა თბილისში სინაგოგის გახსნას უკავშირდება, რაც, ნათელაშვილისავე თქმით, საბაბი იყო და ბერეზოვსკი გახსნაზე არ მისულა. ”აქ ყველაზე საშიში ნიუანსი იკვეთება”, - ამბობს ნათელაშვილი. - ”ხომ არ მიდის მოლაპარაკება ბერეზოვსკისა და სააკაშვილს შორის პატარკაციშვილის ქონების გაყოფაზე, ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ? შესაძლებელია, ”იმედი” გადააფორმონ ბერეზოვსკის სახელზე, როგორც ბადრის ყოფილ პარტნიორზე, რათა მერე თქვან, რომ ჩვენ ეს ტელევიზია ბადრის პარტნიორს დავუბრუნეთო.”
ამავე ვერსიაზე წერს ”კვირის პალიტრაც”: ”რა ინტერესები უნდა ამოძრავებდეს ბორის ბერეზოვსკის საქართველოში და რისი მიღება სურს მისგან ხელისუფლებას? ამასთან დაკავშირებით სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, ახლა სააკაშვილის რეჟიმს ისე უჭირს, რომ ბორის ბერეზოვსკის კი არა, თვით მკვდრეთით აღმდგარ პატარკაციშვილსაც შეხვდებაო”, - წერს ”კვირის პალიტრის” ავტორი და ვაჭრობის სავარაუდო საგნად ტელეკომპანია ”იმედს” ასახელებს.
”კვირის პალიტრაში” წაიკითხავთ ინტერვიუს პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვთან, რომელიც საერთაშორისო და საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს აანალიზებს. ანტისარაკეტო სისტემის შესახებ აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ბარნოვი ამბობს: ”დღეს ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის ”ჩათრევის” პოლიტიკას, რომელსაც ამერიკა და ნატო ერთობლივად ახორციელებენ. ამ კონტექსტში ჯერ კიდევ პასიურია ევროკავშირი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი გააქტიურებაც მოხდება.”
დღევანდელ პრესაში ერთ-ერთი თემაა საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის გეგმები. ”ახალ თაობაში” კონსერვატორთა ლიდერ ზვიად ძიძიგურთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”ვინც შევა პარლამენტში მანდატების გაუქმების შემდეგ, სააკაშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს”. ”კვირის პალიტრას” რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ამავე საკითხზე ეუბნება: ”ვინც დახეულ მანდატზე დღეს იტყვის მრთელიაო, ის პარლამენტში მიდის, მაგრამ მიდის პოლიტიკიდანაც.”
”ვერსია” წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია სოზარ სუბარის რესპუბლიკურ პარტიაში შესაძლო გაწევრიანების შესახებ. ”ვერსიაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერ ეკა ბესელიასთან. ”აპრილის აქციებმა ერთობაზე წარმოდგენა შემიცვალა და ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში გრძელვადიანი ერთობა მიუღწევლად მიმაჩნია. გამოკვეთილ ლიდერს კი ნამდვილად ვერ ვხედავ, თუმცა საქმე სულ სხვანაირად იქნებოდა, საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილი რომ ყოფილიყო”, - ამბობს ბესელია.

”24 საათი” მუხროვანის ამბოხის შესახებ მიმდინარე სასამართლო პროცესზე წერს. გაზეთის ინფორმაციით, ”სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის, ”დელტას”, ყოფილი ასმეთაურის, გია ღვალაძის, დაკითხვით განახლდება. ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის, ასევე პატიმრობაში მყოფი კობა კობალაძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ”24 საათს” უთხრა, რომ ღვალაძეს მოულოდნელად ადვოკატი შეუცვალეს და მისი დამცველი სახაზინო ადვოკატი გახდა და რომ ღვალაძის ჩვენებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
დღევანდელ პრესაში წაიკითხავთ კათალიკოს-პატრიარქის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორის, როლანდ ახალაიას, წმინდა გიორგის ოქროს მედლით დაჯილდოების შესახებაც.
XS
SM
MD
LG