Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონმა სააკაშვილს „სტრატეგიული მოთმინებისკენ“ მოუწოდა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს. როგორც კლინტონმა სააკაშვილს უთხრა, ვაშინგტონის აზრით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის მოკლევადიანი გზა არ არსებობს. "რამდენადაც უნდა გვინდოდეს, - განაცხადა კლინტონმა, - რომ რუსეთის ჯარმა ეს ტერიტორიები შეძლებისდაგვარად მალე დატოვონ, წინსვლის საუკეთესო გზა იქნება სტრატეგიული მოთმინება. ამ დროს საქართველომ უნდა წარმოაჩინოს თავი, როგორც უფრო ძლიერმა, მიმზიდველმა, დემოკრატიულმა ქვეყანამ". ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა. მისივე თქმით, ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები კვლავინდებურად გააგრძელებს საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. „ამერიკას არ უღიარებია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ამას არც მომავალში გააკეთებს. სახელმწიფო მდივანმა ცხადად თქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებთან ერთად მუშაობას, რათა არც მათ აღიარონ“ - განაცხადა ფილიპ გორდონმა. სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა დემოკრატიის მნიშვნელობას, მიესალმა საქართველოს წინსვლას დემოკრატიის გაძლიერების გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მიმართულებით სვლას გააგრძელებს - თქვა ფილიპ გორდონმა და დასძინა, რომ ჰილარი კლინტონის აზრით, საჭიროა დემოკრატიის გზაზე სვლის გაგრძელება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სასამართლო სისტემა, მედია და საარჩევნო რეფორმა.

XS
SM
MD
LG