Accessibility links

იმ დროს, როცა ევროპა იხსენებს რიბენტროპ-მოლოტოვის 1939 წლის პაქტისა და მიუნხენის 1938 წლის შეთანხმების სამარცხვინო ამბებს, და ამავე დროს, 1989 წელს ბერლინის კედლისა და რკინის ფარდის რღვევის თარიღის აღსანიშნავად ემზადება, გონებაში გვებადება ერთი კითხვა: ვისწავლეთ კი ისტორიის გაკვეთილები? ან, სხვაგვარად თუ ვიტყვით: შეგვწევს კი უნარი, თავიდან ავიცილოთ იმ შეცდომების გამეორება, რომლებიც შავ ლაქად აცხია მეოცე საუკუნეს?

წარსული მოვლენების გამო სინანულის გამოთქმა თუ მათი აღნიშვნა ფუჭ ძალისხმევად დარჩება, თუ ამ მოვლენათა გაკვეთილებს თვალს მოვუხუჭავთ. ამგვარ მოვლენათა გახსენებას ფასი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ისინი გვასწავლიან, განსხვავებულად - და უფრო გონივრულად - როგორ მოვიქცეთ.

ვაკვირდებით რა დღევანდელ ევროპას, ჩვენთვის სრულიად აშკარა ხდება, რომ ისტორია არ დასრულებულა და ის ჯერაც ტრაგიკული რჩება. ნახევარი კონტინენტის ემანსიპაციიდან ოცი წელი გავიდა, ევროპაში კი ახალი კედელი შენდება - ამჯერად საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე.

ეს უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპის მოქალაქეებისთვის, ინსტიტუტებისა და მთავრობებისთვის. მზად ვართ დავყაბულდეთ ვითარებას, როცა პატარა ქვეყნის საზღვრები ძალის გამოყენებით და ერთპიროვნულად იცვლება? მზად ვართ, მოვითმინოთ ძლიერი სახელმწიფოს მიერ უცხო ტერიტორიების დე ფაქტო ანექსია?

იმისთვის, რათა ისტორიული თარიღისადმი მიძღვნილმა მომავალმა ღინისძიებებმა აზრი შეიძინოს - როგორც ევროპის კოლექტიური იდენტობისთვის, ისე მისი მომავლისთვის, - მოვუწოდებთ ევროპის კავშირის 27 დემოკრატ ლიდერს, შეიმუშავონ პროაქტიური სტრატეგია, რომელიც საქართველოს დაეხმარება, მშვიდობიანად აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და მიაღწიოს საქართველოს მიწაზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის ჯარების გასვლას.

არავის სურს მოსკოვთან კონფრონტაცია ან ცივი ომის დროინდელ მტრულ ატმოსფეროში დაბრუნება. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის კავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა მკაფიო და არაორაზროვანი სიგნალი გაუგზავნონ რუსეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. მაშინ, როცა ევროპის კავშირის მიერ შექმნილი კომისია ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით ემზადება რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შესახებ ანგარიშის გამოსაქვეყნებლად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ევროპელს, ახსოვდეთ ჩვენი უახლესი წარსულის გაკვეთილები.

ჯერ ერთი, დიდი სახელმწიფო ყოველთვის გამონახავს ან შექმნის საბაბს, რათა შეიჭრეს მეზობელ ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობაც მას არ მოსწონს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიტლერმა პოლონეთს დააბრალა სამხედრო მოქმედებების დაწყება 1939 წელს, სტალინმა კი ფინელებს დასდო ბრალი, როცა 1940 წელს შეიჭრა მათ ქვეყანაში. ამის მსგავსად, საქართველოსა და რუსეთის შემთხვევაშიც, კრიტიკული საკითხი იმის დადგენაა, რომელი ქვეყანა შეიჭრა რომელში და არა ის, თუ რომელმა ჯარისკაცმა გაისროლა პირველი ტყვია.

მეორე მხრივ, იმას, რომ დასავლეთის დემოკრატიებმა სათანადო პასუხი ვერ გასცეს მეგობარი ქვეყნის დანაწევრებას - არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად პატარაა ის, - ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს გლობალური მასშტაბით.

ევროპის კავშირი შეიქმნა მიუნხენის გარიგებისა და რკინის ფარდის ცდუნებათა საწინააღმდეგოდ. უკიდურესად დამღუპველი იქნება, თუკი რაიმე სახით მოგვიწევს იმგვარი ქმედებების მიმართ თვალის მოხუჭვა, რამაც ჩვენი კონტინენტი გასული საუკუნის უდიდესი ნაწილის განმავლობაში ომსა და დანაწევრებაში ჩაძირა. ახლა იმ პროექტის ბედი წყდება, რომელსაც დღემდე ვუძღვნით ჩვენს ცხოვრებას: ესაა ევროპის კონტინენტის მშვიდობიანი და დემოკრატიული გაერთიანება.

ვაცლავ ჰაველი, ვალდას ადამკუსი, მარტ ლაარი, ვიტაუტას ლანდსბერგისი, ოტო დე ჰაბსბურგი, დანიელ კონ ბენდიტი, ტიმოთი გარტონ ეში, ანდრე გლუკსმანი, მარკ ლეონარდი, ბერნარ-ანრი ლევი, ადამ მიხნიკი, ხოსეპ რამონედა

(ღია წერილი 22 სექტემბერს ერთდროულად გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის "გარდიანში", იტალიის "კორიერე დელა სერაში", გერმანიის "ველტში", საფრანგეთის "მონდში", ჩეხეთის "მლადა ფრონტა დნესში".)

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG