Accessibility links

logo-print
კი, როგორ არა. უფრო სწორად, თან კი, თან არა. კიდევ უფრო სწორად... მოდი, ცოტა შორიდან დავიწყებ.

იმას აღარ მოვყვები, რომ „პლეიბოი“ მხოლოდ შიშველი ქალების ჟურნალი არ არის და ფოტოების გარდა ბევრი სხვაც უნდა იყოს ჟურნალში საინტერესო. დავიწყებ იმით, რომ „პლეიბოი“ მაინცდამაინც ცნობილი ქალების შიშველი ფოტოების ჟურნალიც არაა. გამოცემის ფილოსოფიაა, რომ „პლეიბოი“ ქალებს თვითონ ქმნის ცნობილად და დიდი აქცენტი არა აქვს გადატანილი იმაზე, რომ აი, ვინ როგორ გამოიყურება ტანსაცმლის გარეშე. თუ ცნობილი ქალი გაიხდის ჟურნალისთვის, ხომ კარგი, თუ არადა, არც ეგაა უბედურება.

ეს თეორიულად. პრაქტიკულად კი, „პლეიბოი“ ძალიანაც ცდილობს ცნობილი ქალების დათანხმებას ჟურნალში გადასაღებად. პირველ რიგში კონკურენციის მომრავლების გამო. კონკურენტები კი, ამ შემთხვევაში არიან არა „პენტჰაუსი“ ან „ჰასლერი“, არამედ მამაკაცების ჟურნალები, სადაც შიშველი ქალების ფოტოები სულ არ არის: „მაქსიმი“ და „FHM“. ესენი მოდელებს უფრო ადვილად ითანხმებენ, რადგან სრული სიშიშვლე იქ არ მოეთხოვებათ. ცნობილი ქალის ეროტიკული ფოტო გარეკანზე უფრო მეტს ყიდის ვიდრე თუნდაც უფრო ლამაზი (ესეც ხომ სუბიექტურია...), მაგრამ უცნობი ქალისა.

ჩვენ ასე გქვონდა მოფიქრებული. თითო ნომერში გვექნებოდა სამი ფოტოსესია. ორი ქართული და ერთიც - რომელიმე პარტნიორი გამოცემისა. ამ ორი ქართულიდან ერთი შეძლებისდაგვარად ცნობილი ქალისა იქნებოდა, მეორე კი უცნობისა. ამ მეორეს ჩვენს ენაზე „პლეიმეიტი“ ჰქვია. ქვემოთ ბრჭყალების გარეშე ვიხმარ ხოლმე.

ბუნებრივია, მოდელების მოძიება არც პირველი ჯგუფისთვის იყო მარტივი და არც მეორესთვის. მაგრამ განსაკუთრებულ სიძნელეებს არ გადავყრივართ. კაცმა რომ თქვას, ყველა სხვა ქვეყნის „პლეიბოიც“ ასეა. ყველა რომ მარტივად თანხმდებოდეს, ჟურნალს ხიბლი არც ექნებოდა. უბრალოდ, ამერიკა და გერმანია უფრო დიდი ქვეყნებია და იქ არჩევანიც მეტია. ჩვენთვის ცოტა უფრო რთული იყო, მაგრამ, კიდევ ერთხელ, გადაულახავი კედელი არ შეგვხვედრია. ახლა ამბებს მოგიყვებით. ბევრი არაფერი, მაგრამ იქნებ დაგაინტერესოთ.

პოტენციურ მოდელებთან მოლაპარაკებები პირდაპირ მხოლოდ სულ დასაწყისში მეხებოდა. მერე ამისათვის ცალკე შტატი გამოვყავით. თუმცა, დროდადრო მერეც მიწევდა ხოლმე საქმეში ჩართვა. თავიდან ცოტა რთული იყო. ვცდილობდი თავი ძალდაუტანებლად დამეჭირა, მაგრამ ცოტა უხერხულად კი ვიყავი. მერე მივეჩვიე. „პლეიბოის“ რედაქტორი რომ ხარ, მორიდებულობა გვერდზე უნდა გადადო.


ცნობილები და შედარებით ცნობილები

სულ თავიდან ერთ მსახიობთან გვქონდა მოლაპარაკებები. რადგან შეთანხმება არ შედგა, ბუნებრივია, სახელსაც არ ვიტყვი. ისე, ძნელი გამოსაცნობი არ არის. „პლეიბოის“ გამოცემას რომ იწყებდეთ ოთხი წლის წინ, ვინ გაგახსენდებოდათ? ჰოდა ეგაა.

მოკლედ, რამდენჯერმე შევხვდით. მოლაპარაკებები ნორმალურად მიდიოდა - გახდის პრობლემა არა მაქვს, მაგრამ მინდა, რომ კარგი ფოტოები გამოვიდესო. როგორიც მე მინდა ისეთიო. მოკლედ, ბოლოს რამდენიმე ფოტოგრაფს შევახვედრეთ, ერთ-ერთზე თქვა, აი ეს მინდაო და შევთანხმდით, რომ ვცდიდით. გადაღებების დილას ვურეკავ და მეუბნება, გადავიფიქრეო.

ლელა წურწუმიასთანაც გვქონდა მოლაპარაკებები. ვერც მასთან შევთანხმდით, მაგრამ, თვითონ ახსენა რამდენიმეჯერ და ამიტომაც ვწერ. მასთან მოლაპარაკებებს თავად ვაწარმოებდი, უფრო სწორად, მასთან კი არა, მის პროდიუსერთან, რომელიც, მოგეხსენებათ, ამავე დროს მისი მეუღლეცაა. თავიდან რომ დავურეკე, მამულიჩამ კი გაიკვირვა, მაგრამ შორსაც არ დაუჭერია. გვითხრა, არა მგონია დათანხმდეს, მაგრამ ვკითხავ და გეტყვითო. ლელას თავიდანვე ეტყობოდა, რომ უარს გვეტყოდა, მაგრამ შეხვედრაზე მაინც დაგვთანხმდა. მთლად გაშიშვლება არც შეგვითავაზებია. ერთგვარი სცენა მოვიფიქრეთ, სადაც თავად მომღერალი იქნებოდა სხვა ქალების გარემოცვაში და ის სხვა ქალები იქნებოდნენ შიშვლები. იდეა, როგორც შევატყვე, მოეწონა, მაგრამ ბოლოს მაინც იუარა და რამდენიმე მიზეზი დაგვისახელა. გული დამწყდა. კარგი გამოვიდოდა.

კიდევ, აი რაზე მწყდება გული. ქუჩაში შემხვდა გოგა ხაინდრავა, რომელსაც არ ვიცნობდი და მითხრა, თუ დაინტერესდებით, ერთ ფოტოსესიას მე გადავიღებ, ოპერატორი და რეჟისორი ვარ და ეგ საქმე ვიციო. იდეა ძალიან მომეწონა. ახლაც მგონია, რომ საინტერესო გამოვიდოდა, მაგრამ რაღაც თავიდან არ აიტაცა არავინ და მერე ჟურნალიც დაიხურა.

ერთი დიდი პრობლემა, რასაც „პირველი ჯგუფის“ მოდელებთან წავაწყდით, ანაზღაურება იყო. რა თანხას ვიხდიდით არ ვიტყვი, თუმცა უმეტესობამ თავისი წყაროებისგან იცოდა (ზოგმა სწორად, ზოგმა - ისე რა) თუ რამდენი გადავუხადეთ ნინა წკრიალაშვილს. შემდეგ კი უნდოდათ, რომ მეტი აეღოთ. როგორც ჩანს, ფულს კი არ ხარბდებოდნენ, უფრო პრინციპის ამბავი იყო. უნდოდათ, რომ წინაზე მეტი შეგვეთავაზებინა. ამას ისიც ემატებოდა, რომ, თუ ვთქვათ მოლაპარაკებების დროს ერთს რაღაც თანხას შევთავაზებდით, ის მერე ამის შესახებ სხვებს ეუბნებოდა და ის სხვები ახლა ამაზე მეტს ითხოვდნენ. სწორედ ამის გამო ჩაიშალა რამდენიმე საინტერესო პროექტი.


პლეიმეიტები

ესენი, როგორც წესი, გაცილებით ნაკლებად პრეტენზიულიები გახლდნენ. უფრო გასაგებ პასუხსაც იძლეოდნენ ხოლმე - ან თავიდანვე უარს ამბობდნენ, ხოლო, თუ თანხმდებოდნენ, შემდეგ უკან აღარ იხევდნენ. „ცნობილებთან“ კიდევ უმეტეს შემთხვევაში ერთ დღეს ასე იყო და მეორე დღეს ისე და ბოლოს აღარ გამოდიოდა არაფერი.

ისე, რომ გითხრათ, ყოველ ნომერში პლეიმეიტს მსურველთა დიდი რიგიდან ვარჩევდით მეთქი, არ იქნება მართალი. მაგრამ, როგორც ვთქვი, არც გადაულახავი პრობლემა გვქონია. თან, რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტი მსურველი იყო და ბოლოსკენ უკვე რაღაც მომკაცრო სტანდარტებზეც კი შეგვეძლო ლაპარაკი.

მოკლედ, მსურველთა რაოდენობა ნელ-ნელა იმატებდა. თავიდან ჩვენ ვეძებდით ხოლმე პოტენიცურ პლეიმეიტებს, ბოლოს კი უფრო ხშირად თავადაც გვიკავშირდებოდნენ. ეგ კი არა, დახურვის შემდეგაც ჩნდებოდნენ. ჟურნალის დახურვიდან კარგა 6-7 თვის განმავლობაში დაურეკავს ახლობელს და უთქვამს, ჩემს მეგობარს უნდა თქვენი მოდელი გახდეს და იქნებ ჩამიწყოო.

აქვე უნდა გავიხსენო ყველაზე უცნაური მოლაპარაკება, რასაც ჟურნალის რედაქტორობისას შევესწარი. დედა-შვილი იყვნენ მოსულები. შვილი (ასე 20-22 წლის გოგო) ძირითადად ჩუმად იყო. დედა ლაპარაკობდა. ნახეთ, აუცილებლად მოგეწონებათო. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მისი გოგო „პლეიბოის“ მოდელი უნდა გამხდარიყო. რომ დავწერე, ძალიან უცნაურადაც აღარ მომეჩვენა, მაგრამ იმ წუთას გამიკვირდა.

ცოტა გასაკვირი იყო სტრიპ-კლუბში ვიზიტიც. ვიფიქრეთ, ქალებს დაველაპარაკებით, იქნებ კარგი მოდელიც ავარჩიოთ თქო. პროცედურა ასეთი გვქონდა, რომ ქალი თუ თანახმა იყო ხოლმე, ჩვენი დიზაინერი ფოტოს უღებდა, შიშველს, რომ მერე შესარჩევად უფრო ადვილი ყოფილიყო. ჰოდა, სტრიპტიზიორები ყველაზე მორიდებულები აღმოჩნდნენ ამ მხრივ („რა ვიცი, აუცილებელია? ისე არ ჩანს?“). არადა ორ საათში უნდა გასულიყვნენ და შიშვლებს ეცეკვათ. უცნაური იყო. ასევე, სტრიპტიზ კლუბში კეცზე შემწვარი ნივრიანი კარტოფილის სუნი იდგა. ან, იქნებ კარტოფილის არა და ქათმის. შეიძლება კეცზე კი არა, ტაფაზე. მაგრამ, ნივრისა ნამდვილად იყო.

ეს, რაც შეეხებოდა შიშველ ქალებს. რამე თუ გაინტერესებთ, მკითხეთ.

PS. აჰ, კინაღამ დამავიწყდა! რატომ დაიხურა? საქმე არ იყო კარგად აწყობილი და იმიტომ. დეტალები კომენტარებში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG