Accessibility links

logo-print

მუხროვანის ამბოხში ბრალდებული გია ღვალაძე ჩვენებებსა და ადვოკატს ცვლის


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

“საკუთარი ნებისა და სურვილის გამოხატვით მოგახსენებთ, რომ მიუხედავად წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებისა და ბრალის აღიარებისა, ვადასტურებ, რომ გენერალ-მაიორ კობა კობალაძეზე მიცემული ჩვენება არის სრული სიცრუე. ამას წინასწარ ვადასტურებ, იმიტომ რომ ჩემზე შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვაგვარი ზეწოლა, ზემოქმედება და დაშინება”, - აი ეს წერილი დაწერა მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში ბრალდებულმა გია ღვალაძემ 11 სექტემბერს და ზუსტად 11 დღის შემდეგ, 22 სექტემბერს, მან სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ვერ იხსენებს, თუ როდის, სად და რა ვითარებაში დაწერა მან აღნიშნული წერილი და საკუთარი კალიგრაფიის ამოცნობაც გაუჭირდა.

მუხროვანის სამხედრო ამბოხების მორიგი სასამართლო პროცესის მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ აღნიშნული წერილი აღმოჩნდა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მორიგ პროცესზე გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ადვოკატებმა წარადგინეს. კობალაძის ერთ-ერთი ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის, თქმით, ეს წერილი ღვალაძისთვის იყო თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, რათა მის წინააღმდეგ არ განხორციელებულიყო მორიგი ზეწოლა.

პროკურატურის მიერ ”ოქროს მოწმედ” აღიარებული გია ღვალაძის ჩვენებას ეყრდნობა ბრალდება კობა კობალაძისა, რომელიც მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში ერთ-ერთი მთავარი ბრალდებულია. როგორც კობალაძემ პროცესის მსვლელობისას განაცხადა, მან გია ღვალაძე სასამართლო დარბაზში გაიცნო: ”სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მე ჩემი სიმართლისათვის ბოლომდე ვიჭიდავებ. მისი ცრუ ჩვენების გამო ქვეყნის მოღალატედ მაქციეს”, - ასეთი განცხადება გააკეთა კობალაძემ პროცესის მსვლელობისას.

კობალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, რათა დაინიშნოს აღნიშნული წერილის კალიგრაფიული ექსპერტიზა და ის თან დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, როგორც მტკიცებულება. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. წერილის კალიგრაფიულ ექსპერტიზას იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიურო ჩაატარებს.

კობალაძის ადვოკატები საეჭვოდ მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ გია ღვალაძემ იმ ადვოკატის აცილება მოითხოვა, რომელიც მას 5 მაისიდან, ანუ ამბოხების მცდელობის დღიდან, იცავდა. ღვალაძის ყოფილმა ადვოკატმა ხათუნა მარკოიშვილმა ამის შესახებ წინა სასამართლო პროცესზე, 18 სექტემბერს, სასამართლო სხდომის დაწყებიდან ორი წუთით ადრე შეიტყო:

”დღის პირველ ნახევარში ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ შესვენების შემდეგ უეცრად მითხრა, რომ მოსული იყო ახალი ადვოკატი”, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ხათუნა მარკოიშვილმა. მისივე ვარაუდით, შესაძლებელია ღვალაძე დააშინეს და მან სწორედ ამიტომ გადადგა მსგავსი ნაბიჯი.
გია ღვალაძის ადვოკატი 18 სექტემბრიდან მაია ჯულაყიძეა. როგორც კობა კობალაძის ერთ-ერთი ადვოკატი, ქეთი ბექაური, აცხადებს, არც ღვალაძის ნათესავებს და არც ბრალდებულს თავისი სურვილით არ მოუთხოვიათ ადვოკატის შეცვლა. მისი თქმით, ღვალაძემ 22 სექტემბრის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას ეჭვი არ ეპარებოდა მარკოიშვილის პროფესიონალიზმში და მისი მუშაობით დღემდე კმაყოფილი იყო.

როგორც გია ღვალაძის ამჟამინდელი ადვოკატი მაია ჯულაყიძე აცხადებს, მასთან მივიდა ვიღაც პიროვნება, რომელმაც მას საკუთარი თავი ღვალაძის ახლობლად გააცნო და ბრალდებულის დაცვა სთხოვა: ”ჩვენ არ ვართ ვალდებულნი ბრალდებულის ნათესავის დამადასტურებელი მოწმობა მოვითხოვოთ. მისმა ახლობლებმა გაარკვიონ, თუ ვინ მოვიდა ჩემთან და ვინ მომთხოვა ღვალაძის დაცვა. სამწუხაროდ, ბრალდებულმა არ მოითხოვა ჩემი, როგორც ადვოკატის, აცილება, თორემ ჩემთვის უკეთესიც კი არის, თუკი ასეთ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებ”, - აცხადებს ჯულაყიძე.
მომავალი სხდომა 24 სექტემბერს, დილის 11 საათზე, განახლდება.
XS
SM
MD
LG