Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სამიტი კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი
გაეროს ნიუ-იორკის შტაბბინაში საგანგებო სამიტი ეძღვნება კლიმატური ცვლილებების თემას. სახელმწიფოთა ლიდერები, გავრცელებული ინფორმაციით, სარეკორდო რაოდენობით შეიკრიბნენ, რათა ამ გლობალურ პრობლემაზე იმსჯელონ უკანასკნელად, ვიდრე წლის ბოლოს, კოპენჰაგენში გაიმართებოდეს საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს თავისი სამოქმედო პროგრამის ცენტრალურ თემად აქვს არჩეული კლიმატური ცვლილებები - პრობლემა, რომლის წინააღმდეგ სამოქმედოდაც ახლა, გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის მსვლელობაშიც ცდილობს პოლიტიკური ლიდერების ძალისხმევის მობილიზებას.

“არ არსებობს საკითხი, უკეთ რომ ახდენდეს გლობალური სოლიდარობის საჭიროების დემონსტრირებას, არ არსებობს გამოწვევა, ასე რომ გვაიძულებდეს ჰორიზონტის გაფართოებას. კლიმატური ცვლილების შესახებ 22 სექტემბრის სამიტი არის უდიდესი სახელმწიფოებისა და მთავრობების ლიდერების შეხვედრებიდან, რომლებიც კლიმატურ ცვლილებაზე გამართულა. მიზანია ყურადღების გამახვილება და მოქმედების გამოწვევა”, განმარტავს გაეროს გენერალური მდივანი, რომელმაც სამიტის გახსნისას განაცხადა, რომ “მორალურად მიუტევებელი” იქნება, თუ მიმდინარე წლის ბოლოს კოპენჰაგენის კონფერენციაზე ვერ მოხერხდა გლობალურ დათბობასთან ბრძოლის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევა.

ბან კი მუნმა სამიტზე 140-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები მიიწვია. ამ ქვეყნებში კი განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ კლიმატური ცვლილების საკითხისადმი. ზოგს ის მიაჩნია ბუნებრივ ფენომენად, რომელზეც მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანი გარემოს დაბინძურებით. თუმცა, უმრავლესობა იზიარებს შეფასებას, რომ ადამიანებზე ბევრია დამოკიდებული, რის გამოც აუცილებელია გლობალური მასშტაბის კოორდინირებული ძალისხმევა.

დღევანდელი სამიტი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იმ გარემოებით, რომ მასში აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტები მონაწილეობენ. აშშ და ჩინეთი კი ის ორი ქვეყანაა, რომელიც ლიდერობს კლიმატური ცვლილების ხელშემწყობი, სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზის ემისიით. მათზე მოდის მთელს მსოფლიოში ემისიების 40 პროცენტი...

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში “ახალი ეპოქა” დადგა. “მართალია: კაცობრიობა მეტისმეტად მრავალი წელია ნელა რეაგირებს, მეტიც - სათანადო ვერ აცნობიერებს კლიმატური საფრთხის განზომილებას. მართალია: ეს ეხება ჩემს ქვეყანასაც. ჩვენ ამას ვაცნობიერებთ. მაგრამ დღეს ახალი დღე დადგა, ახალი ეპოქა. და ვამაყობ იმით, რომ შემიძლია ვთქვა: შეერთებულ შტატებს სუფთა ენერგიის ხელშესაწყობად და ნახშირორჟანგით დაბინძურების შესამცირებლად ბოლო რვა თვის მანძილზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ჩვენი ისტორიის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში”, განაცხადა ბარაკ ობამამ გაეროს დღევანდელ სამიტზე გამოსვლისას.

სამიტის მიზნად რაიმე ხელშეკრულების გაფორმებას არ ასახელებენ. მიზანია გულახდილი დისკუსია, რომლის მონაწილეებიც აღიარებენ, რომ უმოქმედობას დიდი საფრთხე უკავშირდება. პრობლემის გაცნობიერება კი შექმნის საფუძველს იმ დოკუმენტზე მუშაობის დასასრულებლად, რომელზე ხელმოწერაც დეკემბერში, კოპენჰაგენის კონფერენციისთვის იგეგმება. კოპენჰაგენის კონფერენციის მიზანია 1997 წლის კიოტოს ოქმის მომდევნო დოკუმენტის შემუშავება.

“კლიმატის ცვლილება გაცილებით უფრო სწრაფად მიმდინარე პროცესია, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ჩვენი სამიტის მიზანია ხიდის გადება კოპენჰაგენთან. გვინდა მსოფლიოს ლიდერებმა გვაჩვენონ, რომ აცნობიერებენ კლიმატთან დაკავშირებული რისკის სიმძიმეს, ისევე როგორც სარგებელს, რომელიც ახლავე მოქმედებას უკავშირდება”, ამბობს გაეროს გენერალური მდივანი. სახელმწიფოების ლიდერებს შორის, რომლებიც მან დღევანდელ სამიტზე მიიწვია, საქართველოს პრეზიდენტიც არის.
XS
SM
MD
LG