Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას ავღანური დილემა


ობამას ადმინისტრაცია ავღანეთში გატარებულ სტრატეგიასთან მიმართებით დილემის წინაშეა. ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ხელმძღვანელი ჯარის რაოდენობის გაზრდას ითხოვს და აცხადებს, რომ ამის გარეშე შესაძლოა ავღანეთში მიმდინარე ომში გამარჯვება თალიბანს ერგოს. მაგრამ ობამა ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას დრო და ავღანეთის პრობლემის ყველა მახასიათებლის გააზრება სჭირდება.

ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ავღანეთის სტრატეგიის გადახედვის პროცესშია, რაც მას კონტრასტულ არჩევანს სთავაზობს.

ერთი არჩევანი, რომელსაც ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალების ხელმძღვანელი, გენერალი სტენლი მაკკრისტალი ითხოვს, ადგილზე ძალების საგრძნობლად გაზრდას ითვალისწინებს, რათა ავღანეთი მოძლიერებული თალიბანის გამარჯვებას გადაურჩეს.

ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რეალურად, სახელმწიფოს მშენებლობას ნიშნავს, ყველა აუცილებელი ატრიბუტით - მეტი ამერიკელი სამხედროთი, ავღანეთის ძალების მეტი წვრთნით, ადგილობრივი მმართველობის გაძლიერებით, კორუფციასთან ბრძოლით და რეკონსტრუქციაში მონაწილეობით.

მეორე არჩევანი, რომელიც პრესას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კონფიდენციალურად გაუმხილეს, ფაქტობრივად, საპირისპირო ვარიანტს ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, შეერთებული შტატები კონცენტრაციას მოახდენს თავდაპირველ, 11 სექტემბრის შემდგომ, მიზანზე და ეცდება ავღანეთი ალ-ყაიდამ თავისი ოპერაციების ბაზად არ გამოიყენოს.

ამ მიზნის მისაღწევად ტერორისტული ჯგუფების ლიდერების მიზანში ამოღება იქნება საჭირო - მათი, ვინც ავღანეთში დაბრუნებას შეეცდება, მაგალითად, პაკისტანის სასაზღვრო ზონიდან, რომელსაც ამჟამად ბევრი აფარებს თავს.

სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესს” ადმინისტრაციის ორმა მაღალჩინოსანმა გაუმხილა, რომ ავღანეთში სამხედრო ძალის საგრძნობი ესკალაციის შესაძლო ალტერნატივად თეთრი სახლი პაკისტანში ანტიტერორისტული ოპერაციის გაძლიერებას განიხილავს.

ბარაკ ობამას ჯერჯერობით არ გაუმხელია, რომელ არჩევანს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა უკანასკნელ დღეებში რამდენჯერმე განაცხადა, რომ ყველა შესაძლო ვარიანტზე მუშაობს.

ორშაბათს ტელეკომპანია სი-ბი-ესზე, დევიდ ლეტერმანის შოუში, სტუმრად მყოფმა ობამამ შეკითხვას, აპირებს თუ არა ავღანეთში მეტი ჯარის გაგზავნას, უპასუხა, რომ ამის გაკეთებამდე ”რამდენიმე ძალიან რთული შეკითხვის დასმას” გეგმავს.

ასეთივე მინიშნება გააკეთეს სხვა ოფიციალურმა პირებმაც.

ორშაბათს ნიუ-იორკში სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ობამას პოზიცია ასე ჩამოაყალიბა:

”ავღანეთში ჩვენს სტრატეგიასთან დაკავშირებით ახლა პროცესი მიმდინარეობს. როგორც პრეზიდენტმა თქვა, რესურსებამდე ჯერ სტრატეგიაა საჭირო. ჩვენ ვთხოვთ და ვიღებთ რჩევას ძალიან ბევრი პირისგან, ვინც ადგილზეა ჩართული [ავღანეთის მისიაში], და, ცხადია, გენერალ მაკკრისტალის მოსაზრებებსაც ყურადღებით ვიხილავთ.” - ნათქვამს კლინტონმა დასძინა: ”მაგრამ მისი მოსაზრებები კონფიდენციალურ, გადაწყვეტილების მიღებამდე დაწერილ, წერილშია გამოთქმული, ჩვენ კი ყველა იმ ელემენტის ინტეგრაცია გვსურს, რომელზეც ვმუშაობთ. ბოლოს, ცხადია, გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.”

ის, რომ ავღანეთის სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ზოგს შესაძლოა უცნაურად მოეჩვენოს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მარტში თეთრი სახლი აცხადებდა, რომ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს ზრდის.

”ამერიკამ აღარ უნდა დაუკავოს რესურსები ავღანეთს ერაყის ომის გამოო”, - თქვა მაშინ ბარაკ ობამამ. მისი თავდაპირველი განცხადებით, ავღანეთში დამატებით 17,000 ამერიკელი ჯარისკაცი უნდა გაეგზავნათ - ბოლოს ეს რიცხვი 21,000-მდე ავიდა.

მაგრამ გენერალ მაკკრისტალის თხოვნა რესურსების გაზრდის თაობაზე ამ რაოდენობასაც აჭარბებს - ამავე დროს, საკუთრივ ავღანეთში ვითარება შეიცვალა და თეთრი სახლი უკვე ყოყმანობს იქ თავისი ძალების გაზრდის პერსპექტივის თაობაზე.

ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ვითარება საგრძნობლად შეცვალა, ავღანეთის არჩევნები იყო. თეთრი სახლი იმედოვნებდა, რომ ამ არჩევნებით გაიზრდებოდა ავღანეთის სახელმწიფოებრიობის ხარისხი და შემდეგ პრეზიდენტს ძლიერი, ახალი მანდატი მიეცემოდა. ამის ნაცვლად არჩევნების შედეგებს უთანხმოება მოჰყვა - კანდიდატები მასშტაბურ დარღვევებზე საუბრობენ მოქმედი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის, სასარგებლოდ.

პარალელურად, ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის მხარდაჭერა საგრძნობლად ეცემა შეერთებული შტატების მოქალაქეებს შორის. ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამ ომს რესპონდენტების 58 პროცენტი ეწინააღმდეგება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG