Accessibility links

სუბარი ბრძოლას ალასანიას გუნდში განაგრძობს, ტუღუში - სახალხო დამცველის პოსტზე


გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პოლიტიკური არჩევანი ირაკლი ალასანიას გუნდზე შეაჩერა და ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარეც გახდა. მის შემცვლელს კი სახალხო დამცველის პოსტზე, გიორგი ტუღუშს, ამ რანგში პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. სუბარი და ტუღუში სამომავლო გეგმებით, ახალ ამპლუაში, საზოგადოების წინაშე წარდგნენ.

22 სექტემბერი სოზარ სუბარისა და გიორგი ტუღუშისათვის პირობების დადების დღე იყო. ყოფილი სახალხო დამცველი ბრძოლას ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისათვის ირაკლი ალასანიას გუნდში განაგრძობს, გიორგი ტუღუში კი ასევე ადამიანის უფლებების დაცვას სახალხო დამცველის რანგში შეეცდება. სოზარ სუბარი „ალიანსში საქართველოსათვის“ შემავალ არც ერთ პარტიაში არ წევრიანდება, ის „ალიანსის“ უპარტიო თანათავმჯდომარე იქნება და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე - საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ირაკლი ალასანიამ თავისი პოლიტიკური გუნდის ახალი სახე მედიას თავად წარუდგინა და თქვა, რომ მისი გუნდი მასთან ერთად აპირებს სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებისთვის ბრძოლას და, რაც მთავარია, არჩევნებში მონაწილეობას.

თავად სოზარ სუბარმა კი თქვა, რომ მისი ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყო და კვლავაც გაგრძელდება: ”პირობას ვდებთ, რომ საქართველოში მივაღწევთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ყველა დონეზე, პირველ რიგში კი, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, და ეს იქნება გარანტია, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდება დემოკრატიულად და ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით და, რაც მთავარია,შევცვლით ქვეყნის განვითარების კურსს. ეს იქნება არა რეჟიმი, სადაც ყველაფერი დამყარებულია ერთი კაცის ნებაზე, არამედ ეს იქნება ქვეყანა, სადაც არსებობს ძალთა ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის, სადაც არსებობს სამართლიანობა.“

ირაკლი ალასანიას გუნდს შეუერთდა პოლიტიკოსი და საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრი კოკა გუნცაძეც. „ალიანსის“ ლიდერმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ შემადგენლობით მათი პოლიტიკური ძალა არჩევნებში საბრძოლველად მზადაა: ”ჩვენი პოლიტიკური ძალა იქნება ისეთი ალტერნატივა ხელისუფლების, რომელიც შეძლებს ისეთი ცვლილებების განხორციელებას ქვეყანაში, რომ საზოგადოებას გაუჩნდება თანამონაწილეობის განცდა და მათთან ერთად ჩვენ ავაშენებთ ბევრად უფრო უკეთეს, სამართლიან, დემოკრატიულ ქვეყანას.”

ბრძოლა ადამიანის უფლებების დასაცავად არაერთი მიმართულებით მოუწევს ახალ სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშსაც. პირველ სამუშაო დღეს მან განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანი დასამთავრებელი საქმე პარლამენტის წინაშე წარსადგენი ანგარიშია. ის საკანონმდებლო ორგანოს, დადგენილი წესის მიხედვით, ოქტომბერში უნდა გადაეგზავნოს და ნოემბრის დასაწყისში სახალხო დამცველმა კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე წარადგინოს. სოზარ სუბარის გუნდის მიერ მომზადებული ანგარიშის კორექტირება, როგორც გიორგი ტუღუში ამბობს, არ მოხდება: ”არ ვაპირებ ფაქტების ამოღებას და რაიმეს დამახინჯებას. მხოლოდ შესავალს დავწერ, რომელსაც წავიკითხავ პარლამენტის წინაშე.”

გიორგი ტუღუშს ადამიანის უფლებებიდან რომელიმე სფერო გამოკვეთილად პრიორიტეტულად არ მიაჩნია. ძირითად მიმართულებებზე სახალხო დამცველი მუშაობას თავისი წინამორბედის მსგავსად განაგრძობს: იქნება ეს ბავშვთა სახლების თემა, ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგი, უმცირესობათა უფლებები, სამოქალაქო განათლების საკითხები, დევნილები...


არ იგეგმება არც თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა, ტუღუში მოსალოდნელ ცვლილებას სტრუქტურულს უწოდებს და ამბობს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლების გადაადგილება მოხდება. პირველი ოქტომბრიდან მას ეყოლება ახალი მოადგილე, ტატა ხუნწარია.

ახალი სახალხო დამცველი ამბობს, რომ აპარატში დაკომპლექტება წამების პრევენციული ჯგუფისა, სადაც ექსპერტები და არასამთავრობოების წარმომადგენლები შევლენ, სამსახურს მოვალეობებს დაუმატებს. ჯგუფს ექნება წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და პენიტენციალურ სისტემაში მონიტორინგის შესაძლებლობა. ტუღუში გეგმავს მონიტორინგის ჯგუფს რამდენიმე ადამიანი დაუმატოს.

გიორგი ტუღუში თავის წინამორბედს საქართველოს ისტორიაში ყველაზე კარგ სახალხო დამცველად მოიხსენიებს, თუმცა ჩამორჩენას არც თავად აპირებს: ”მე ვეცდები ვიყო კარგი სახალხო დამცველი და შედარებითი ანალიზის კეთებას არ ვაპირებ.”

შეგახსენებთ, სოზარ სუბარს სახალხო დამცველის პოსტზე უფლებამოსილება 16 სექტემბერს ამოეწურა. შემდეგი ხუთი წელი ამავე მოვალეობას გიორგი ტუღუში შეასრულებს, რომელიც ამ პოსტზე უმრავლესობის კანდიდატურა გახლდათ და ის პარლამენტმა ზაფხულში დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG