Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“ თბილისის მერიას სასამართლოში უჩივლა


ავტომაგისტრალის მშენებლობა მდინარე ვერეს ხეობაში
ავტომაგისტრალის მშენებლობა მდინარე ვერეს ხეობაში
თბილისის მერიის გადაწყვეტილება, ავტომაგისტრალით დააკავშიროს ერთმანეთთან თამარაშვილის გამზირი და ვარაზის ხევი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“ სასამართლოში გაასაჩივრა. პროექტის მიხედვით, მდინარე ვერეზე უნდა გაიდოს ხუთამდე ხიდი, აშენდეს ორდონიანი კვანძი და სამი ესტაკადა. გარემოსდამცველთა მტკიცებით, ზოოპარკსა და საბავშვო ქალაქ ”მზიურში” გზის მშენებლობა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს დედაქალაქის ბუნებას.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ეწინააღმდეგება თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას, რომელიც სარეკრეაციო ზონებში მშენებლობას კრძალავს, თუმცა, ამის მიუხედავად, ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ადგილობრივ თვითმმართველობას 6 აგვისტოს მიმართა და რომლის საფუძველზეც მშენებლობის შეჩერება მოითხოვა, მერიამ უპასუხოდ დატოვა.

„ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით პასუხი იმიტომ არ იქნა მიღებული, რომ რაიმე რეალური არგუმენტი მათ არ გააჩნიათ. შავით თეთრზე წერია, რომ ეწინააღმდეგება მათ მიერვე მიღებულ გენერალური განვითარების გეგმას, გარემოს დაცვის შესახებ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომლის თქმითაც, ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხის გაცემისთვის განკუთვნილი ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოში იჩივლა. ამასთან, სარჩელის ავტორებმა საქმეში მესამე პირად საქართველოს მთავრობის ჩართვაც მოითხოვეს. საკითხავია, რატომ?

ნიკოლოზ მჟავანაძე: „საქართველოს მთავრობას 2005 წლის 15 სექტემბერს გამოცემული აქვს #158 დადგენილება, სადაც მერიას დავალებული აქვს თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიების გაერთიანების ხარჯზე, საზოგადოებრივ-მუნიციპალური პარკის მოწყობა და დანარჩენი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება. ანუ საქართველოს მთავრობამ დაავალა თბილისის მერიას პარკის გაკეთება, თუმცა მერიამ, ფაქტობრივად, უგულებელყო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ სარჩელის განხილვისას მთავრობა ჩვენს მხარეს უნდა დადგეს.“

არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, გზის მშენებლობას თბილისელთა ნაწილიც ეწინააღმდეგება. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ, რამდენიმე ათასი მოქალაქის სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა:

„ერთის მხრივ, ვითხოვთ ამ პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერებას, ხოლო, მეორეს მხრივ, დაევალოს ქალაქის მერიას, კანონმდებლობის თანახმად, ჩაატაროს პროექტის სრულფასოვანი განხილვა და ჩაატაროს ამ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება.“

სწორედ გარემოზე შესაძლო მავნე ზემოქმედების გამო აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას. მათი აზრით, ზიანი მიადგება როგორც ზოოპარკისა და ”მზიურის” ტყეპარკებს, ასევე მდინარე ვერეს, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ თბილისის მერიაში. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ პროექტი არ ითვალისწინებს მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებას. სამსახურის უფროსმა გიორგი ლიპარტიამ პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ, სხვა ყველაფერთან ერთად, გათვალისწინებულია ეკოლოგიური ფაქტორიც. მისი თქმით, საფრთხე არ ემუქრება არც ზოოპარკს და არც ”მზიურს”.

თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ მშენებარე მაგისტრალი განტვირთავს ვაკე-საბურთალოს გზაზე სატრანსპორტო მოძრაობას და გამოასწორებს ვარაზის ხევში შექმნილ მძიმე ეკოლოგიურ ვითარებას, რადგანც თანამედროვე ტიპის საკანალიზაციო კოლექტორი, რომლის აშენებაც იგეგმება, მდინარე ვერეში ფეკალური მასის ჩადინებას შეამცირებს. ამასთან, პროექტი არც ხეების გაჩეხას ითვალისწინებს რეკრეაციულ ზონაში, თუმცა „ეკოლოგიური სამართლის ცენტრში“ აცხადებენ, რომ მშენებლობამ, რომელიც ჩქარი ტემპით მიმდინარეობს, რამდენიმე ათეული ხე ”უკვე შეიწირა”. ცენტრის იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო მერიის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს დააკმაყოფილებს და ”მზიურის” ტყეპარკი გაჩანაგებას გადაურჩება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG