Accessibility links

logo-print

საქართველომ, შესაძლოა, საერთაშორისო საზღვაო სასამართლოში იჩივლოს


საპარლამენტო კომიტეტის სხდომა

საპარლამენტო კომიტეტის სხდომა

რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციის მცდელობა ეწოდა 23 სექტემბერს პარლამენტში გამართულ სპეციალურ სხდომაზე საქართველოს საზღვაო აკვატორიის აფხაზეთის მონაკვეთზე შექმნილ ვითარებას. როგორც ცნობილია, საზღვრის დაცვის მიზნით რუსეთმა იქ სასაზღვრო-საგუშაგო კატარღა ”ნოვოროსიისკი” შეიყვანა და, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს მხოლოდ პირველი საგუშაგო გემია იმ დივიზიონის შემადგენლობაში, რომელმაც სეპარატისტული რესპუბლიკის საზღვაო სივრცის დაცვა უნდა უზრუნველყოს. თბილისში აცხადებენ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას - მათ შორის, სპეციფიკურ ორგანიზაციებს, როგორიც, მაგალითად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაა - ამომწურავი ინფორმაცია გაეგზავნება და საქართველო მათგან მკაცრ რეაგირებას მოითხოვს.

”ნოვოროსიისკი”ის პირველი საგუშაგო გემია, რომლითაც რუსეთმა აფხაზეთის ე.წ. საზღვაო საზღვრების დაცვა უნდა განახორციელოს და რომელიც საქართველოს საზღვაო აკვატორიაში უკვე გამოჩნდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციის დეტალებს ახლა აზუსტებს. ქართული საგარეო უწყების მიერ ჯერჯერობით არ დასტურდება ინფორმაცია, თითქოს რუსეთი აფხაზეთის ე.წ. აკვატორიაში სულ 10 სასაზღვრო-საგუშაგო კატარღის გაგზავნას გეგმავდეს. ამ თემაზე იმსჯელეს თბილისში 23 სექტემბერს პარლამენტში მოწვეულ საგანგებო სხდომაზე. შესაბამისმა უწყებებმა ჯერ ფაქტი შეაფასეს, შემდეგ კი იმ შესაძლო ბერკეტების შესახებ ისაუბრეს, რითიც საქართველო რუსეთის აგრესიის მორიგ გამოვლინებას შეიძლება დაუპირისპირდეს. ამთავითვე ითქვა, რუსეთმა უკვე მერამდენედ დაარღვია გაეროს კონვენცია, ამჯერად - საზღვაო სამართლის კუთხით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, რუსული საგუშაგო გემების საქართველოს წყლებში შემოყვანის ფაქტს საგარეო უწყება ასეთ შეფასებას აძლევს:

”ეს, ერთი მხრივ, ძალის დემონსტრირებაა რუსეთის მხრიდან და, მეორე მხრივ, ჩვენი პროვოკაციაზე წამოგების მცდელობა.”
ნინო კალანდაძე ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა ამ ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს, თუმცა დღეს, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, განგაშის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა თადარიგი არ უნდა დაიჭირონ. თადარიგის დაჭერა კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას და დიპლომატიურ წარმომადგენელს ეცნობოს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ თემაზე უკვე გააკეთა სპეციალური განცხადება, სადაც წერია:

”რუსეთი აგრძელებს საქართველოს მიმართ მტაცებლური პოლიტიკის განხორციელებას და ამჯერად ახდენს საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს საზღვაო აკვატორიის აფხაზეთის მონაკვეთის ოკუპაციას.

ამ ნაბიჯით კრემლი კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად ხაზს უსვამს, რომ იგი არ აპირებს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას,

სრულიად ნათელია, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ესაჭიროება მხოლოდ სამხედრო ბაზების განსათავსებლად როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნული კი ემსახურება კავკასიის რეგიონისა და შავი ზღვის აუზის მილიტარიზაციას, რაც გარდაუვლად გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციასა და დაემუქრება ამ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას.”

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია კი აცხადებს, რომ საქართველომ რეაგირება ყველა შესაძლო საერთაშორისო ორგანიზაციისგან უნდა მოითხოვოს,მათ შორის, ამ კუთხით ყველაზე კომპეტენტური საერთშორისოს საზღვაო ორგანიზაციისგანაც:
”რუსეთი ხედავს საერთაშორისო ძალების მობილიზებას და ხედავს, რომ მას პრობლემები ექმნება საერთაშორისო სამართალთან, სასამართლოებთან და ამიტომ სწორედ ასეთი პროვოკაციებით უნდა თავისი ქმედებების გამართლება. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ საერთაშორისო სპეციფიკურ საშუალებებსაც მივმართოთ აქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მივაწოდოთ მათ სრული ინფორმაცია და მოვთხოვოთ მათ თავიანთი წესდების ფარგლებში იმოქმედონ. იმავე ევროკავშირს მოვთხოვოთ, რომ საზღვაო აკვატორიაც მათ კონტროლს დაექვემდებაროს.”
რადიო თავისუფლების კითხვაზე, მკაცრი განცხადებების გარდა, რა რეალურ ნაბიჯებს შეიძლება ველოდეთ მსგავსი ორგანიზაციებისაგან და როგორი შეიძლება იყოს მიღებული შედეგი, მალაშხია ასე გვიპასუხებს:
”შეაჩერონ ტვირთბრუნვა ან პორტებში შესვლა. ეს მათზეა დამოკიდებული. მაგრამ ჩვენ მივაწვდით მათ ინფორმაციას, რა ხდება რეალურად ამ ტერიტორიებზე, როგორი აგრესიული ქმედებებია რუსეთის მხრიდან და როგორც შედარებით წვრილ, ისე სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთს ექნება სერიოზული პრობლემა. რუსეთის მოქალაქეების გადაადგილება, მათი კომპანიების მოქმედება საერთაშორისო დონეზე მკაცრად შეიზღუდება.”

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თვმჯდომარე ნუგზარ წიკლაური კი მიიჩნევს, რომ ქართულ მხარეს სამუშაო იმ ქვეყნებთანაც აქვს, საიდანაც უკანონო ტვირთები შემოდის:

” საქართველო ეცდება დაიცვას თავისი ტერიტორიული წყლები უკანონო ტვირთების შემოსვლისგან. ჩვენი აქტიურობა უნდა იყოს იმ ქვეყნების მიმართ , საიდანაც ეს ტვირთები შემოდის და, მეორე მხრივ, უშუალოდ საზღვარზე საქართველოს საზღვაო ძალები შეეცდებიან დააკავონ ეს ტვირთები, როგორც არაერთხელ გააკეთეს ეს.”

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ამ ამბის გარშემო ჩნდება, ისაა, თუ რამდენად დაძაბავს რუსული გემების გამოჩენა საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ისედაც რთულ ვითარებას და რამდენად არსებობს, ცნობილი მიზეზის გამო, შეიარაღებული შეტაკების საფრთხე. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ მხრივ ყველა უწყება ძალიან ფრთხილობს, თუმცა, როგორც ნუგზარ წიკლაური ამბობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქტიური პატრულირება არ გაგრძელდება.

23 სექტემბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად უკვე მოამზადა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, სადაც აფხაზეთში საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე გემების მიმოსვლის ფაქტებია თავმოყრილი, შესაბამისი სამართლებრივი შეფასებით; მომზადებულია შესაბამისი დიპლომატიური ცირკულარიც, რომელიც დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ დღეებში გადაეგზავნება.
გამორიცხული არ არის საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი საერთაშორისო საზღვაო სასამართლოშიც შეიტანოს.
XS
SM
MD
LG