Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა საქართველოს არმია მზად ავღანეთში საბრძოლველად?


ქართველი ჯარისკაცების სამხედრო სწავლება
ქართველი ჯარისკაცების სამხედრო სწავლება
ნოემბრის შუა რიცხვებში ქართული სამხედრო ასეული ავღანეთში ნატოს უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში ჩაერთვება. გაზაფხულისთვის ავღანეთში საბრძოლო მისიით უკვე ქართული ბატალიონი გაიგზავნება. საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ იდენტურია, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ ინფორმაცია, რომ ქართული ქვედანაყოფი სუსტად არის მომზადებული და არ გააჩნია შესაბამისი საბრძოლო მოტივაცია.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ქრისტიან-დემოკრატ ნიკა ლალიაშვილის ინფორმაციით, პირველი ასეული, საფრანგეთის დახმარებით, კარგად არის მომზადებული, რასაც, დეპუტატის თქმით, ვერ ვიტყვით ბატალიონზე, რომელსაც საბრძოლო მისიის შესრულება მომავალი წლის გაზაფხულზე მოუწევს. რადიო თავისუფლებასთან დეპუტატმა, პირველ რიგში, ქართული კონტინგენტის სუსტ მატერიალურ და ფსიქოლოგიურ მოტივაციაზე ისაუბრა:

“ზუსტად იცის ავღანეთის კონტინგენტში წამსვლელმა კაცმა, რომ იქ, რა თქმა უნდა, ხელფასი არ არის ისეთი მიმზიდველი, რომ ღირდეს თავის გაწირვად. სოციალური პირობები ვეტერანებისა და გმირებისათვის არის არასახარბიელო და საბრძოლო სულისკვეთება და შეგნება იმისა, რომ ადამიანი, რომელიც მიდის ავღანეთში და იქ იბრძვის, ამით მას კონტრიბუცია შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში და ამით მის სამშობლოსაც რაღაც ხეირი ექნება, ეს ძალიან არარეალისტური მგონია, რომ ჰქონდეს ჩვენს ჯარისკაცებს არსებულ ვითარებაში.”

რადიო თავისუფლება: მაგრამ თქვენ ხომ ამას მხარს უჭერთ?

ნ. ლალიაშვილი: “არა, მე ვუჭერ მხარს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. მაგრამ სწორედ ამას მიეძღვნა დღევანდელი ჩვენი სემინარი, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა გამყარდეს. და ჩვენ სასაკლაოზე არ უნდა გავუშვათ - იმ ბრიტანელი პარლამენტარისა არ იყოს - ჩვენი შენაერთები. გარდა ამისა, უკვე თვითონ ამ ბატალიონის დაკომპლექტებაში პრობლემებმა რომ იჩინა თავი, ეს უკვე სიგნალია იმის, რომ საქმე მთლად ვერ არის ისე კარგად, როგორც უნდა იყოს. შესაბამისად, ბატალიონის რამდენიმე წევრმა უარი თქვა წასვლაზე ავღანეთში. ბატალიონი დააკომპლექტეს სხვადასხვა შენაერთებისაგან, ანუ, შესაბამისად, შერწყმა, ასამბლაჟი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ აბსოლუტურად შეთამაშებულები იყვნენ, როცა აღმოჩნდებიან საბრძოლო მოქმედებებში, არ ხდება.”

სემინარი, რომელიც პარლამენტის წევრმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ახსენა, სამშაბათს თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში, გაიმართა. “ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ინიციატივით მოწყობილ ღონისძიებაში, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ექსპერტების გარდა, მონაწილეობას ღებულობდა ახლად დანიშნული საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე. რადიო თავისუფლება შეეცადა მასთან გადაემოწმებინა ინფორმაცია ავღანეთში მიმავალი ქართული კონტინგენტის არასაკმარის საბრძოლო სულისკვეთებასა და დაბალ მოტივაციაზე:

“ბუნებრივია, ყველაფერი ფარდობითია. იმ საშუალო სოციალურ ფონთან შედარებით, რაც ზოგადად საქართველოში არის, ეს სამხედრო მოსამსახურეები მოტივირებულები არიან, ამ ოპერაციაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ბუნებრივია, თქვენ იცით, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა და, აქედან გამომდინარე, იმ სოციალურ პაკეტს, რომელსაც მათ სთავაზობენ ოპერაციაში მონაწილეობისათვის, ისინი კმაყოფილებით იხილავენ. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საკითხების სრულყოფა არ გაგრძელდეს. ამაზე თავდაცვის სამინისტრო სისტემატიურად იმუშავებს.”

ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში საქართველოს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სამხედრო ექიმი წარმოადგენს. მაგრამ საქართველოს სულ მალე ავღანეთში 750 კაცი ეყოლება და ბოლო ადგილიდან ერთბაშად პირველ ათეულში გადაინაცვლებს. თანაც, ერთი ასეული ქაბულში უნდა განლაგდეს, მეორე კი სისხლისმღვრელი შეტაკებების ეპიცენტრში, ჰელმანდის პროვინციაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG