Accessibility links

logo-print

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის მოწყობის მოდელზე ჯერ არ შეთანხმებულა


ავთანდილ დემეტრაშვილი

ავთანდილ დემეტრაშვილი

ქვეყნის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გრძელდება სახელმწიფო კომისიასა და საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიაში. საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებებზე - მათ შორის უმთავრესზე, ქვეყნის მმართველობის მომავალ მოდელზე - პირველი საჯარო დისკუსია კომისიების წევრებმა, კონსტიტუციონალისტებმა თუ სხვა დაინტერესებულმა პირებმა 22 სექტემბერს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამართეს. „საქართველო ხვალ - სახელმწიფო მოწყობა“, მთლიანობაში, პოზიტიურ, საჭირო და დროულ ღონისძიებად შეფასდა, თუმცა მასზე მოხსენებით გამოსულ ავთანდილ დემეტრაშვილს მოგვიანებით უკვე იმის განმარტება დასჭირდა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს მხარს არ უჭერს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა 23 სექტემბერს სპეციალური ბრიფინგი მოაწყო იმის განსამარტად, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სახელმწიფო მმართველობის ფორმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. საქმე ისაა,რომ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში გავრცელდა ცნობა, თითქოსდა, სახელმწიფო კომისია საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს ემხრობა და კონსტიტუციის პროექტსაც ამ მოდელს არგებს.

„ჯერ ბავშვი დაიბადოს და სახელი მერე დავარქვათ. ჩვენ ვმუშაობთ დაბალანსებულ სისტემაზე და დაბალანსებული სისტემა შეიძლება იყოს საპარლამენტო, შეიძლება იყოს საპრეზიდენტო და შეიძლება იყოს შერეული. ჩვენ გვინდა ჯერ ბალანსები დავამყაროთ და მერე ვნახოთ. ანუ წინასწარ ჩვენ პრიორიტეტს რომელიმე მოდელს არ ვანიჭებთ. გარდა ამ საყოველთაოდ ცნობილი პრინციპებისა, არის საქართველოს სინამდვილე, საქართველოს კონსტიტუციური ისტორია. ამიტომ ყველაფერ ამის გათვალისწინებით, შეიძლება რაღაც ისეთი ელემენტები შევიტანოთ მმართველობის სისტემაში, რომელიც კლასიკურ საპარლამენტოში, კლასიკურ საპრეზიდენტოში არ ჯდება“, - ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ფართო საზოგადოებისათვის, სავარაუდოდ, 2009 წლის ბოლომდე უნდა იქნეს წარდგენილი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფებმა ერთი პროექტი უკვე მოამზადეს, თუმცა ყველა საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა ვერც უშუალოდ ჯგუფებში და ვერც სარედაქციო კომისიაში. კომისიის უმრავლესობის მოთხოვნით, მუშაობა უნდა გაგრძელდეს უკვე არსებულ პროექტზეც და იგი სხვადასხვა მოდელებიდან აღებული ელემენტებით გამდიდრდეს. შესაბამისად, ჯერჯერობით არ არსებობს კონსენსუსი საკითხზე, საპრეზიდენტო, საპარლამენტო და შერეული მოდელების შესაბამისად, სამი პროექტი მომზადდეს თუ ერთი, საბაზისო. ამაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, სავარაუდოდ, 24 სექტემბრის სხდომაზე იმსჯელებს. გადასაწყვეტია კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ლეგიტიმაციის საკითხიც. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პროექტი უნდა გადაეცეს პრეზიდენტს, რომელიც,თავის მხრივ, მას, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, პარლამენტში წარადგენს. არ გამოირიცხება პლებისციტის დანიშვნაც.

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ხალხის ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ,როდესაც საქმე ქვეყნის უმთავრესი კანონის მიღებას ეხება. მისი აზრით, პლებისციტი გაზრდიდა კონსტიტუციის ლეგიტიმაციის არა მარტო სამართლებრივ, არამედ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ ხარისხს და პოზიტიურად წაადგებოდა პოლიტიკური კულტურის დახვეწის საქმესაც. ამ თვალსაზრისით, მას იმის იმედიც აქვს, რომ, ადრე თუ გვიან, კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების პროცესში პარლამენსტგარეთა ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთვებიან:

„პოლიტიკური პროცესი უნდა წარიმართოს პოლიტიკურ მხარეებს შორის. მე მაინც ვვარაუდობ, რომ ეს მალე იქნება. პირველი ნაბიჯები გადაიდგა უკვე, რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობდა საარჩევნო კომისიასთან, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ძალიან პროდუქტიული ნაბიჯი გადადგეს, როდესაც დაიწყეს ამაზე საუბარი. იგივე სიტუაციაა აქაც, დიდად არ განსხვავდება.“

იზიარებს თუ არა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივნის სურვილსა და მოლოდინს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მონაწილე ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რესპუბლიკური პარტია? ამ შეკითხვით დავით ბერძენიშვილს მივმართეთ.

“ სანამ სახელმწიფო კომისია რეალური პოლიტიკური ვითარების გამომხატველი არ გახდება და სანამ განსაზღვრული არ იქნება ის, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება, მანამდე ეს საკითხი არ განიხილება.“

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ, სახელმწიფო კომისიისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი კომისია მყარადაა ჩამოყალიბებული თავის არჩევანში და პრაქტიკულად უკვე მომზადებული აქვს კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ქვეყნის მმართველობის ფორმად საპარლამენტო რესპუბლიკას განიხილავს.
XS
SM
MD
LG