Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში 42-ე ადგილზეა


საქართველოს ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი
საქართველოს ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი
ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსელმა „ფრეიზერის“ ინსტიტუტის მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარებული კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა. მოხსენება ეყრდნობა 2007 წლის სტატისტიკურ მონაცემებს და მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების მდგომარეობას ასახავს. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო 42–ე ადგილზეა მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის. რას ნიშნავს საქართველოს ეს მაჩვენებელი და რა მდგომარეობაა ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების მხრივ?

მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების კვლევა სწავლობს ქვეყნების პოლიტიკისა და ინსტიტუტების მიერ ეკონომიკური თავისუფლების მხარდაჭერის დონეს. ქვეყანა ეკონომიკურად თავისუფლად ითვლება იმის მიხედვით, თუ რამდენადაა დაცული ძალადობისგან ადამიანი და მისი საკუთრება,რამდენად უზრუნველყოფილია მისი პირადი არჩევანი, რამდენად ღიაა შიდა ბაზარი, დაუბრკოლებელია საშინაო და საგარეო ვაჭრობა, მიღწეულია კანონით მმართველობა, რამდენად მკაფიოდაა განსაზღვრული ხელისუფლების უფლება-მოვალეობები, მდგრადი და ქმედობაუნარიანია თავად პოლიტიკური ინსტიტუტები და სხვ.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის განცხადებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველომ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა, ესტონეთისა და ლიტვის შემდეგ. ის ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელობაზეც საუბრობს:

„ეკონომიკური თავისუფლება ახერხებს ადამიანების ნიჭის გამოვლინებას. მათი თანამშრომლობის ისეთი ხარისხის მიღწევას, რომელიც იძლევა კეთილდღეობის ზრდის საშუალებას, ამცირებს სიღარიბეს, ზრდის სხვა თავისუფლებებს.“

მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად: ეკონომიკურად თავისუფალი, ნაკლებად თავისუფალი, შედარებით არათავისუფალი და არათავისუფალი ქვეყნები. საქართველო მეორე ჯგუფს, ნაკლებად თავისუფალ ქვეყნებს, განეკუთვნება, მაგრამ, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მას დიდი შანსი აქვს თავისუფალი ქვეყნების რიგში მოხვდეს, მაგალითად, თუ საქართველოს ქულა 7.25 მეასედს შეადგენს, ეკონომიკურად თავისუფალი გერმანიის მაჩვენებელი კი - 7.50–ს.

საქართველოში „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ წარმომადგენლის, დოქ. ვოლფგანგ იონის, განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ცხოვრების დონე მაღალია:

“ცხადია, ამ სიის ნახვისას ზოგი იტყვის, მაშინ მომავალ წელს შვედებივით უნდა ვიცხოვროთ, ისინი მხოლოდ ორი ადგილით გვისწრებენო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. თქვენ ათწლეულები დაგჭირდებათ იმ დონის მისაღწევად. საკითხავი ისაა, როგორ გამოიყურება თქვენი კანონები, რა წინაპირობები იქნა შექმნილი კანონმდებლობის სფეროში. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ხორციელდება ეს კანონები.“

საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს კიდევ უფრო მეტი წინაპირობა შექმნას ეკონომიკური თავისუფლებისთვის. ამ ინიციატივით გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა:

„ჩვენი მთავარი არსი და მიზანი არის თავისუფლება. ეს ეკონომიკური თავისუფლების შეუქცევადობაში, რეალური ეკონომიკური ქმედებების თავისუფლების გარანტიაში უნდა გამოიხატოს. ამისთვის, თუ საჭიროა, საკონსტიტუციო ცვლილებებიც უნდა მივიღოთ.”
მიხეილ სააკაშვილის ამ ინიციატივით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა ერთი თვის მანძილზე სათანადო წინადადებების მომზადების პირობა დადო. სავარაუდოდ, ცვლილებები შეეხება საკუთრების დაცვის საკითხებს და უკეთესი საინვესტიციო გარემოს შექმნას.

მაგრამ არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რაც საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში წინ წაწევის საშუალებას არ აძლევს. უფრო მეტიც. ეს პრობლემები საქართველოს რეიტინგის ოდნავ გაუარესების მიზეზიც კი გახდა. თუ წელს, 2007 წლის მონაცემების საფუძველზე, საქართველო 42–ე ადგილზეა, წინა ანგარიშის მიხედვით, 39–ზე იყო. მაჩვენებლის გაუარესების მიზეზი, ძირითადად, სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების ზრდა, ფულის მასის ჭარბი ზრდა, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის წელიწად-ნახევრამდე გაზრდა გახდა. ის 2008 წელს ისევ შემცირდა, თუმცა ეს, სხვა ცვლილებებთან ერთად, მხოლოდ ეკონომიკური თავისუფლების მომდევნო კვლევის შედეგებში აისახება.
XS
SM
MD
LG