Accessibility links

ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა


ერგნეთის შეხვედრა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საგანგებოდ მოწყობილი კარავი

ერგნეთის შეხვედრა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საგანგებოდ მოწყობილი კარავი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრა სამ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ქართულ და ოსურ-რუსულ საგუშაგოებს შორის ნეიტრალურ ზოლში, საგანგებოდ მოწყობილ კარავში, ქართული, ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჰანს იორგ ჰაბერი უძღვებოდა. ქართულ მხარეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით რაქვიაშვილი წარმოადგენდა, ოსური მხრიდან შეხვედრას პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი ესწრებოდა, რუსულ მხარეს კი ცხინვალის სამხედრო გარნიზონის კომენდანტი ანატოლი ტარასოვი წარმოადგენდა. დღევანდელი შეხვედრა დღეს დილით სოფელ დვანში მომხდარი აფეთქების შესახებ საუბრით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის ავტომანქანა პატრულირებისას საათის მექანიზმიან ნაღმზე აფეთქდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაზიანდა მხოლოდ ავტომანქანა.

გავრცელებული ინფორმაციით, დვანის მიმართულებით მეზობელი ოსური სოფლებიდან დღეს დილით სროლის ხმაც ისმოდა. ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ოსური მხარისგან ინციდენტის გამოძიების პირობა მიიღო.

ოსურ და რუსულ მხარეებს ქართულ მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ახალგორის რაიონში დაკავებული 6 ქართველის გათავისუფლების საკითხი, თუმცა ოსური მხრიდან კონკრეტული დაპირება ვერ მიიღო. ასევე კვლავ დღის წესრიგში რჩება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთის საკითხი. ოსური მხარე ითხოვს გათავისუფლდნენ ქართული მხარის მიერ დაკავებული ცხინვალის მოქალაქეები, რომლებიც სასჯელს საქართველოს ციხეებში იხდიან, რუსული მხარე კი მათი სამხედრო ნაწილიდან გაქცეულ ჯარისკაცთან, დმიტრი არტემიევთან, შეხვედრას ითხოვს. ჩამოთვლილი საკითხებიდან შეთანხმება არც ერთზე არ მომხდარა. დავით რაქვიაშვილის განცხადებით, სამუშაო შეხვედრები რთულად მიმდინარეობს და იქ ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა, მაგრამ, ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მეზობელი ოსური სოფლებიდან უმისამართო სროლის ხმა მაინც ისმის ხოლმე. ამიტომ სასაზღვრო ზოლში მცხოვრებლებისთვის მთავარ პრობლემად მაინც უსაფრთხოების არარსებობა რჩება.
XS
SM
MD
LG