Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 წლის ირანელი სტუდენტი გვიამბობს, როგორ გააუპატიურეს საპატიმროში


საპროტესტო აქცია ირანში
საპროტესტო აქცია ირანში
ირანში, ივნისის არჩევნების შემდეგ, საპროტესტო მოძრაობა დაიწყო. პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მიმართ უარყოფითად განწყობილ ფენებში დიდი იყო იმედი, რომ მას აღარ აირჩევდნენ, მაგრამ, ოფიციალური შედეგებით, უმრავლესობამ ამ პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი. დასავლეთი,ფაქტობრივად, შედეგებს აღიარებს, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ დარღვევები იყო. არჩევნების შემდგომი პროტესტის ჩასახშობად აქტიური პირები დააკავეს და აწამეს. წამების ერთი ფორმა იყო გაუპატიურებაც. ერთ-ერთი მსხვერპლია ებრაჰიმ შარიფი, 24 წლის სტუდენტი.

ირანში მთავრობის მიმართ უარყოფითად განწყობილ მოქალაქეთა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მომხრეთა გამოსვლები მოეწყო. იმ პერიოდში არაერთი ადამიანი დააკავეს. მეჰდი ქარუბი, არჩევნებში აჰმადინეჟადის ერთ-ერთი მეტოქე, იუწყებოდა, რომ დაკავებული პირები აწამეს, გააუპატიურეს - ქალებიც და მამაკაცებიც. ეს მტკიცება ხელისუფლებამ არ მიიღო. ქარუბის იქით დაემუქრენენ, საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის პასუხისგებაში მიგცემთო.

რადიო თავისუფლებას ინტერვიუ მისცა ებრაჰიმ შარიფიმ, რომელიც, მისი თქმით, უცნაურ ვითარებაში დააკავეს და გააუპატიურეს:
“სადღაც წამიყვანეს. გარედან მანქანების ხმაც აღარ შემოდიოდა. მანქანიდან გადმომიყვანეს და მიმიყვანეს ოთახში, სადაც მხოლოდ ჩემი და სხვების სუნთქვა მესმოდა. პირდაღმა დამაწვინეს. არ ვიცი, დამეძინა თუ არა. მგონია, დილა იყო, როცა ქალის ყვირილი გავიგონე, არ ქნათ, არ ქნათო. ზუსტად აღარ მახსოვს.”
ეს იყო ებრაჰიმ შარიფის პირველი განცდა ციხეში. ის იტალიურის შესასწავლად დადიოდა თეირანში, იტალიის საელჩოში, და სწორედ იქიდან შინ მიმავალი დააპატიმრეს 23 ივნისს. ირანის მედია, როცა ციხეში გაუპატიურების ამბებს იუწყებოდა, მსხვერპლის ვინაობას მხოლოდ ინიციალებით, “ე-ეს”-ით, ასახელებდა და ებრაჰიმ შარიფის გულისხმობდა. ამას მოჰყვა სამართალდამცველების ცნობა, რომ ამ სახელისა და გვარის პირი არ დაუკავებიათ. რატომ მოხდა ასე? შარიფი ამბობს, სხვა რამ არც იყო მოსალოდნელიო, რადგან როცა მისი პირველი დაკითხვისას თეირანის პროკურატურის გამომძიებელმა, მოღადამიმ, კითხვები დაუსვა, შარიფი მეჰდი ქერუბისთან მივიდა და უთხრა, გამოძიებას ჩემი საქმის სხვა მიმართულებით წაყვანა უნდა, თითქოს ოპოზიციისგან ფული მივიღე და პოლიტიკური თამაშის იარაღად გამომიყენესო. ამავე დროს, საინტერესოა, რომ, როგორც შარიფი ჰყვება, ის პატიმრობის პერიოდში აზრიანად არც ერთხელ არ დაუკითხავთ, მხოლოდ გვარსა და სახელს ეკითხებოდნენ. შარიფიმ არ იცის, რომელ ციხეში ჰყავდათ ის, თვალებახვეულსა და ხელებშეკრულს ამყოფებდნენ, მხოლოდ საჭმლის მიტანისას უხსნიდნენ ხელებს.

შარიფი თავისი გაუპატიურების ამბავს ჰყვება:
“მეოთხე დღეს მითხრეს, სიკვდილით დაგსჯითო. მაშინებდნენ, თითქოს მოკვლა უნდოდათ ჩემი. ვეუბნებოდი, თუ მოკვლა გინდათ, მომკალით, რატომ მეთამაშებით-მეთქი. ვიღაცამ მუცელში წიხლი ჩამარტყა, მერე - კიდევ, მეორედ. შემდეგ იმან სხვას უთხრა, მიდი, დააორსულეო. კიდევ ერთხელ დამარტყეს. პირიდან სისხლს ვანთხევდი. მუცელი მტკიოდა. სხვა ოთახში გამათრიეს და იქ ხელებით მიმაბეს.”

თავის ჩვენებაში, მოგვიანებით, შარიფი ამბობდა, არ ვიცი ზუსტად, ვინმემ გამაუპატიურა თუ რამე საგანი იხმარესო:
“მგონია, ვიღაცამ. არ ვარ დარწმუნებული, ეს ვინმემ გააკეთა თუ რამე საგანი იხმარეს. მოსამართლე მოჰამადიმ მკითხა: რატომ არ უთხარი, შეწყვიტეთო. ვუპასუხე, ლაპარაკისა და ფიქრის უნარი წამერთვა-მეთქი. მგონი, გონებაც დავკარგე, სისხლს ვანთხევდი პირიდან და იმიტომაც, რომ ... ხომ გესმით. ეს პირი უხამსობებს მეუბნებოდა: შენი ერთი ადგილი ვერ დაგიცავს და ხავერდოვანი რევოლუციის მოწყობას როგორ აპირებო.”

ებრაჰიმ შარიფიმ განთავისუფლების, ანუ 30 ივნისის, შემდეგ არ გაამხილა, რომ გააუპატიურეს. ამაზე საჯაროდ ლაპარაკი არ სურდა. საჩივრის შესატანად პოლიციაში მივიდა, სადაც უთხრეს, ეს დაზვერვის სამინისტრომ გააკეთა, ჯობია დაივიწყო, ღმერთს მადლობა უთხარი, რომ ცოცხალი ხარო. როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ ექიმმა ზურგისა და მუცლის დაზიანების დამადასტურებელი ცნობა მომცაო, ამბობს ის და განაგრძობს, მეგობარსაც ველაპარაკე და, მისი რჩევით, მეჰდი ქარუბისთან მივედი, რომ ჩემი დაპატიმრების ამბავი მეთქვაო.

“არ მინდოდა გაუპატიურებაზე მასთან ლაპარაკი, მაგრამ საუბრისას თვალებში ცრემლები შემამჩნია და მითხრა, ყველაფერს არ მეუბნები, რაღაცას მიმალავო. ოთახში მყოფთ სთხოვა გასულიყვნენ და მარტო დავეტოვებინეთ. შემდეგ ყურანიდან ადგილი წაიკითხა და მკითხა: გაგაუპატიურესო? კი-მეთქი, ვუპასუხე და ტირილი დავიწყე. ქარუბიმ გულში ჩამიკრა და თვითონაც ცრემლებით აევსო თვალები, ძალიან აღელდა. ამას მოჰყვა ის, რომ მოღადამიმ დამკითხა. გაუპატიურებიდან თვე-ნახევარი იყო გასული და ძალადობის კვალი აღარ ჩანდა. იუსტიციის უწყების ერთმა თანამშრომელმა მითხრა, ისიც კი ვერ გავარკვიეთ, რა ზომის იყო გამოყენებული ობიექტიო. ასე მითხრა: ეს შენი საქმეაო.”

დაბოლოს, გეტყვით, რომ ებრაჰიმ შარიფიმ, 24 წლის ირანელმა სტუდენტმა, რომელიც ერთკვირიანი პატიმრობისას გააუპატიურეს, სამშობლო დატოვა და უცხოეთში წავიდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG