Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე რუსეთი შეერთებული შტატების პოზიციას უახლოვდება


დმიტრი მედვედევი (მარცხნივ) და ბარაკ ობამა

დმიტრი მედვედევი (მარცხნივ) და ბარაკ ობამა

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა დათანხმდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით ირანის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე. მედვედევი ასეთი განცხადებით ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ოთხშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ გამოვიდა. მედვედევისა და ობამას მოლაპარაკების მთავარი თემები თეირანის ატომური პროგრამა და რუსეთისა და შეერთებული შტატების ბირთვულ არსენალთან მიმართებით წლის ბოლოს დაგეგმილი განიარაღების შეთანხმება იყო.

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეთანხმდნენ, რომ ირანზე ზეწოლას შეინარჩუნებენ, მისი საკამათო ბირთვული პროგრამის გამო. მედვედევმა და ობამამ განაცხადეს, რომ ირანისთვის საერთაშორისო სანქციების გამკაცრების შესაძლებლობა ღიად რჩება, თუ თეირანი თავისი ბირთვული პროგრამის დეტალებს სრულად არ გამოააშკარავებს და არ შეაჩერებს ურანის გამდიდრებას.

ეს იყო ნიუ-იორკში ოთხშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის მიმდინარეობისას, გამართული ორი პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემა.

დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ირანი თავის ბირთვული ენერგეტიკის პროგრამას ატომური იარაღის საიდუმლო პროგრამის შენიღბვის მიზნით იყენებს. თეირანი ბრალდებას უარყოფს.

ობამასთან შეხვედრის შემდეგ მედვედევმა თქვა, ”სანქციებს იშვიათად მოაქვს შედეგი, თუმცა ზოგჯერ ისინი გარდაუვალიაო”. ეს განცხადება ბევრმა ისე გაიგო, რომ მოსკოვმა, რომელიც უწინ ყოველთვის ყოყმანობდა ირანზე ზეწოლის გაძლიერებასთან დაკავშირებით, პოლიტიკა შეცვალა. მოსკოვი ირანში ატომურ სადგურს აშენებს, რომელიც წლის ბოლოს უნდა ამოქმედდეს.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ობამამ თქვა, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ: ირანს აქვს უფლება ჰქონდეს მშვიდობიანი ატომური ენერგეტიკა, მაგრამ არა ბირთვული იარაღი:

”ვფიქრობ, ჩვენ ვიზიარებთ აზრს, რომ ეს საკითხი დიპლომატიის გზით უნდა გადაიჭრას. მე ოფიციალურად გამოცხადებული მაქვს, რომ ამ საკითხის გადასაჭრელად მზად ვარ ირანთან სერიოზული მოლაპარაკება ვაწარმოო.”

მედვედევის თქმით, მოსკოვი უშვებს სანქციების გამკაცრების შესაძლებლობას, თუ თეირანი ”სწორი მიმართულებით” არ გადადგამს ნაბიჯებს:

”ჩვენი ამოცანაა სტიმულის ისეთი სისტემა შევქმნათ, რომელიც ირანს ბირთვული ენერგეტიკის მშვიდობიანი გამოყენების პრობლემის გადაჭრის საშუალებას მისცემს, მაგრამ არ დაუშვებს მის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებასო”, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამერიკელი ოფიციალური პირები უარყოფენ გავრცელებულ აზრს, თითქოს ირანის თაობაზე კრემლის პოზიციის შეცვლა დათმობა იყოს სანაცვლოდ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებისა, აღარ განათავსოს ანტისარაკეტო სისტემა პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. მოსკოვი ამ გეგმას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.

რუსეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრს, საშუალება აქვს ვეტო დაადოს ირანისთვის გაეროს სანქციების გამკაცრებას. რუსეთის გარდა, უშიშროების საბჭოში შედიან შეერთებული შტატები, ჩინეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი.
ოთხშაბათის შეხვედრაზე ობამა და მედვედევი ატომური განიარაღებისა და იარაღის გაუვრცელებლობის ფართო თემებსაც შეეხნენ. მედვედევის თქმით, ის ოპტიმისტურად უყურებს პერსპექტივას, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები წლის ბოლოს თავიანთი ბირთვული არსენალების შემცირების შესახებ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ.

მედვედევმა და ობამამ ასევე ისაუბრეს მოსკოვის გეგმაზე, შეიქმნას ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელიც ნატოსა და ეუთოს ჩაანაცვლებდა. მედვედევმა ამის შესახებ გენერალურ ასამბლეაზე თავის გამოსვლაშიც ისაუბრა. ბევრი ევროპელი დიპლომატი თანახმაა, ამ გეგმის შესახებ დისკუსია გაიმართოს, თუმცა დასავლეთის ქვეყნები თვლიან, რომ უსაფრთხოების ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც ნატო და ევროკავშირია, ჩანაცვლება არ სჭირდებათ.
XS
SM
MD
LG