Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 24 სექტემბერი 2009


მიმოხილვას ვიწყებთ „რეზონანსით“, რომელიც დღეს რამდენიმე პუბლიკაციას უთმობს შესაძლო ცვლილებებს ხელისუფლებაში. ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის შეცვლას გეგმავსო, წერს გაზეთი და განაგრძობს: ადეიშვილს გვარამია შეცვლის, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაინიშნება, რომლის ადგილსაც გია არსენიშვილი დაიკავებს, განათლების მინისტრად კი უშიშროების საბჭოს მდივან ეკა ტყეშელაშვილს დანიშნავენო.

გაზეთი თბილისის მერობის შესაძლო პრეტენდენტებსაც განიხილავს. ოპოზიცია ჯერჯერობით ერთიან კანდიდატზე ვერ თანხმდება და ხელისუფლების კანდიდატის ვინაობაც ჯერ გაურკვეველიაო, - წერს „რეზონანსი“ და განაგრძობს: „ცხადია, გიგი უგულავას ამ პოსტზე პრეტენზია აქვს, მაგრამ მმართველი ელიტა უკვე ფიქრობს მისი კანდიდატურის მიზანშეწონილობაზე და მას შეიძლება საბოლოოდ მოუწიოს მმართველ გუნდთან დამშვიდობებაო“.

„ალია“ ამ თემაზე, მერის მომავალ არჩევნებზე, ამას წერს: „მას შემდეგ, რაც ალასანიას ალიანსმა კარტები საბოლოოდ გახსნა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 9 თვით ადრე საკუთარი კანდიდატები წარადგინა, ისედაც დაბნეული, არეული და, სააკაშვილის ლექსიკით თუ განვსჯით, გაფარჩაკებული ოპოზიცია სულ მთლად აირია და ბრინჯივით დაიბნაო“.

ოპოზიციის რეაქციაზე წერს „ახალი თაობაც“, რომელიც კონსერვატორ კახა კუკავას გაესაუბრა. ჟურნალისტი მას ეკითხება, რამდენად შესაძლებელია, რომ მერის არჩევნებზე სწორედ ირაკლი ალასანია იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატიო. „შეუძლებელია“, - პასუხობს კახა კუკავა და განმარტავს: „ყველას თავისი პოლიტიკური პარტია და გზა აქვს. არავინ აპირებს თავისი ხედვის უარყოფას და სხვისი ხედვის გაზიარებასო“.

კიდევ ერთი პუბლიკაცია „რეზონანსიდან“. ეს გახლავთ ინტერვიუ შალვა რამიშვილთან, რომელსაც ჟურნალისტი ეკითხება, თქვენი გადაცემა „იმედის“ ეთერით გავა, ხელისუფლებას ხომ არ გაურიგდითო. რამიშვილი უპასუხებს: „ისინი, ვინც ამ ხმებს ავრცელებს, ბევრს ლაპარაკობენ და სინამდვილეში რა შედეგსაც მიაღწიეს, ვხედავთ. მე არა მაქვს პოლიტიკოსის პრეტენზიები, არ მინდა ქვეყანა ვმართო და ვერც რევოლუციას მოვახდენო“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG