Accessibility links

logo-print

ახალი მემარჯვენეები პარლამენტში დაბრუნებას არ აპირებენ


მამუკა კაცირაძე (მარცხნივ) და ფიქრია ჩიხრაძე

მამუკა კაცირაძე (მარცხნივ) და ფიქრია ჩიხრაძე

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის 24 სექტემბრის დღის წესრიგში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებების იმ პროექტის მესამე მოსმენა, რომელიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სიით გასულ დეპუტატებს პარლამენტში დაბრუნების საშუალებას მისცემს. საუბარია პარლამენტსგარეთა ოპოზიციის იმ 10 წარმომადგენელზე, რომლებმაც დეპუტატის მანდატები 2008 წლის 7 ივნისს დემონსტრაციულად მაკრატლით დაჭრეს. დღეიდან 2010 წლის პირველ იანვრამდე ამ პირებს უფლება აქვთ უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართონ. უკვე ცნობილია, რომ ამ უფლებით არ ისარგებლებენ ახალი მემარჯვენეები, რომლებმაც განაცხადეს, რომ პოზიციებს იოლად არ იცვლიან.

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ახალმა მემარჯვენეებმა 5 მანდატი მოიპოვეს - სამი პროპორციული და ორი მაჟორიტარული წესით. დავით გამყრელიძისა და დავით საგანელიძის ადგილმონაცვლეები ვაკისა და დიდუბის ოლქებიდან უკვე არჩეულნი არიან. შესაბამისად, საკონსტიტუციო დამატებების თანახმად, მანდატების აღდგენაზე განაცხადების გაკეთება შეეძლოთ ფიქრია ჩიხრაძეს, მამუკა კაციტაძესა და მანანა ნაჭყებიას. ამ უკანასკნელს - ირაკლი იაშვილის ნაცვლად, რომელიც პოლიტიკიდან ბიზნესში წავიდა. ახალმა მემარჯვენეებმა 2008 წლის 7 ივნისის შემდეგ მოქმედი პარლამენტის დეპუტატის მანდატებზე ნებაყოფლობითი უარი საჯაროდ, უკვე მეორედ, 2009 წლის 24 სექტემბერს თქვეს: პირველად - საკუთარი და გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილებით, მეორედ კი - საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე პასუხად. როგორც მამუკა კაციტაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საკითხი პრაქტიკულად ამოწურულია და გადაწყვეტილებაც საბოლოოა:

„ახალი მემარჯვენეები გაყალბებული არჩევნების შედეგად შექმნილ პარლამენტში არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენ ვიქნებით მომავალ პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მაგრამ იმ არჩევნების შედეგად შექმნილ ორგანოებში, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფლად და ობიექტურად. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია. ვფიქრობთ იმას, რასაც ვფიქრობდით. ჩვენ არ ვიქნებით ამ პარლამენტში. ეს საკითხი წერტილდასმულია.“

ის, რომ საკითხი წერტილდასმულია და გადასინჯვას იმთავითვე არ ექვემდებარებოდა, თავის მხრივ, ფიქრია ჩიხრაძემაც აღნიშნა. მისი განმარტებით, კონსტიტუციური ცვლილებები რეალობას არ ცვლის და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად კვლავ ვადამდელი არჩევნები რჩება.

ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიციის რიგებიდან ახალი მემარჯვენეები 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული ხმების რაოდენობით ლიდერები აღმოჩნდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ 12 პირიდან, რომელთაც მანდატები დახიეს, 5 მემარჯვენე იყო. უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ ოპოზიციონერთა ნაწილი გადაწყვეტილებას შეცვლის. თუმცა შეთავაზების უარყოფაში ახალი მემარჯვენეები მარტონი რომ არ არიან, კონსერვატორებმაც დაგვიდასტურეს. ზვიად ძიძიგური ამბობს:

“მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთგვარი გარიგება, რომელშიც არ შევალთ ხელისუფლებასთან არავითარ შემთხვევაში. კონსერვატორებს გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიგვიღია. აქედან გამომდინარე, არ ვაპირებთ მის რევიზიას. განვაგრძობთ მოთხოვნას ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.“

პარლამენტში შესვლა არა, მაგრამ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა კონსერვატიულ პარტიას უკვე გადაწყვეტილი აქვს. საქმე ეხება მოთხოვნას, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მიღებული ნორმები.

კახა კუკავას თქმით, სექტემბრის ბოლოდან ახალგაზრდული ორგანიზაციების, ოქტომბრიდან კი პოლიტიკური აქციების დაწყება იგეგმება და ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის ძალაში დატოვება ქვეყანას ახალ დაპირისპირებას უქადის.

დაბოლოს, ისევ დახეული მანდატების აღდგენის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ჯერჯერობით ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტში მანდატის აღდგენას არ გამორიცხავს, „თავისუფლებაა.“ თუმცა გადაწყვეტილება ბოლომდე არც პარტიის ლიდერს კონსტანტინე გამსახურდიას მიუღია. იგი რამდენიმე დღეში დაბრუნდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან. პარტიაში კი განმარტავენ, რომ კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ხალხის ნებასა და იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ბერკეტები აღმოჩნდება დეპუტატ კონსტანტინე გამსახურდიას ხელში იმისათვის, რომ მან ამომრჩევლის ინტერესების სრულფასოვნად დაცვა შეძლოს.
XS
SM
MD
LG