Accessibility links

როგორ შეაფასეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს ტრიბუნაზე?


გაეროს ნიუ იორკის შტაბბინა

გაეროს ნიუ იორკის შტაბბინა

"სიცოცხლისუნარიანი დემოკრატია ერთადერთი გზაა იმ ახალი კედლის დასანგრევად, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დანარჩენი საქართველოსგან ჰყოფს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას. თავის სიტყვაში სააკაშვილმა თქვა: "საქართველო არ ელის, რომ ახალი კედელი ერთ ღამეში დაინგრევა, მაგრამ ეს კედელი ცივილიზებული სამყაროს მიერ ახალი გამყოფი ხაზების მიუღებლობით და მშვიდობით უნდა დაინგრეს, როგორც დაინგრა ბერლინის კედელი, როცა თავისუფლების დამცველებმა დისციპლინირებულად და მამაცურად იმუშავეს ორივე მხრიდან."

საქართველოში სააკაშვილის გამოსვლა სხვადასხვაგვარად შეაფასეს. ზოგმა გამოსვლას ადეკვატური და სწორი მინიშნებების შემცველი უწოდა, ზოგმა კი პირიქით - არაადეკვატური.

საქართველოში გავლებული ახალი ბერლინის კედელი უნდა დაინგრეს დემოკრატიით - ძალიან მოკლედ ამ სიტყვებით უნდა გადმოვცეთ ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოს ლოდერებს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან უთხრა. პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელის აზრით, სააკაშვილის გამოსვლა ადეკვატურად ასახავდა საქართველოს პრობლემებს. თავის გამოსვლაში საქართველოს ლიდერმა გასაგებად ახსნა, რას აპირებს საქართველო თავის უმთავრესი, სასიცოცხლო პრობლემის მოსაგვარებლად.

დემოკრატიული ცვლილებები, ამ ცვლილებების გაღრმავება, აღმშენებლობის ხელშეწყობა: საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების თანახმად, ეს არის ის, რაც ქვეყანამ რუსეთის აგრესიას დაუპირისპირა და მომავალშიც დაუპირიპირებს. ალექსანდრე რონდელის თქმით, მნიშვნელოვანი იყო თავად გამოსვლის ფაქტი, გამომდინარე იქიდან, რომ აგვისტოს ფართომასშტაბიანი ომის შეჩერებიდან ერთი წლის თავზე მსოფლიო ლიდერების წინაშე წარსდგა იმ ქვეყნის ლიდერი, რომლის დედაქალაქთან დღესაც ძალიან ახლოს დგას საოკუპაციო ჯარი, და მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველო მისი ლიდერობით აგრძელებს ბრძოლას, აგრძელებს აღმშენებლობას. მაგრამ გენერალურ ასამბლეაზე სააკაშვილის გამოსვლას აქვს სხვაგვარი შეფასებებიც.

იმის ასახსენლად, როგორ უპირისპირებს საქართველო რუსეთის შემოტევას "დემოკრატიის ახალ ტალღას", მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან შემდეგი მაგალითები მოიყვანა: ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მთელი სამი თვის მანძილზე საშუალება მისცა ოპოზიციას საპროტესტო აქციები ემართა, მიუხედავად იმისა , რომ გადაიკეტა ცენტრალური გამზირი და მოხდა სამთავრობო შენობების პარალიზება. სააკაშვილმა ახსენა, რომ ოპოზიციის მიერ კონტროლირებად მაუწყებლებს ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის ლიცენზია მიეცა; ისიც, რომ ოპოზიციური პარტიები ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე იქნენ მიწვეული; ისიც, რომ დაიწყო ახალ საარჩვენო კოდექსზე მუშაობა და ასე შედეგ.

გამოსვლის ამ ნაწილმა სააკაშვილის პოლიტიკურ ოპოზიციაში განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა ვთხოვეთ რესპუბლიკური პარტიის წევრს დავით ზურაბიშვილს. ის ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ნიუ-იორკში გაკეთებული ჩამონათვილი ვერ დაარწმუნებდა მსმენელებს, რომ საქართველოში მართლაც დაიწყო დემოკრატიის ახალი ტალღა. ზურაბიშვილის აზრით, "როცა პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციურ მაუწყებლებს ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის ლიცენზია მიეცა და ამას ხელისუფლების პლუსად აცხადებს, იქ ყველაფერი ნათელია." ზურაბიშვილისთვის არც ის არგუმენტია დამაჯერებელი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს უშიშროების საბჭოს სხდომებზე პატიჟებენ. დაპატიჟება მესმის ოჯახში და არა უშიშროების საბჭოს სხდომაზეო, ამბობს ზურაბიშვილი

მისივე თქმით, ასეთი არგუმენტებით მტკიცება იმისა, რომ საქართველოში დემოკარტიის ახალი ტალღა დაიწყო, არასერიოზულია მეტიც: ჩვენთან საუბრისას, რესპუბლიკური პარტიის წევრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ვენესუელის პრეზიდენტის, უგო ჩავესის გამოსვლასაც კი შეადარა. იმ ჩავესისა, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, და რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტისთვის გაეროს ტრიბუნიდან ამჯერად აღარ უწოდებია "ეშმაკი", მაგრამ რომელმაც მსოფლიო ლიდერებს თავი ვაშინგტონის ტრადიციული მძაფრი კრიტიკით და გამოსვლის ბოლოს სიმღერით დაამახსოვრა.

თუმცა, დავუბრუნდეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას და ამ გამოსვლასთან დაკავშირებით დავით ზურაბიშვილის შეფასებას: "მისი ეს გამოსვლა უფრო მეტად აღქმული იქნებოდა ისეთ ექსცენტრიულ გამოსვლად, როგორიც უგო ჩავესის გამოსვლა იყო, ოღონდ ანტირუსული პოზიციიდან. რა იყო ბერლინის კედელზე აპელირება? კი, ჩვენთვის ეს ბერლინის კედელიცაა და უარესიც, მაგრამ ევროპას რომ ეუბნები, საქართველოში მომხდარით მსოფლიო გაიყოო, ამას მხოლოდ ღიმილით შეხედავენ", ფიქრობს ზურაბიშვილი.

მათთვის ვისთვისაც ასეთი შეფასებები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გადაჭარბებულია, გაუგებარია, ევროპელებს რატომ შეიძლება გაღიმებოდათ ახალი ხელოვნური გამოყოფი ხაზების შეუწყნარებლობისკენ მოწოდებაზე, თანაც იმ ქვეყნის ლიდერის მხრიდან, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმა გადაიტანა. ალექსანდრე რონდელი არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში ბერლინი კედლის ხსენება უადგილო იყო: "ბერლინის კედელთან შედარება მხატვრული ხერხია. ზოგს შეიძლება გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ, ჩემი აზრით საქართველოს პირობებში ეს ბერლინის კედელია და იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემა კარგად იქნეს გაგებული და აღქმული, ეს ხერხია გამოყენებული. მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლაში ეს არ იყო მთავარი. მან უჩვენა მსოფლიო საზოგადობას, რომ ის, რაც საქართველოში მოხდა, ძალიან ჰგავს იმას, რაც მოხდა 1939 წელს პოლონეთზე თავდასხმაით, ან შემდეგ, ფინეთზე საბჭოთა კავშირის თავდასხმით", გვეუბნება ალექსანდრე რონდელი.

ზოგი ექსპერტი აკრიტიკებს პრეზიდენტის გამოსვლის იმ ნაწილს, რომელშიც მან ჩეჩნეთზე ისაუბრა. მაგალითად, გია ხუხაშვილის აზრით, ეს უადგილო იყო: "ყველა ცდილობს, რუსეთს მოეფეროს, ჩვენ კი ასეთი განცხადებებით მათ ხელს ვუშლით, პრობლემებს ვუქმნით არა მარტო საქართველოს, არამედ პარტნიორებასაც", უთხრა ხუხაშვილმა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამდე რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, საქართველოში რუსეთმა ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინაო. ეს თქვა სწორედ იმ ლიდერების შთამომავალმა, რომლებმაც "თავისი გასაკეთებელი" გააკეთეს პოლონეთში, უნგრეთში. ფინეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ავღანეთში; იმ ქვეყნის წარმომადგენელმა, რომლის მთავრობის მეთაურისთვისაც საბჭოთა კავშირის დანგრევა დღემდე გეოპოლიტიკური ტრაგედიაა, ჩეჩნეთში ჩადენილი არნახული ბოროტმოქმედება კი - ანტიტერორისტული ოპერაცია.

საქართველოში ზოგი მაინც ფიქრობს, რომ ახლა პუტინისა და მედვედევის მოფერების დროა და გაეროს ტრიბუნიდან ამ ტანდემისთვის ფაქტების შეხსენება უადგილო იყო საქართველოს ლიდერის მხრიდან, იმ ქვეყნის ლიდერის მხრიდან, რომლის ტერიტორიადანაც რუსეთი არათუ უკან არ იხევს, არამედ უფრო და უფრო იმაგრებს პოზიციებს.
XS
SM
MD
LG