Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებაში კადრებს კრემლი არჩევს


ედუარდ კოკოითი
ედუარდ კოკოითი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს აყალიბებენ. მას შემდეგ, რაც პროფესიით მშენებელი ბროვცევი ჩელიაბინსკიდან ცხინვალში პირდაპირ პრემიერ-მინისტრის პოსტზე სამუშაოდ გაუშვეს, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება სრული შემადგენლობით გადადგა - მინისტრები გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ მოვალეობას ასრულებდნენ, კოკოითის ხელისუფლებაში კი ბროვცევმა საკუთარი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო და უპირატესობა ისევ რუსეთიდან ჩამოყვანილ კადრებს მიანიჭა. ცხინვალში უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ კრემლი, დე ფაქტო ხელისუფლებაში საკუთარი კადრების დანიშვნით, რესპუბლიკის რეალური მმართველია. ვადიმ ბროვცევის მიერ შერჩეული კადრები კოკოითიმ ისე წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად, რომ მათ არც იცნობდა. მისი ბრძანებით, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ 52 წლის ალექსანდრ ზელიგი, პროფესიით ასევე მშენებელ-ინჟინერი დაინიშნა, ხოლო ფინანსთა მინისტრის პოსტზე მან 35 წლის ირინა სიტნიკი დაამტკიცა, რომელიც მანამდე მოსკოვის საბანკო ინსტიტუტის ფინანსურ დირექტორად მუშაობდა.

სავარაუდოდ, ადგილს ვერ შეინარჩუნებს ყოფილი კულტურის მინისტრი ტამერლან ძუცევი, რომელსაც კოკოითის რისხვა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან დაატყდა თავს.

ცხინვალში ყველაზე დიდი მითქმა-მოთქმა მოსკოვიდან გამოგზავნილი ფინანსთა მინისტრის დანიშვნამ გამოიწვია. ადგილობრივთა ნაწილის აზრით, ცხინვალში გამოგზავნილ რუსულ ფინანსებს კრემლი კოკოითის აღარ ანდობს და საკუთარ კადრს უკეთესი კონტროლისთვის ნიშნავს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ირინა სიტნიკი ფინანსთა სამინისტროში არსებული დარღვევების აღმოსაჩენად გამოუშვეს, რაც კოკოითისთვის, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის მალხაზ მინდიაშვილის აზრით, კრემლი, ბოლო საკადრო გადაწყვეტილებებით, პირველ რიგში, საკუთარი ფინანსების კონტროლს აძლიერებს: კოკოითის ნდობა უკვე შეუძლებელია, რადგან ომის შემდეგ ცხინვალში გამოგზავნილი 2 მილიარდი რუბლიდან ნახევარი მოლიარდი უკვალოდ გაქრა. გარდა ამისა, ადგილზე პროფესიონალი კადრების დეფიციტიცაა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. უკვე ცნობილია, რომ ეს ცვლილებები ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს არ შეეხებათ. უშიშროების მინისტრი ბორის ატოევი და თავდაცვის მინისტრი იური ტანაევი დიდი ხანია, რაც ფე–ეს–ბემ ცხინვალში გამოუშვა. ამიტომ კოკოითს მათზე ხელი არ მიუწვდება. კრემლმა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუტოვა, რომელსაც მისი კადრი, ვალერი ვალიევი, ხელმძღვანელობს. ბოლო საკადრო ცვლილებებით კი კოკოითი კონტროლს უკვე ეკონომიკურ გუნდზეც კარგავს, სადაც კრემლმა მნიშვნელოვან თანამდებობებზე საკუთარი კადრები ჩასვა. ამის შემდეგ კი ცხინვალშიც და ოსურ ინტერნეტგამოცემებშიც ხშირად ისმის კითხვა: ვინ არის დე ფაქტო რესპუბლიკის რეალური მმართველი - ედუარდ კოკოითი თუ ვადიმ ბროვცევი?
XS
SM
MD
LG