Accessibility links

logo-print
ოპოზიციის გეგმები დღეს პრესის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მედიას ისიც აინტერესებს, რა დამოკიდებულება აქვთ ოპოზიციურ პარტიებს პრაიმერის შესახებ კონსერვატორების იდეის მიმართ. ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრი მამუკა კაციტაძე ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ”ოპოზიციურ პრაიმერს ერთი დათქმა უნდა ჰქონდეს, რომ მოგებულს ყველა ჩვენგანი გვერდით ვუდგებით მთავარ არჩევნებში. ”ალიანსი” აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ალასანია-სუბარის ტანდემი დაუმარცხებელია არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ ძირითად არჩევნებშიც, მიუხედავად ამისა, ვაცხადებთ: პრაიმერში თუ სხვამ გაიმარჯვა, ”ალიანსი” მის გვერდით დადგება”, - ამბობს კაციტაძე. ”ახალ თაობაშივე” ქვეყნდება სტატია, რომელშიც წაიკითხავთ: ”კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ალასანია მერობისთვის იბრძოლებს, სუბარი კი საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის. თუმცა სუბარისთვის მარტო ეს არ შეუთავაზებიათ. სააკაშვილის წასვლის შემთხვევაში, ალასანია სუბარს პარლამენტის თავმჯდომარეობას შეჰპირებია”, - წერს ”ახალი თაობა”.


”ვერსია” ალასანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის ამჯობინებს ოპოზიცია არჩევნებზე შეთანხმებული კანდიდატით გამოვიდეს, მაგრამ ”ასე თუ არ მოხდება, არაფერი დაშავდება. მთავარია, ოპოზიციურ ძალებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს”, - ამბობს ალასანია. ”ვერსიაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში აგრეთვე წაიკითხავთ: ”საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი და სააკაშვილს მოუწევს დათმობებზე წასვლა, რადგან ამას ელის საერთაშორისო საზოგადოებაცა და ამერიკაც. ვფიქრობ, ერთ თვეში გამოჩნდება, აქვს თუ არა საარჩევნო გარემოს შეცვლის პოლიტიკური ნება სააკაშვილს”, - ამბობს ალასანია.


”რეზონანსი” ანტინარკოტიკული კანონმდებლობის საკითხზე პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და მთავრობის საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილს შორის უთანხმოების თემას უბრუნდება. ”მე ვსაუბრობ საქართველოს კანონზე ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების შესახებ”, რომლის ახალი რედაქცია უნდა განვიხილოთ. ინიციატივა პარლამენტში შემოტანილია და საკომიტეტო მოსმენების დაწყებას ვითხოვ, რომ შემდეგ სხდომაზეც განვიხილოთ”, - ამბობს გიგი წერეთელი და ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამს:”ხუროშვილი სხვა კანონპროექტზე საუბრობს. როგორც ჩანს, მას შეეშალა. ის სათანადო ინფორმაციას არ ფლობს და სხვა კანონპროექტზე საუბრობს.” ”რეზონანსის” იმავე გვერდზე ქვეყნდება ინტერვიუ გია ხუროშვილთან. ის ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს მთავრობის 30 გვერდიანი დასკვნა: ”შემიძლია ეს დასკვნა გაჩვენოთ. კანონპროექტში, რომელზეც წერეთელი საუბრობს და რომელიც ჩემთან არის შემოსული, არ ჩანს არანაირი დასაბუთება, არ ჩანს არანაირი კვლევის მასალები, არ ჩანს რას ეყრდნობა ინიციატორი, როცა ასაბუთებს, რომ დღეს ნარკოტიკების მომხმარებლები ქუჩაში უნდა გამოვუშვათ. სიგარეტის მწეველს ლამის სახრჩობელით ვემუქრებით და ნარკოტიკების მომხმარებელს გარეთ ვუშვებთ? ეს ჩემთვის მიუღებელი და დაუსაბუთებელი ლოგიკაა”, - აცხადებს ხუროშვილი. წერეთელი კი განმარტავს, რომ საქართველოს ”კანონმდებლობა გამსაღებლების მიმართ ძალიან შეურიგებელია და ამაზე არავინ დავობს” და არც ყველა მომხმარებლის გათავისუფლებას უჭერს მხარს, რადგან მათ შორის კრიმინალებიც არიან.


”24 საათი” რამდენიმე რესპონდენტს პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანის შესახებ გადაწყვეტილებაზე აზრს ეკითხება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავს იმის გამო, რომ ამ ცვლილებაში მონაწილეობა არ მიუღია საკონსტიტუციო კომისიას და თვლის, რომ ეს ცვლილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა; სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია პარლამენტის მუშაობის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანას ძალიან კარგ ინიციატივად მიიჩნევს; მემარჯვენე მანანა ნაჭყებია ქუთაისელების გულის მოგების იაფფასიან მცდელობასა და ამომრჩევლის მოტყუებას უწოდებს; ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე აბსურდულად თვლის; უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი კი ვერ ხედავს მიზეზს, რატომ არ უნდა უჭერდეს მხარს ამ ინიციატივას.
XS
SM
MD
LG