Accessibility links

ირანმა ურანის გასამდიდრებელი საიდუმლო ობიექტის არსებობა აღიარა


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, 2007 წელს

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, 2007 წელს

შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაგმეს თეირანი იმისათვის, რომ მას ურანის გასამდიდრებელი საიდუმლო ობიექტი აღმოაჩნდა. ამ ობიექტის არსებობის შესახებ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თეირანმა ორშაბათს წერილობით შეატყობინა. მანამდე უცხოეთში მოქმედმა ირანულმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ გაავრცელა სატელიტით მოპოვებული მასალა, რომელიც ირანშია გადაღებული და, ჯგუფის მტკიცებით, ატომური იარაღის შესაქმნელად მოქმედ ობიექტებს ასახავს.

შეერთებული შტატების, საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერებმა დაგმეს თეირანი იმისთვის, რომ საიდუმლო ობიექტზე ურანის გამდიდრებას ახორციელებდა, რაც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების დარღვევაა.
ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დღეს დაადასტურა, რომ ირანმა აღიარა თავის ტერიტორიაზე მეორე ასეთი ობიექტის არსებობა. ეს ინფორმაცია სააგენტოს ხელმძღვანელს, მუჰამედ ელ-ბარადეის, ორშაბათს წერილობით აცნობეს.

პარასკევს პიტსბურგში, დიდი ოცეულის სამიტის გახსნის ცერემონიაზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის გვერდით მდგარმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ირანს მოუწოდა საიდუმლო ობიექტზე დაუყოვნებლივ შეუშვას გაეროს ინსპექტორები:

”ამ ობიექტის არსებობა ხაზს უსვამს, რომ ირანს კვლავაც არ სურს შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები და ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნები. ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ამ შემაშფოთებელი ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და მათი სამეთვალყურეო საბჭოს ინფორმირებას ვთხოვთ.”

ობამას განცხადებით, ირანს აქვს უფლება განავითაროს მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკა, მაგრამ, მისი თქმით, ახლად გამხელილი ობიექტის ზომა და კონფიგურაცია ეწინააღმდეგება თეირანის განცხადებებს, რომ მისი ატომური პროგრამა მხოლოდ ბირთვული ენერგეტიკის შექმნას ითვალისწინებს.

ობამას, სარკოზისა და ბრაუნის თანახმად, თუ თეირანი 1 ოქტომბრამდე თავისი ატომური პროგრამის შესახებ ინფორმაციას სრულად არ გამოააშკარავებს, მას კიდევ უფრო მეტი იზოლაცია და, სავარაუდოდ, გაეროს სანქციების მეოთხე რაუნდი დაემუქრება.

ლონდონში განთავსებული სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტმა ატომური იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში, მარკ ფიცპატრიკმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეორე ობიექტის არსებობის შესახებ ეჭვი უკვე დიდი ხანია არსებობს და რომ ეს ირანს აქამდეც უნდა ეღიარებინა:

”მე დიდ ხნის განმავლობაში ვეჭვობდი, რომ რომელიმე გასაიდუმლოებულ ადგილას ირანს კიდევ ერთი ურანის გამდიდრების ობიექტი ჰქონდა. გასაკვირი არ არის, რომ ირანს ბოლოს ამის გამჟღავნება მოუწია. ირანი, დამცავი ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულია ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ნებისმიერი ასეთი ბირთვული ობიექტის შესახებ აცნობოს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ირანმა ცალმხრივად თქვა უარი ამ ვალდებულების შესრულებაზე”, - ამბობს ფიცპატრიკი. - ”ვფიქრობ, ირანმა დააგვიანა ამ ობიექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ძალიან საინტერესო იქნება მის შესახებ მეტი გავიგოთ - რამდენად წინ არის ის წასული, რა იყო მისი მიზანი.”

პარალელურად, საფრანგეთში მოქმედმა ირანულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა გაავრცელა სატელიტით გადაღებული სურათები და ინფორმაცია. ჯგუფი აცხადებს, რომ სურათებზე აღბეჭდილია ორი ადგილი, რომელსაც ირანი ატომური იარაღის შესაქმნელად იყენებს.

მედჰი აბრიჩამჩი ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს წამყვანი წევრია. ეს საბჭო ირანის სახალხო მოჯაჰედინთა ორგანიზაციის - მუჯაჰედინ-ე-ხალყის - პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენს:

”მე გავამხელ რეჟიმის ორ ადგილს, რომლებიც გასაიდუმლოებულია და ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენება. ეს ორი ცენტრი ერთობლივად მუშაობს ძლიერფეთქებადი მასალის გამოცდის პროცესში - იგულისხმება ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ასაფეთქებელი მასალა.”

ექსპერტების განცხადებით, ამ ჯგუფის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ცნობებს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იძიებს. მარკ ფიცპატრიკის თქმით, ამ ორგანიზაციას წარსულში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არაერთი საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს გამოაშკარავებული, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მან მცდარი ცნობებიც გაავრცელა.

პარიზში მოქმედი ირანული ოპოზიციური ჯგუფი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შესული, წარსულში ჩადენილი ქმედებების - მათ შორის, შეერთებული შტატების მოქალაქეების მკვლელობის - გამო. ორგანიზაციას ირანი და ერაყიც ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ.

თავად მუჯაჰედინ-ე-ხალყის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოქმედების წესი შეცვალეს, და ახლა მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებს მიმართავენ.

მარკ ფიცპატრიკის აზრით, ჯგუფის მიერ გაკეთებული უკანასკნელი განცხადებები ამყარებს ვაშინგტონის მიერ გამოთქმულ ეჭვს, რომ თეირანი ჩუმად ბირთვულ იარაღზე მუშაობს.

იმ შემთხვევაში, თუ თავის ბირთვულ პროგრამას სრულად არ გამოააშკარავებს, ირანს გაეროს სანქციების მეოთხე რაუნდი ემუქრება. ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ხუთშაბათს ”ვაშინგტონ პოსტს” უთხრა, რომ ატომურ საკითხებზე მომუშავე ირანელ მეცნიერებს უცხოელ - მათ შორის, ამერიკელ - კოლეგებთან შეხვედრის საშუალებას მისცემს.
XS
SM
MD
LG