Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე იმსჯელეს


ქართულ და აფხაზურ ახალგაზრდულ ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა თბილისში
ქართულ და აფხაზურ ახალგაზრდულ ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა თბილისში
26 სექტემბერს, სოხუმის დაცემის წინა დღეს და ომის დასრულებიდან 16 წლის თავზე, თბილისში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ცალკეულ დეტალებზე სასაუბროდ პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ექსპერტებთან ერთად მათ იმ თემებზე საუბარი დაიწყეს, რომელზეც აქამდე მხოლოდ მათი წინა თაობა საუბრობდა.

”ეროვნული ფორუმის” მიერ ორგანიზებულ ამ კონფერენციას, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, გაგრძელება ექნება.

3 ოქტომბერს სამი აფხაზი და სამი ქართველი ახალგაზრდა ერთმანეთს ლონდონში, შემდეგ კი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში, შეხვდება და ერთმანეთს გაიცნობს. ასეთი ფაქტები ძალზე იშვიათია და მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პროექტის ფარგლებში თუ ხორციელდება. ამ შეხვედრის შესახებ კი შევიტყვეთ 26 სექტემბერს, სოხუმის დაცემის წინა დღეს, თბილისში გამართულ კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაც ასე ჟღერდა: ”ახალაგაზრდების როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში”.

აფხაზეთში ომის დასრულებიდან 16 წელი გავიდა. ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა - ომის შვილებმა, როგორც მათ უწოდებენ ხოლმე - ერთმანეთზე თითქმის არაფერი იციან. ამიტომ მათი ყველა შეხვედრა, თუნდაც იშვიათი, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ამბობს კონფერენციის მონაწილე, ახალგაზრდული ორგანიზაცია ”პირველების” წარმომადგენელი, კახაბერ ურიადმყოფელი, რომელიც ერთ-ერთია იმათგან, ვინც სულ ახლახან პირველად ნახა თავისი თანატოლი აფხაზი.

კახა გვეუბნება, რომ ქართულ-აფხაზურ ახალგაზრდულ შეხვედრებს, ბრიტანული არასამთავრობო შერიგების რესურსები უზრუნველყოფს. პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 2007 წელს შედგა, შემდეგ იყო 2008 წლის დეკემბრის შეხვედრა ლონდონში, მეორე - 2009 წლის მაისში:

”იქ იყო ერთი ბიჭი, რომელმაც პირველად ნახა თავისი თანატოლი ქართველი და მეც, ასევე, პირველად შევხვდი ჩემი ასაკის აფხაზს... და მას უფრო რაღაც ისეთი მოლოდინი ჰქონდა, თითქოს უცხოპლანეტელები ვიყავით, მაგრამ სრულიად შეეცვალა შთაბეჭდილება, როცა ნახა, რომ ჩვეულებრივი ხალხი ვართ, კავკასიელები... სხვათ შორის, ამ ტერმინს ხშირად ვიყენებდით, რომ ჩვენი ერთიანობა აღგვენიშნა და ყოველ საღამოს ერთად მივირთმევდით ღვინოს და არაფორმალურ გარემოშიც კარგად ვატარებდით დროს...”

კახა ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანი საქართველოშიც ნამყოფია, იციან აქაური კურორტები, ქუჩებიც კი: ” მათაც უნდათ, რომ სოხუმში ჩავიდეთ, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლევიან... ისე კი ძალიან წარმატებული, მოაზროვნე ახალგაზრდები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იტყვიან ბევრს აფხაზეთის მომავალში და კარგი იქნება, თუ ორივენი თავიდანვე შევეჩვევით ერთმანეთთან ურთიერთობას. მათ იციან, რომ თუ ქართველებთან კარგად ვერ იქნებიან, ისე მათი ცხოვრება შეუძლებელია. თუმცა ეს კარგად ყოფნაც თავისებურად ესმით. კერძოდ, მათი აზრით, კარგად იქნებიან, თუ ქართველები მშვიდად იცხოვრებენ ენგურს გადაღმა და, თავის მხრივ, მშვიდობა იქნება მათთანაც...”

ეს ურთიერთობები დღესაც გრძელდება ინტერნეტის მეშვეობით, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მწვავე საუბარს მაინც ერიდებიან.

კონფერენცია, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართვას გულისხმობს, როგორც მისი ორგანიზატორი, ახალგაზრდული ფორუმის თავმჯდომარე შალვა კიკნაველიძე ამბობს, ერთჯერადი არ იქნება და სხვა აქტივობებიც დაემატება.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ანჩაბაძე უკვე რვა წელია აფხაზეთის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს - სოხუმში ჩასვლაც უწევს და აფხაზური ახალგაზრდობის განწყობასაც კარგად იცნობს. ის გვეუბნება, რომ მათში ქართველების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი არსებობს, ხოლო ქართულ- აფხაზურ შეხვედრებს შედეგი მაშინ ექნება, თუ მათ შესახებ საზოგადოების დიდი ნაწილი შეიტყობს:

”ის მუხტი, რომელიც მიიღეს ქართველმა ახალგაზრდებმა აფხაზ თანატოლებთან ამ შეხვედრიდან, უნდა გაუზიარონ რაც შეიძლება ბევრ ახალგაზრდას. მხოლოდ მაშინ ექნება შედეგი ასეთ შეხვედრებს.”

რაც შეეხება ზოგად განწყობებს ომიდან 16 წლის შემდეგ, გიორგი ანჩაბაძე გვეუბნება, რომ ომის შვილებს აქვთ გარკვეული ანტაგონიზმი ქართველების მიმართ, მაგრამ ეს ცნობისმოყვარეობა, თუ როგორია საქართველო, უფრო ძლიერია, ვიდრე მტრული განწყობა.

26 სექტემბერს გამართულ ახალგაზრდულ კონფერენციას კონფლიქტოლოგი და აფხაზებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პაატა ზაქარეიშვილიც ესწრებოდა. მან თქვა, რომ უკვე დროა მისმა თაობამ, იმ ხალხმა, ვინც აფხაზებთან მოლაპარაკების პროცესში იყო ჩართული, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ახალ თაობას გაუზიაროს - ასწავლოს, რაზე შეიძლება აფხაზებთან საუბარი, რაზე - არა; რა ფორმით, როგორ უნდა ააწყონ მათთან ეს კონტაქტები:

”დღეს ახალგაზრდების დამეგობრება, აფხაზებისა და ქართველების, უნდა იყოს უფრო გრძელვადიანი და უნდა დაიწყოს დღესვე, რომ ხუთი-ექვსი წლის თავზე სერიოზული შედეგები მოგვცეს და მათ უკვე თავისუფალი კონტაქტები ჰქონდეთ ერთმანეთთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად სწორედ პიროვნულ ნდობას ეფუძნება მთელი პოლიტიკა.”

აფხაზეთის დაკარგვიდან 16 წლის თავზე პაატა ზაქარეიშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ აფხაზების ნდობის მოპოვების გზაზე ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რაც შეიძლება მეტი აფხაზის გაშვება ევროპაში, რომ მათ საკუთარი თვალით ენახათ, რა მომავალი შეიძლება ჰქონოდათ საქართველოსთან ერთად ევროპაში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს შანსები მინიმუმამდე შემცირდა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ყველა თაობისთვის უფრო მნიშვნელოვანი მაინც იმის გაცნობიერებაა, რომ აფხაზეთი, ზოგადად, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ ვის მიერ დაბრუნდება:

”ყოველმა თაობამ უნდა თქვას, რომ აფხაზეთი უფრო ძვირია და მნიშვნელოვანი, ვიდრე ”ჩემს მიერ მოპოვებული აფხაზეთი”. და უნდა ამოვიფხიკოთ თავიდან ”დიდხანს ვერ მოვითმენთ” განწყობა. და უნდა მოვითმინოთ იმდენხანს, რამდენ ხანსაც ეს სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG