Accessibility links

logo-print
დასავლეთის პრესაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ის გადაწყვეტილებას, უარი თქვას ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტების პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში განთავსების გეგმაზე. შეგახსენებთ: აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა განცხადება, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმა "შეცვლილი და უფრო მასშტაბური სახით" განხორციელდება ირანის სარაკეტო იერიშისაგან აშშ-ისა და მისი მოკავშირეების უკეთ დასაცავად. ეს განცხადება გასულ კვირაში, 17 სექტემბერს, გაკეთდა. მასზე გამოხმაურება კი დღემდე გრძელდება და ზოგ პუბლიკაციაში ყურადღება მახვილდება საქართველოსათვის საგულისხმო ასპექტებზე.

“ინტერნეიშენლ ჰერალდ ტრიბუნმა”, რომელსაც გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსის” გლობალურ გამოცემას უწოდებენ, პარასკევის ნომერში დაბეჭდა ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, პოლიტოლოგ კურტ ვოლკერის, სტატია, რომელშიც ავტორი ობამას გადაწყვეტილების შედეგების, მისივე სიტყვით, “გაშიფვრას” ცდილობს.

ვოლკერის აზრით, ევროპელების რეაქციამ (ავტორი ამ რეაქციას “კაკაფონიას” უწოდებს, ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებების გამო) ცხადყო, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, როგორც ასეთი, განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, მაგრამ უკავშირდება სხვა, ევროპელებისთვის მეტად მნიშვნელოვან, პრობლემებს, რომლებიც კვლავაც მოუგვარებელი რჩება.

სტატიის ავტორი თავდაპირველად მიუთითებს გამოხმაურებაზე ცენტრალურ ევროპაში: პროამერიკული ძალები ჩივიან, ვაშინგტონმა ზურგი შეგვაქციაო, მიუხედავად ობამას ადმინისტრაციის განმარტებისა, რომ ახალი გადაწყვეტილების შედეგად, ცენტრალური ევროპა უკეთ იქნება დაცული სარაკეტო იერიშების საფრთხისაგან. მეორე მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი მიესალმნენ ობამას გადაწყვეტილებას, მიუხედავად ვაშინგტონის მტკიცებისა, რომ ამ ნაბიჯს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან.

რუსეთს რაც შეეხება, კურტ ვოლკერის აზრით, მთავარია ის ფაქტი, რომ ის ავტორიტარული რეჟიმი გახდა და მეზობელ ქვეყნებში გავლენის სფეროს გამყარებისაკენ მიისწრაფვის.

“როცა ბუშის ადმინისტრაციამ თქვა “YES” რუსეთთან თანამშრომლობაზე ანტისარაკეტო თავდაცვის მიმართულებით აზერბაიჯანში რადარის გამოყენებით, რუსეთის პასუხი იყო “HET”, თუ ადმინისტრაცია უარს არ იტყოდა პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გეგმებზე. რუსეთისთვის მთავარი იყო არა თვით ანტისარაკეტო თავდაცვა, არამედ გადამწყვეტი სიტყვის თქმა იმაზე, რაც ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში ხდება. შარშანდელმა ომმა საქართველოში ეს მესიჯი კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. ცენტრალურ ევროპაში იციან, რომ ასეა. რაღაც გაეგებათ რუსეთის “გავლენის სფეროებზე” და ესმით მის მიმართ “ნულოვანი ტოლერანტობის” აუცილებლობა. პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას არსებითად არასოდეს ნდომებიათ ანტისარაკეტო თავდაცვის ობიექტები - მათ უნდოდათ რკინაში ჩამოსხმული ამერიკული წარმომადგენლობა და უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მეტი იქნებოდა, ვიდრე მათ ნატო სთავაზობს”, ვკითხულობთ კურტ ვოლკერის სტატიაში, რომელიც “ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნში” დაიბეჭდა.
აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმის შეცვლას ვრცელ საყურადღებო სტატიას უძღვნის ბრიტანეთის ავტორიტეტიანი ყოველკვირეული გამოცემა “ეკონომისტიც”. ის შეცვლილი გეგმის სამხედრო ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას:

“პენტაგონი აცხადებს, რომ, სულ ცოტა, რამდენიმე SM-3 ტიპის გადამტაც რაკეტას განათავსებს დაახლოებით 2015 წლიდან, რაც უფრო იაფი დაჯდება. მაგრამ ჩანაფიქრი, შესაძლოა, ისევ პოლიტიკურ პრობლემებს გადააწყდეს... შესაძლო ვარიანტებს შორის, რომელთაც უპირატესობა ენიჭება, არიან თურქეთი და ცენტრალური ევროპა. ოფიციალური პირები ნაწყენ პოლონელებსა და ჩეხებს დაჰპირდნენ ამ რაკეტების მათთან განთავსებას. მაგრამ ისევ წავიდოდნენ ასეთ რისკზე? პენტაგონი საუბრობს აგრეთვე მობილური რადარის “კავკასიაში” განთავსებაზე. ყველაზე სავარაუდო ადგილია საქართველო, მაგრამ რუსეთს არ მოსწონს საქართველოს კავშირი ამერიკასთან.”

ბრიტანეთშივე, გაზეთმა “გარდიანმა”, ისევე როგორც ევროპის კიდევ რამდენიმე გავლენიანმა გამოცემამ (იტალიის “კორიერე დელა სერამ”, გერმანიის “ველტმა”, საფრანგეთის “მონდმა”, ჩეხეთის “მლადა ფრონტმა დნესმა”), 22 სექტემბერს დაბეჭდა ღია წერილი, სათაურით “ევროპა მხარში უნდა ამოუდგეს საქართველოს”, რომელსაც ხელს აწერს 12 გამოჩენილი მოღვაწე, მათ შორის ჩეხეთისა და ლიტვის ყოფილი პრეზიდენტები ვაცლავ ჰაველი და ვალდას ადამკუსი. ღია წერილის ავტორები ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, შეიმუშაონ აქტიური სამოქმედო სტრატეგია, რათა დაეხმარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და საქართველოს მიწაზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის ჯარების გასვლის მიღწევაში. ამ წერილის სრული თარგმანი 22 სექტემბერსვე გამოვაქვეყნეთ ჩვენს ვებსაიტზე.

ბოლო დღეებში გამოხმაურება ახლდა გასული წლის აგვისტოს ომის ფაქტების დამდგენი კომისიის მზადებას ანგარიშის გამოსაქვეყნებლად. დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა გერმანიის ავტორიტეტიან ჟურნალ “შპიგელის” მორიგ პუბლიკაციას, თითქოს ევროკავშირის დავალებით მომუშავე დამოუკიდებელი ექსპერტები საქართველოს ადანაშაულებდნენ ომის დაწყებაში. გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსის” 24 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილ სტატიაში აღნიშნულია, რომ შვეიცარიელ დიპლომატ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით მომუშავე კომისიას დასკვნა ივლისის ბოლოს უნდა წარმოედგინა, მაგრამ ეს საქმე ორი თვით გადადო იმის გამო, რომ მას ბევრი ახალი მასალი მიაწოდეს. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში, გაეროს გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებით ვიზიტის დროს, ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში უარყო “შპიგელში” დაბეჭდილი ინფორმაცია, თითქოს ომი საქართველოს მხარეს დაეწყოს.
XS
SM
MD
LG