Accessibility links

logo-print

ბუნდესტაგის არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა


ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი

როგორც ეგზიტ პოლები აჩვენებს, კონსერვატორებმა კანცლერ ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, როგორც ჩანს, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის, ბუნდესტაგის არჩევნებში საკმარისი ხმები მოიპოვეს საიმისოდ, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა შექმნან მათთვის სასურველ თავისუფალ დემოკრატებთან ერთად.

გერმანიის ორი უდიდესი სატელევიზიო არხისთვის ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა და თავისუფალმა დემოკრატებმა ერთად ხმების დაახლოებით 48 პროცენტი დააგროვეს, რაც, გერმანიის სარჩევნო სისტემის მიხედვით, საკმარისია ბუნდესტაგში უმრავლესობის მოსაპოვებლად.

ეს საშუალებას მისცემს მერკელს, დაასრულოს ე.წ. დიდი კოალიცია თავის მთავარ მეტოქესთან, სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უდგას სათავეში. დიდი კოალიცია 2005 წლის არჩევნების შედეგად შეიქმნა.

ეგზიტ პოლების მიხედვით, სოციალ-დემოკრატებმა ხმების დაახლოებით 23 პროცენტი მოაგროვეს. ეს მათი ყველა დროის ყველაზე უარესი მაჩვენებელია საყოველთაო არჩევნებში.

მთლიანობაში არჩევნებში 62,2 მილიონ ადამიანს ჰქონდა საარჩევნო უფლება. არჩევნებში მონაწილეობდა 28 პარტია. 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ ბუნდესტაგში მოხვდა მხოლოდ ხუთი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, სოციალ-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები, მწვანეები და მემარცხენე პარტია.
XS
SM
MD
LG