Accessibility links

logo-print
ცოტა ხნის წინ, რადიო “თავისუფლების” საიტზე მოვისმინე ჩემი მეგობრის, ბასა ჯანიკაშვილის ინტერვიუ, რომელშიც ბასა სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, იმასაც შეეხო, თუ როგორ შემოდიოდა უცხოეთი ქართულ ლიტერატურაში უკანასკნელი წლების განმავლობაში.

მისი სიტყვით, ბოლო 7-10 წლის მანძილზე, ძალიან ბევრი წიგნი გამოვიდა, სადაც მოქმედება უცხოეთში ვითარდება. პერსონაჟებთან ერთად ავტორებიც მოხვდნენ საზღვარგარეთ, დაიწყო ერთგვარი ფსიქოლოგიური ძვრები, რაც ნაწარმოებებშიც აისახა. ბასას აზრით, რაც უფრო მეტი მკითხველი ეყოლება ასეთ წიგნებს, ევროპასა და საქართველოს შორის არსებული საზღვარი მით უფრო მალე გაიხსნება.

მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ საზღვარს, რომელიც ამდენი წელი იყო ჩაკეტილი, უცხოური შთაბეჭდილებებითა და უცხოური ფსიქოლოგიური ძვრების საფუძველზე დაწერილი ლიტერატურა თუ გახსნის მხოლოდ.

მესმის, რომ ბასა ზოგადად უწიგნურობას გულისხმობდა, როცა ამბობდა, “რაც უფრო მეტი მკითხველი ეყოლება ასეთ წიგნს...”-ო, მაგრამ ძალაუნებურად მეტ-ნაკლებად სუსტი ქართული რომანებით რომ დასახა ბასამ ქართული ლიტერატურის “ბედის გახსნის” პერსპექტივები, ეს აშკარაა.

რატომ სუსტი? იმიტომ, რომ ესეთი, “უცხოურ” რეალიებში გაზავებული რომანები ცოტათი უკბილო გამოუვიდათ ქართველ მწერლებს. სიტყვა “უკბილო”-ზე აქ არ მინდა მაინცდამაინც ხუმრობა გაიხსენოთ. არსებობს ასეთი ცნება ღვინის დახასიათებისას, “უკბილო ღვინო”, როცა ღვინო უინტერესოა, სხეული, ძარღვიანობა აკლია, არც სურნელით გამოირჩევა და ვერც დაგემოვნებისას განიჭებს სიამოვნებას. ჰოდა, აი ასეთია ჩვენი მწერლების “უცხოური” რომანები და ამიტომაა, რომ ლაშა ბუღაძის მეორე რომანს პირველი მირჩევნია, აკა მორჩილაძის „ძირს სიმინდის რესპუბლიკასა“ და „შენ თავგადასავალს” კი “მოგზაურობა ყარაბაღში” (სხვა ავტორების ჩამოთვლაც შეიძლება).

ჩვენს რეალობაში ხშირად უცხოეთში გაქცევა თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად იქცევა ხოლმე, ქართულ რომანში კი ავტორები სიუჟეტის, ამბის გადარჩენისთვის მიერეკებიან თავიანთ პერსონაჟებს. რატომ ხდება ეს, რატომ იქცა ეს ტენდენცია რეალობის ლამის ერთადერთ ნიშნად თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, ეგ ცალკე საკითხია და ამაზე სხვა დროს ვიტყვი, როცა კიდევ ერთხელ გადავიკითხავ ამ რომანებს, ახლა კი იმას სჯობს ჩავეძიოთ (დავიწყოთ მაინც ძიება), თუ რისი ბრალია, რომ ქართულ ლიტერატურას არა და “არ გაეხსნა ბედი”.

იმ მდგომარეობით, რასაც ახლა ვხედავთ ქართულ ლიტერატურაში, ჩვენ კიდევ დიდხანს ვერ ჩავეწერებით მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში. რამდენიც არ უნდა ვუმტკიცოთ თავს, რომ ჩვენი მწერლობა კარგად, ან საკმაოდ კარგად ასახავს რეალობას (ბასას სიტყვებია), ეს ასე არაა და არც მხოლოდ მკითხველს უნდა დავაბრალოთ ჩვენი მწერლობის პრობლემები. ახლანდელი ქართული ლიტერატურა ქართულ ფეხბურთზე უარეს დღეშია ჩავარდნილი, ფეხბურთის მესვეურები 2 წელიწადში ერთხელ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების კენჭისყრის ცერემონიალებზე მაინც დადიან...

ძალიან კარგად მახსოვს 2002 წლის ივნისში როგორი სიხარულით ვაუწყებდი მკითხველს ახალი გაზეთის, “24 საათის” დამატების, “წიგნების” გამოსვლას, რომელიც წიგნის ფესტივალს დავამთხვიეთ და კიდევ 3 წელი გამოდიოდა. როგორი იმედი მქონდა, რომ 2002 და მისი მომდევნო წელი შემობრუნების წელი იქნებოდა ქართული ლიტერატურისთვის. სწორედ ამ პერიოდში გაიხსნა ახალი ტიპის პირველი ქართული წიგნის მაღაზიები, “პარნასი” და “წიგნის სახლი”... მაგრამ სულ მალე რაღაც მოხდა, რასაც ვერ ვარქმევ ზუსტ სახელს, ოღონდ ერთი რამ ნაღდად ვიცი: 2003 წელს ჩვენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოგვეპარა, მნიშვნელოვანი დავკარგეთ. მას შემდეგ არც ერთი წიგნის ფესტივალი ისეთი არ ყოფილა, იმ 2002 და 2003 წელს, ფილარმონიაში რომ იყო. მაშინ ჩვენ გვქონდა შანსი, ახალი ქართული ლიტერატურის დაბადების მომსწრენი გავმხდარიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. რა იყო ეს “მნიშვნელოვანი”? მაინც რა დავკარგეთ?

კითხვის ხალისი? რომელიც ახლა მხოლოდ ფარულადაა ჩვენში? სიახლის მოლოდინი? რომელიც ასევე თვლემს?

მაშინ, იმ საშინელი რეჟიმის პირობებში იმედით ვცხოვრობდით, დარწმუნებული ვიყავით, რომ ძველი რეჟიმი აუცილებლად წავიდოდა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წასვლიდან 1 წელიწადში ასე საბედისწეროდ მიეჯაჭვებოდა ქართული საზოგადოება ახალი რეჟიმის მთავარ იარაღებს, ერთი მხრივ პიარს და მეორე მხრივ რისხვის გამომწვევ მექანიზმებს, ყალბ ოპტიმიზმსა და სრული პესიმიზმის მანქანებს, პატრიოტიზმსა და განურჩევლობას. იქნებ ამიტომაცაა, რომ მწერლები ვერაფერს არსებითს ვერ ამბობენ?! იქნებ ამიტომაა, რომ მკითხველებს წიგნისთვის აღარ სცალიათ, მხოლოდ ქართულ ტიტრებს თუ წაიკითხავენ ხოლმე ათასში ერთხელ?! იქნებ ამიტომაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელი ყურადღება ძეგლებზე და საფლავებზეა გადასული?!

“საჭირბოროტო” ძეგლებზე და “პრესტიჟულ” საფლავებზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG