Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასახელდნენ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის წევრები


28 სექტემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა დაასახელა. პატიმრობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, კომისია 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან ექვსი სამინისტროს თანამშრომელია, ორი პარლამენტის წევრი და ერთიც მესამე სექტორის წარმომადგენელი.

2009 წლის 11 ივლისს პარლამენტმა პატიმრობის შესახებ კანონში შეიტანა შესწორება, რომელმაც, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, ფუნდამენტურად შეცვალა ვადამდე პირობით გათავისუფლების კომისიის როგორც მუშაობის პრინციპი, ასევე შემადგენლობა:

„კომისია იმუშავებს გამჭვირვალედ, რისთვისაც მე შევთავაზე საზოგადოებას, რომ კომისიაში შევიდნენ როგორც პარლამენტის, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები“, განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. მისივე თქმით, კომისიას მინისტრის მოადგილე ლევან ზარანდია უხელმძღვანელებს, ხოლო პარლამენტის უმრავლესობიდან კომისიაში წარმოდგენილი იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი, უმცირესობიდან კი - დიმიტრი ლორთქიფანიძე. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ, ცვლილების შედეგად, კომისის ეფექტიანობა გაიზრდება.

დეპუტატებთან ერთად კომისიის მუშაობის გაკონტროლებას მესამე სექტორიც შეეცდება. დიმიტრი შაშკინის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა დაესახელებინათ კომისიის წევრობის ხუთი კანდიდატი, რომელთა რიგებიდან მინისტრის მრჩეველთა საკოორდინაციო საბჭო შეარჩევდა სამს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად მინისტრი მიიღებდა, თუმცა, დიმიტრი შაშკინის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოზიციების შეჯერება ვერ მოახერხეს.

„ხუთის ნაცვლად მივიღეთ ოცდაოთხი განცხადება. ორი დღის წინ მრჩეველთა საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად ვიმსჯელე ამ საკითხზე და გამოვკვეთე ხუთი კანდიდატურა: გიორგი თევზაძე, მალხაზ ნარინდოშვილი, ნინო მესტუმრიშვილი, კოკი იონათამიშვილი და მანანა კობახიძე. მივიღე გადაწყვეტილება და, ჩემი ბრძანებით, დაინიშნა ნინო მესტუმრიშვილი...“
დიმიტრი შაშკინის თქმით, ნინო მესტუმრიშვილის კანდიდატურა საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ეროვნულ საბჭოში შემავალმა 42-მა ორგანიზაციამ წარადგინა. რადიო თავისუფლებამ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის ახსნა მინისტრის მრჩეველთა საკოორდინაციო საბჭოს წევრს დავით პაიჭაძეს სთხოვა:

„ყოველ ჩვენგანს ჰქონდა ხუთზე ნაკლები შეთავაზება მინისტრისთვის. უბრალოდ, მინისტრმა მოისმინა ყველა შეთავაზება და ჯამურად ხუთი გამოვიდა. ჩემთვის ამოსავალი იყო ადამიანის რეპუტაციული უმწიკვლობა, პროფესიონალიზმი და სანდო ინფორმაცია ამ ორი რამის შესახებ. ამიტომ მე შევთავაზე ჩემი ვარიანტები, სხვებმა - თავისი.“

საბოლოო ჯამში, მინისტრის ყურადღება, როგორც უკვე ითქვა, ნინო მესტუმრიშვილზე შეჩერდა.

ნინო მესტუმრიშვილი: „ჩემთვის ამ კომისიაში ყოფნა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგანაც აქ ადამიანების ბედი წყდება. პასუხისმგებლობას ვგრძნობ როგორც საზოგადოების, ასევე წარმდგენების წინაშე. კომისია უნდა იყოს იმდენად გამჭვირვალე და იმდენად სამართლიანი, რომ ხალხს არ გაუჩნდეს ის კითხვები, რაც დღეს აწუხებს.”

ამგვარი მიზნების მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდ ნაწილს კომიის ახალი წევრის გვარ-სახელი ბევრს არაფერს ეუბნება.

„ვაი! ყველაზე უცნობი იმ ხუთ კანდიდატს შორის!“ - ასეთი რექცია ჰქონდა ადვოკატ ლია მუხაშავრიას კომისიის მეცხრე წევრის ვინაობის შეტყობისას, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კომისიაში ყოველ სამ თვეში ერთხელ შეიცვლებიან. სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული კომისია პირველად 30 სექტემბერს შეიკრიბება და 75 პატიმრის ვადამდე პირობით გათავისუფლების საკითხს შეისწავლის.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG