Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 28 სექტემბერი 2009


“ოპოზიციის მიერ აღებული ტაიმ-აუტი დასრულდა და დღეს საქართველოში „პოლიტიკური შემოდგომა“ იწყება, - იუწყება „რეზონანსი“ სტატიაში, რომელიც მოძრაობა „7 ნოემბრის“ დღევანდელ საპროტესტო აქციას ეხება. „სააკაშვილს ექნება მუდმივი დისკომფორტი საზოგადოების მხრიდან და საზოგადოება ყოველთვის გააკეთებს იმის მაქსიმუმს, რაც მას ხელეწიფება. დღეს პრეზიდენტს და მის გუნდს დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია, შესაბამისად, ჩვენ ვახსენებთ მოსახლეობას, თუ რას წარმოადგენს ეს ხელისუფლება“, - უთხრა გაზეთს ნანა კაკაბაძემ,თავმჯდომარემ ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას - მიუხედავად იმისა, რომ მერის არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი, ქართული გაზეთები მერობის შესაძლო კანდიდატებზე აქტიურად წერენ. „კვირის პალიტრა“ გვერდიგვერდ აქვეყნებს ინტერვიუებს ირაკლი ალასანიასა და ლევან გაჩეჩილაძესთან - ალასანიამ უკვე დაასახელა თავი მერობის მომავალ კანდიდატად, გაჩეჩილაძეს კი, გაზეთის ცნობით, ბევრი არჩევნებზე მის კონკურენტად მოიაზრებს. „მერის არჩევნებში მონაწილეობას მაშინ მივიღებ, თუ ეს იქნება ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილება, ხალხის მოთხოვნა, და მეტი გარანტია გვექნება იმისა, რომ სააკაშვილს თბილისს წავართმევთო“, - უთხრა ლევან გაჩეჩილაძემ „კვირის პალიტრას“.

მერის არჩევნებზე ელაპარაკა „ახალ თაობას“ „ქალთა პარტიის“ ლიდერი გუგული მაღრაძე. „არჩევნების წინ ოპოზიცია ბლოკებად უნდა გაერთიანდეს“, - ასეთია გუგული მაღრაძის აზრი. „ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი თუ არ ეყოლება, ქალაქის მერი ისევ გიგი უგულავა გახდებაო“, - უთხრა მან „ახალ თაობას“.

პრესა კვლავინდებურად ბევრს წერს ტელეკომპანია ”იმედის” ახალ პროექტზე, რომელსაც „სიმართლის დრო“ ჰქვია და მის წამყვანზე - შალვა რამიშვილზე. „კვირის პალიტრა“ ჟურნალისტს ეკითხება, ასეთი ანტისახელისუფლებო პოზიციით გამორჩეული კაცი „იმედზე“ როგორ აღმოჩნდიო. პასუხად შალვა რამიშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს და მათ არაპუნქტუალურებს, ზარმაცებს და უნიჭოებს უწოდებს. „ბევრი მათგანი სააკაშვილის გუნდის წევრებს ინტელექტით აშკარად ჩამორჩებაო“, - უთხრა რამიშვილმა „კვირის პალიტრას“ და ამატებს: „არც ერთი პოლიტიკური ძალის ტორპედო არ გავხდები. ყველაფერს გავაკეთებ იმისათის, რომ ჩემი შრომით ფული გავაკეთო., დიდი ფული“.

ოპოზიციას აკრიტიკებენ ჟურნალისტებიც. „ალია“ წერს: „როცა მიზნამდე მისასვლელ გზაზე კომპასიც ვერ გშველის, იმიტომ რომ დებილი ხარ, ”თხა და გიგოს” პერსონაჟი არ უნდა გახდე, იმიტომ რომ შენი გამოგონილი მგელი მოვა და შეგჭამს“, - წერს ჟურნალისტი და ამატებს: „ხალხმა თუ შეგიძულა და დაგინახა, რომ ცვედანი ხარ, დამთავრებულია ”მიშა, მოვედის” ძახილი“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG