Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოებს შეხვდა


გიორგი ტუღუში (მარცხნივ) და სოზარ სუბარი
გიორგი ტუღუში (მარცხნივ) და სოზარ სუბარი
”სახლს მყარი საძირკველი უნდა ჰქონდეს, რომ მასში ცხოვრება არ შეგვეშინდეს. ქვეყნისათვის ასეთი საძირკველი მაშინ შენდება, როდესაც ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანია. და თუკი ეს ასე არ არის, მაშინ ქვეყნის სიმტკიცე ბეწვზე ჰკიდია”, - ამ სიტყვებით დაიწყო სოზარ სუბარმა შეხვედრა სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წარმომადგენლებთან. შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა არაოფიციალური ფორმატით იმის აღსანიშნავად, რომ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოების წევრთა და ახალი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის, თანამშრომლობა დაიწყო.

შეხვედრას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და კონფესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი ერთხმად გამოთქვამდნენ მადლიერებას ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარისა, და მისი თანამშრომლების მუშაობის გამო:

”საბჭოების მეშვეობით ყველა კონფესიებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცდილობენ საკუთარი პრობლემების მოგვარებას”, -

განაცხადა თბილისის ჯუმა მეჩეთის მთავარმა მოლამ ლაგიფ აკბეროვმა შეხვედრაზე.

სწორედ აღნიშნული საბჭოებისა და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლობის შედეგად ვიგრძენით, რომ საქართველოში არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ არის უარყოფითად განწყობილი განსხვავებული კონფესიების წარმომადგენლების მიმართ, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელმა აკაკი ჭელიძემ.

როგორც სოზარ სუბარმა შეხვედრის დაწყებამდე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, ეს საბჭოები იყო მთავარი ფორუმი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან. მისივე თქმით, საბჭოების დაარსების დღიდან, 2005 წლიდან, არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაწყდა დადებითად, მაგალითად, როგორიც იყო განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან დაკავშირებული საკითხები და სხვ. თუმცა, გასაკეთებელი კვლავ ბევრიაო, ამბობს სოზარ სუბარი და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი სახალხო დამცველი, ამ მხრივ, აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.

მოქმედმა სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა, თავის მხრივ, პირობა დაუდო საბჭოების წარმომადგენლებს, რომ არა მარტო გაგრძელდება მათ პრობლემებზე მუშაობა, არამედ ის კიდევ უფრო აქტიური და ნაყოფიერი გახდება.

”სამომავლო ურთიერთობა იქნება ინტენსიური და საქმიანი. არანაირად არ ვაპირებ ამ მიმართულების შესუსტებას. პირიქით, მუშაობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება იმისათვის, რომ რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემები შეძლებისდაგვარად მოგვარდეს”, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ნაყოფიერი მუშაობის აღსანიშნავად, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სოზარ სუბარს არაერთი სიმბოლური საჩუქარი გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში ახალი სახალხო დამცველიც დაიმსახურებს ისეთსავე ნდობასა და პატივისცემას, როგორითაც უკვე ყოფილი ომბუდსმენი, სოზარ სუბარი, სარგებლობდა.
XS
SM
MD
LG