Accessibility links

logo-print

ანგელა მერკელი: ”გერმანიას უფლება აქვს მალე ახალი მთავრობა ჰყავდეს”


კვირას გამართულ არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ მისი სურვილია ქვეყანაში ახალი, მემარჯვენე-ცენტრისტული, მთავრობა 9 ნოემბრამდე ჩამოყალიბდეს, ანუ იმ დღემდე, როცა გერმანია ბერლინის კედლის დაცემის მეოცე წლისთავს იზეიმებს. არჩევნების შედეგი მერკელს და მის კონსერვატორულ პარტიას საშუალებას აძლევს დაასრულონ ოთხწლიანი მოუხერხებელი პარტნიორობა სოციალ-დემოკრატებთან და სასურველ პარტნიორს - თავისუფალ დემოკრატებს - შეეკრან.

”გერმანიას უფლება აქვს მალე ახალი მთავრობა ჰყავდესო”, - განაცხადა ორშაბათს ანგელა მერკელმა და დასძინა: ”კარგი იქნება, თუ 9 ნოემბერს უცხოეთის მთავრობების მეთაურებს უკვე ახალი მთავრობით დავხვდებიო”. 9 ნოემბერს გერმანია ბერლინის კედლის დაცემის მეოცე წლისთავს იზეიმებს.

კვირას გამართულ არჩევნებში კონსერვატორმა მერკელმა კანცლერობის მეორე ოთხწლიანი ვადა მოიპოვა. კონსერვატორებს და თავისუფალ დემოკრატებს ერთად საპარლამენტო უმრავლესობა ექნებათ. შესაბამისად, დასრულდა კონსერვატორების და მემარცხენე-ცენტრისტი სოციალ- დემოკრატების ოთხწლიანი, დიდწილად, მოუხერხებელი პარტნიორობა. ახლა მერკელი და მისი პარტიის წევრები ტრადიციულ და სასურველ პარტნიორს - თავისუფალ დემოკრატებს - შეეკვრებიან:

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მერკელმა მომავალ ალიანსზე ოპტიმისტურად ისაუბრა:

”ვიცით, რომ გვინდა ეს შესაძლებლობა ამ, ეკონომიკის თვალსაზრისით, რთულ პერიოდში იმისათვის გამოვიყენოთ, რომ გავამყაროთ და შევქმნათ სამუშაო ადგილები, კიდევ უფრო ძლიერად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის ზრდას, როგორც ამას ხშირად ვაცხადებდით წინასაარჩევნო პერიოდში.”

ახლა ამ მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებს რიგ საკითხებზე მოუწევთ შეთანხმება - მათ შორის, გადასახადებზე, შრომის ბაზრის პოლიტიკასა და ბირთვული ენერგეტიკის როლზე ევროპის ამ უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში.

მომავალ მთავრობას მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიძნელეები შეხვდება. სწორედ ამ მთავრობამ უნდა შეამციროს საბიუჯეტო დეფიციტი, შეებრძოლოს მზარდ უმუშევრობასა და საკრედიტო კრიზისს.

ეკონომისტები დადებითად გამოეხმაურნენ არჩევნების შედეგს, რომელიც გერმანიის საფონდო ბირჟაზეც უკვე პოზიტიურად აისახა. ბევრი იმედოვნებს, რომ ახალი, მემარჯვენე-ცენტრისტული, კოალიცია ბაზარსა და თავისუფალ ბიზნესზე უფრო მეტად ორიენტირებულ პოლიტიკას გაატარებს.

ამავე დროს, ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ კოალიციის შესახებ მოლაპარაკება, შესაძლოა, რთულიც აღმოჩნდეს. არჩევნებში მოპოვებული შედეგით შეგულიანებულმა თავისუფალმა დემოკრატებმა, შესაძლოა, კონსერვატორებს მნიშვნელოვანი მოთხოვნები წაუყენონ. არც ის არის ნათელი, მართლა გაატარებს თუ არა მერკელი უფრო რადიკალურ ეკონომიკურ პოლიტიკას. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სოციალ-დემოკრატებთან ერთად ქვეყნის მართვისას მერკელის პოლიტიკა შედარებით მარცხნივ გადაიხარა და გაურკვეველია, თავისუფალ დემოკრატებთან პარტნიორობის დროსაც დარჩება თუ არა ის ამ პოზიციებზე.

ექსპერტები გერმანიის მომავალ საგარეო პოლიტიკაზეც გამოთქვამენ ვარაუდებს. რადიო თავისუფლების

აღმასრულებელი რედაქტორის, ბრიტანელი პუბლიცისტის, ჯონ ო’სალივანის აზრით, ეს პოლიტიკა თითქმის არ შეიცვლება, ვინაიდან ყველა პარტია თანხმდება, რომ გერმანია, საფრანგეთთან ერთად, ევროპის ლიდერი უნდა იყოს, რუსეთთან სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები უნდა ჰქონდეს და ევროპაში ამერიკის მთავარი მეგობარი უნდა გახდეს.

ო’სალივანი წერს, რომ, მაგალითად, საქართველოში, უკრაინაში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ამ პრიორიტეტებმა, შესაძლოა, ეჭვები აღძრას. რუსეთ-გერმანიის მჭიდრო თანამშრობლობა ამ ქვეყნებში, შესაძლოა, გაგებულ იქნეს როგორც ერთგვარი საშიშროება მათი უსაფრთხოებისთვის. შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია კი, ალბათ, კმაყოფილი იქნება, რადგან ახალი კოალიციის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა, სავარაუდოდ, უფრო პროამერიკული და უფრო ენერგიული იქნებაო, წერს ო’სალივანი.


ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ გერმანიის ჯარი დარჩება ავღანეთში - ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში მაინც. მაგრამ, ო’სალივანის ვარაუდით, დროთა განმავლობაში გამოიკვეთება შეუსაბამობა, რომელსაც რუსეთ-გერმანიის თანამშრომლობის ევროკავშირის სხვა წევრებთან ურთიერთობაზე მაღლა დაყენება შეიცავს - თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთის მოთხოვნები, მათი დაკმაყოფილების პარალელურად, სულ უფრო იზრდება.

თუმცა ყოველივე ეს, ცხადია, სამომავლო საქმეებია. კოალიციის შესახებ მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ ახლა იწყება. ორშაბათს კი, არჩევნების მეორე დღეს, გამარჯვებულ პარტიათა ლიდერების განცხადებებში, ძირითადად, საზეიმო და ოპტიმისტური ინტონაციები სჭარბობდა:

”ჩვენ ნაუცბათევად არ ვიმოქმედებთ - სტაბილურად და მიზანმიმართულად ვიმუშავებთ. ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება ის, რაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის არის კარგი. ამას ნამდვილად ვპირდებით გერმანიის ყოველ მოქალაქესო”, - განაცხადა, მაგალითად, თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, გიდო ვესტერველემ.

წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, მერკელის კონსერვატიულ პარტიას ხმათა თითქმის 34 პროცენტი აქვს, მათ მომავალ პარტნიორს, თავისუფალ დემოკრატებს, - თითქმის 15. არჩევნებში ყველაზე მეტად დამარცხებული კი სოციალ-დემოკრატიული პარტიაა. მათ 60 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი - 23 პროცენტი - მოიპოვეს. ახლა ეს პარტია მწვანეებს და მემარცხენეებს შეუერთდება და ოპოზიციაში გადავა.
XS
SM
MD
LG